მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საწვავზე ფასის შემცირებას არ ველოდებით - ნავთობიმპორტიორთა გაერთიანება

626bc9b711284
მარიამ ვარადაშვილი
29.04.22 22:00
1537
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე კვირის წინ საწვავის იმპორტიორებს ფასის “კორექტირებისკენ” მოუწოდა. ღარიბაშვილმა რამდენიმე ფაქტორი დაასახელა, რის გამოც ფიქრობდა, რომ ფასი უნდა შემცირებულიყო. მათ შორის მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასის შემცირება და ლარის კურსის დოლართან მიმართებით გამყარება დასახელდა.

„მსოფლიო ბაზარზე საწვავის ფასები შედარებით შემცირებულია, ბარელის ღირებულება 95-100 დოლარამდეა ჩამოსული და ლარიც დოლართან მიმართებით გამყარებულია.

ძვირფასო მეგობრებო და საწვავის იმპორტიორები, მე მაქვს მოლოდინი, რომ გაითვალისწინებთ ჩვენი მოსახლეობის და ქვეყნის მდგომარეობას და რაც შეიძლება მალე მოახდენთ საწვავის ფასების კორექტირებას. ამის თაობაზე არსებობს მოლოდინი, რომ საქართველოში ფასები შემცირდება და რაც უფრო მალე დაიწყება ეს პროცესი, მით უკეთესი იქნება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილი BMG-თან საუბრისას ამბობს, რომ ამ განცხადების შემდეგ ნავთობზე ფასი გაიზარდა, შესაბამისად ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ფასის კლებას არ მოელის.

აღსანიშნია, რომ საერთაშორისო ბაზარზე ბოლო 24 საათში ბარელი WTI Crude-ზე ფასი $106 გაიზარდა, Brent-ის სავაჭრო ფასი კი $109 ფარგლებში მერყეობს. მიმდინარე კვირაში ბარელი WTI Crude-ის ფასი $96-მდეც კი იყო შემცირებული.

“პრემიერის ამ განცხადების შემდგომ საერთაშორისო ბაზარზე ფასი გაიზარდა. იმ პერიოდში მართლა შემცირებული იყო ნავთობპროდუქტებისა და ნავთობის ფასი. მას შემდეგ პოზიტიური დინამიკა რაც გვაქვს, არის ლარის კურსი, რომელიც დოლართან მიმართებით სტაბილურია და მყარდება. რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს, ფასი გაზრდილია. ამიტომ, დღეს ფასის კლებას პირადად მე არ ველოდები”,-ამბობს მთვრალაშვილი.

მისივე თქმით, ნავთობის ბაზარზე არაპროგნოზირებადი ვითარებაა, რაც გამოწვეულია რუსეთის მხრიდან ნავთობის ექსპორტის შემცირებითა და OPEC-ის უარით წარმოება გაზარდოს.

“ეს ყველაფერი ბაზარზე არაპროგნოზირებად და რთულ ვითარებას ქმნის. რაც შეეხება ლარის კურსს დოლართან მიმართებით, აქ პოზიტიური დინამიკა გვაქვს. ფაქტია ლარი მყარდება, რამაც ჩვენს ბაზარზე საწვავზე ფასის დასტაბილურება გამოიწვია. ჩვენთან ფასები უფრო მეტად აღარ გაზრდილა. გარდა ამისა, შედარებით პატარა ბენზისგასამართმა სადგურებმა გარკვეული დროით ფასის შემცირება მოახერხეს. დიდ კომპანიებს, როგორც ფასის შემცირებაზე, ისე გაზრდაზე დაყოვნებული რეაქცია აქვთ ხოლმე. ვითარება არაპროგნოზირებადია, თუმცა არაბრენდირებულ ქსელებში ფასი შემცირდა”,-აცხადებს მთვრალაშვილი.