მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ელექტროსისტემას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს

60b08f702afb9
შოთა ტყეშელაშვილი
28.05.21 10:38
1099
"სახელმწიფო ელექტროსისტემას" ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. კომპანიის რეფორმირების პროცესისთვის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები გახდნენ -  იორგ მათიესი, თეონა მაკალათია, ეკატერინე შავგულიძე, ზურაბ ბექაია და ლეონტინა გალდავა. საბჭოში მათი საქმიანობის ვადად სამი წელი განისაზღვრა.

საბჭოს წევრების შესარჩევად კონკურსი 2021 წლის 2 მარტს გამოაცხადა და მასში მონაწილეობა 174 კანდიდატმა მიიღო. შედეგად, შეირჩა სამეთვალყურეო საბჭოს 5 წევრი.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, ნათია თურნავამ საბჭოს წევრებთან შეხვედრა გამართა. თურნავას თქმით, ახალი საბჭო კომპანიას ფინანსურად უფრო გამართულ ორგანიზაციად ჩამოყალიბებაში დაეხმარება. 

"სახელმწიფო ელექტროსისტემაში სამეთვალყურეო საბჭო საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბდა. საბჭოს წევრებად მაღალი რანგის პროფესიონალები ხანგრძლივი შერჩევის შედეგად შეირჩნენ. ისინი დაეხმარებიან კომპანიას, მის მენეჯმენტს იმაში, რომ „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ჩამოყალიბდეს საუკეთესო კორპორატიული სტანდარტების მიხედვით და უფრო ეფექტურად იმართებოდეს,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“ გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები, კერძოდ, კომპანიამ სრულად დაფარა კრედიტორების წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები და რეაბილიტაციის რეჟიმი 2023 წლის ნაცვლად, 2021 წელს დაასრულა.

სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კომპეტენციაში შედის კორპორაციული სტრატეგიის და წლიური ბიზნესგეგმის შემუშავება, ბიუჯეტის მონიტორინგი. ასევე სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და კომპანიის აღმასრულებელ პოზიციებზე კანდიდატების შერჩევა, დანიშვნა, გათავისუფლება და სახელფასო პოლიტიკის შემუშავება.

ელექტროსისტემის გეგმები:

“სახელმწიფო ელექტროსისტემა” 2021 წლის ბოლოს 200 მილიონი ლარის მოცულობის ახალი ვალის აღებას გეგმავს. ამ ვალდებულების აღებას კომპანია ლარში ნომინირებული ობლიგაციების გამოშვებით გეგმავს. 

BMG-ის კითხვაზე პასუხად თუ რა პროექტების დაფინანსება იგეგმება მოზიდული თანხით, ელექტროსისტემაში პასუხობენ, რომ თანხა, როგორც საოპერაციო საქმიანობის, ასევე საინვესტიციო პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. 

კომპანიის განცხადებით, ახალი ობლიგაცია 5-წლიანი ვადიანობის იქნება. 

2020 წელს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემოსავალი მაღალი ძაბვის ქსელების ოპერირებიდან 138.7 მილიონ ლარს შეადგენდა. ამასთან, სახელმწიფო საწარმოს წმინდა მოგება 22.2 მილიონი ლარი იყო.

2020 წლამდე "სახელმწიფო ელექტროსისტემა" “საპარტნიორო ფონდის” საკუთრებაში იყო, 2020 წელს კი “ესკოსთან” ერთად ელექტროსისტემამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში გადაინაცვლა. ასევე, დასრულდა “რეაბილიტაციის” პროცესიც, რომელიც კომპანიაში 2008 წლიდან მიმდინარეობდა და 118 მილიონი ლარის ვალდებულების გადახდას გულისხმობდა.