მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტები ევროპაში - CNN

61cf0a4da6ab7
მარიამ ადამია
02.01.22 00:15
4022
CNN ევროპაში საუკეთესო სამთო-სათხილამურო კურორტების განახლებულ რეიტინგს აქვეყნებს, სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა და ინფრასტრუქტურაც, შესაბამისად, სრულად გამართული, მოწესრიგებული და მომხმარებელზე მორგებულია, თუმცა სანამ შვებულებას დაგეგმავთ, გამოცემა გვაფრთხილებს, რომ მოგზაურობისა და პანდემიის მართვის წესები სწრაფად იცვლება, განსაკუთრებით „ომიკრონის“ შემთხვევების ზრდის ფონზე და შეიძლება ხელი შეუშალოს ზოგიერთი ადგილის გახსნას და არც მათი დახურვაა გამორიცხული.

რეიტინგის ათეულს კიტცბიუელი ხსნის, რომელიც ძველი ავსტრიული სამთ-სათხილამურო კურორტი და დასასვენებელი ადგილია 700-წლიანი ისტორიით. თხილამურებზე სრიალი აქ მე-19 საუკუნეში დაიწყეს. ადგილობრივი ტრასები კი საუკეთესოა სწრაფი დაშვებისთვის, ასევე თავისუფალი სრიალის მოყვარულებისთვის. გლინტვეინისა და დარიჩინის სურნელი კი, მთელს ტერიტორიაზე იგრძნობა, ხოლო განათება და საშობაო სიმღერები კიდევ უფრო მატებს აქაურობას სადღესასწაულო განწყობას. ჩამონათვალში მოხვდა ასევე ავტრიის კიდევ ორი კურორტი ზელ ამ სიე და ალბახი.

რაც შეეხება იტალიას, მონბლანის ძირში მდებარე ისტორიული ქალაქი კურმაიერი დასახელდა წელს საუკეთესოთა რიგებში, თავისი 41-კილომეტრიანი სათხილამურო ტრასით, რომელიც თავგადასავლების მოყვარულებისთვის ნამდვილი სამოთხეა. ცალკე აღნიშვნის ღირსია ვალ გარდენა, რომელიც ასევე იტალიაში, დოლომიტების ცენტრში მდებარეობს. კიოსკები, ზღაპრული საშობაო სოფლები, ჯანჯაფილის ორცხობილების სურნელი, გლინტვეინი და ადგილობრივი ტრადიციები კი მთელს ტრიტორიაზე იგრძნობა და ერთ-ერთი საუკეთესო, ლამაზი და ზღაპრული ადგილია ზამთრის შვებულების გასატარებლად.

სათხილამურო კურორტებს შორის გამორჩეულია ასევე შვეიცარიაში, მატერხორნის მთის მახლობლად მდებარე ცერმატი. კურორტი გამოირჩევა კარგი ეკოლოგიური მდგომარეობით, რადგანაც იქ აკრძალულია საავტომობილო მოძრობა. ცერმატს ახასიათებს ხანძლივი თოვლი და მთების სიმაღლის ცვალებადობა. ასევე შვეიცარიაში მდებარეობს, ავტომობილებისგან სრულად დაცლილი ვენგერი, სადაც მოხვედრა მხოლოდ მატარებლითაა შესაძლებელი.

სიაში ტრადიციულად ხვდება შამონი. 1924 წელს სწორედ აქ ჩატარდა პირველი ზამთრის ოლიმპიადა და დღეს პოპულარული ფრანგული კურორტი იბრძვის სასრიალოდ მსოფლიოს საუკეთესო და ყველაზე ცნობილი ადგილის წოდებისთვის. შამონი მდებარეობს ალპების ყველაზე მაღალი, და ევროპაში სიმაღლით მეორე მთის მონბლანის მახლობლად.

საფრანგეთის კიდევ ერთი მარგალიტი ვალ ტორენსია, რომელიც "მსოფლიოს საუკეთესო სათხილამურო კურორტის" ჯილდოს ოთხგზის გამარჯვებულია, ის აერთიანებს მაღალი კლასის სტუმარ-მასპინძლობას, 2 300 მეტრის სასტარტო სიმაღლეს და ყველა იმ აუცილებელ ელემენტს, რომლებიც ზამთრის, მთისა და სრიალის მოყვარულებს სჭირდებათ.

გარდა ამისა, ჩამონათვალში მოხვდა ფინეთის ლაპლანდიაში არქტიკული წრის ზემოთ მდებარე კურორტი ლევი, სადაც გაყინული ზამთრის პეიზაჟები და დეკემბრის პოლარული ღამის ბინდი მილიონობით ტურისტს იზიდავს ყოველწლიურად. ეს არის ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტი ფინეთში 39-კილომეტრიანი ზოლით, თუმცა სრიალის გარდა ეს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია შობა-ახალი წლის შესახვედრად, რადგან მიღმა სრიალისა აქ შეძლებთ ირმებით გასეირნებას, სანტასთან შეხვედრას და ჩრდილოეთის ციალის ნახვას.