სახელმწიფო მიწების მიტაცება სისხლის სამართლის დანაშაული ხდება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი თბილისის მერიას უკვე მზად აქვს და უახლოეს პერიოდში პარლამენტში მისი ინიცირება მოხდება. როგორც თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე ამბობს, აქამდე არსებული კანონმდებლობით ის ადამიანი, რომელიც სახელმწიფო ბალანსზე არსებულ მიწის ნაკვეთზე უკანონოდ შენობას ააშენებდა, მისი 50 000 ლარით დაჯარიმება ხდებოდა.
დაანონსებული ცვლილებების თანახმად კი, დანაშაულის განმეორების შემთხვევაში მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მოხდება.
“დავიწყეთ პარლამენტთან მუშაობა და ვფიქრობთ, რომ ძალიან მალე მოხდება კანონპროექტის დაინიცირება. კანონპროექტის მიხედვით, მიწების მიტაცებასა და მასზე უკანონოდ შენობა-ნაგებობის აშენების შემთხვევაში მკაცრი პასუხისმგებლობა იქნება გაწერილი.
უფრო კონკრეტულად, თუ ასეთი შემთხვევა დადგება და პირი უნებართვოდ განახორციელებს მშენებლობას, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფოს ბალანსზე არსებულ ტერიტორიაზე და ეს ადამიანები არ დაემორჩილებიან ადმინისტრაციული ორგანოების მითითებას მშენებლობის შეჩერებასთან დაკავშირებით, განმეორების შემთხვევაში მოხდება უკვე მათი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
დღეს არსებული რეგულაციებით, მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლება ესეთი ქმედება, თუმცა ფაქტია, რომ ეს პრევენციულ ღონისძიებად ვერ გამოდგა, არ ემორჩილებიან ადამიანები“,-ამბობს თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი სერგო ბირკაძე.
სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 2020 წლის განმავლობაში მუნიციპალურმა ინსპექციამ 100-მდე შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განახორციელა და ადმინისტრაციული ჯარიმებიც გამოწერა იმ პირებზე, რომლებმაც კანონის დარღვევით სახელმწიფოს ბალანსზე არსებული მიწების მიტაცება და მასზე შენობა-ნაგებობების მშენებლობა გადაწყვიტეს.