მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების კორპორატიზაცია იგეგმება - სამინისტრო

617179fda683e
მარიამ ვარადაშვილი
22.10.21 10:37
895
სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში აეროპორტების გაერთიანების რეფორმა იგეგმება. ამის შესახებ BMG-ის ეკონომიკის სამინსტოში განუცხადეს. კერძოდ, სამინისტროს თანახმად, მთავრობა "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მართვის კორპორატიზაციას აპირებს, რომელიც გააუმჯობესებს აღნიშნული კომპანიის მმართველობას და უფრო ეფექტიანს გახდის მის ფუნქციონირებას".

ეკონომიკის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში, მსოფლიო ბანკის რეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსსა და აზიის განვითარების ბანკის ენერგეტიკის მთავარ სპეციალისტ ადნან ტარინს შეხვდა.

“მსოფლიო ბანკთან შეხვედრა ეხებოდა აეროპორტების გაერთიანების კომპანიას, რომელსაც აქვს საკმაოდ დიდი პოტენციალი, გახდეს ფინანსურად უფრო ძლიერი, დამოუკიდებელი და მდგრადი,”-განაცხადა თურნავამ.

აეროპორტების გაერთიანების 100%-იან წილს სახელმწიფო ფლობს. კომპანია 2010 წელს დაფუძნდა და მისი შექმნის მიზანი ქვეყანაში სხვადასხვა სახით და ფორმით არსებული სამოქალაქო აეროპორტების გაერთიანება იყო ერთიანი „ქოლგის“ ქვეშ.

ამ ეტაპზე კომპანია სამ აეროპორტს მართავს - მათთგან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 2019 წელს 873 616 მგზავრს მოემსახურა და პანდემიამდე პერიოდში მგზავრების კუთხით მზარდი სტატისტიკით გამოირჩეოდა. მიმდინარე წლის სექტემბერში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აეროპორტში მგზავრთნაკადის ოდენობა 48%-ით აღდგა და გასულ თვეს აეროპორტი 43 926 მგზავრს მოემსახურა.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებელებს, Covid-19 პანდემიას უარყოფითი გავლენა ჰქონდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების შემოსავლებზე. პანდემიის გამო 2020 წლის თებერვლიდან დაიწყო სამგზავრო ფრენების ეტაპობრივი, ხოლო 21 მარტიდან სრული შეწყვეტა და 2020 წელს აეროპორტებში, მგზავრთა ნაკადი 84.0%-ით შემცირდა 2019 წელთან შედარებით. მგზავრთა ნაკადის ასეთი სოლიდური კლების გამო საავიაციო შემოსავლები წლის დასაწყისში არსებულ გეგმასთან შედარებით 79.5%-ით, ხოლო არასაავიაციო შემოსავლები 42.5%-ით შემცირდა. ჯამურად, კომპანიამ პანდემიის გავლენით დაახლოებით 45 მლნ ლარის შემოსავალი დაკარგა 2020 წელს.

2019 წლის მდგომარეობით კი კომპანიის წლიური შემოსავალი 68 მილიონი ლარი იყო, შესაბამისად, პანდემიის გავლენით ის მნიშვნელოვნად შემცირდა. ამასთან, პანდემიამდე კომპანიის წმინდა მოგება 2 მილიონი ლარი იყო. ჯერ-ჯერობით უცნობია რამდენი მილიონი ლარის ზარალით დაასრულა კომპანიამ 2020 წელს საქმიანობა.


რას გულისხმობს მთავრობის მიერ დააანოსებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა: 

სახელმწიფო საწარმოები საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს ფისკალურ რისკად მიიჩნევა, რადგან მათი უმრავლესობა ზარალიანია. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს გაცხადებული აქვს, რომ კომპანიების რეფორმა უნდა განხორციელდეს, რასაც საქართველოს არაერთ ფინანსური პარტნიორი მოუწოდებს.

ფინანსთა სამინისტრომ საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით შეიმუშავა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის სტრატეგიის პროექტი. პროექტი ეფუძნება OECD-ს, IMF-ის, WB-ს და ADB-ს გამოცდილებებს.

მთავრობამ 7 აპრილის შექმნა სახელმწიფო საწარმოთა რეფორმის საბჭო, რომელიც დაკომპლექტებულია მთავრობისა და პარლამენტის წევრებით.

რეფორმა შედგება 5 ძირითადი სვეტისგან:

კორპორაციული მართვა - გულისხმობს სახელმწიფო საწარმოებში კორპორაციული მართვის სტანდარტების დანერგვას OECD-ის სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად. ამ თვალსაზრისით, უმთავრესია გამჭვირვალე პროცედურებით საწარმოთა სამეთვალყურეო საბჭოების დამოუკიდებელი წევრებით დაკომპლექტება.

ამ მხრივ წარმატებულ მაგალითად მთავრობა საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას ასახელებს და აცხადებს, რომ აქ უკვე დაინიშნა დამოუკიდებელი ბორდი OECD-ის სტანდარტებით.

კომერციულობა, როგორც საწარმოს უმთავრესი მიზანი - დღეს რიგ შემთხვევებში სახელმწიფო საწარმოები საქმიანობას არ ახორციელებენ სრულად კომერციული მიზნების შესაბამისად და ჩართული არიან ისეთ აქტივობებში, რასაც სხვა კერძო სექტორის კომპანია არ განახორციელებდა. სახელმწიფო საწარმოთა უპირველეს ამოცანად უნდა განისაზღვროს მოგებაზე ორიენტირებულობა, იდენტიფიცირდეს და შეიზღუდოს მათი ჩართვა არამომგებიან აქტივობებში, გარდა საჯარო ინტერესების მატარებელი აქტივობებისა, რომელიც სრულად და გამჭვირვალედ უნდა იყოს კომპენსირებული ბიუჯეტიდან.

კონკურენციის ხელშეწყობა - სახელმწიფოს მიერ საწარმოს ფლობა არ უნდა ანიჭებდეს კომპანიას რაიმე სახის უპირატესობას ან უქმნიდეს მას არახელსაყრელ მდგომარეობას. მაგალითად, შესაძლოა საწარმოს საქმიანობის კონკრეტული მიმართულება ხელს უშლიდეს სექტორში კერძო კომპანიის შემოსვლას და მის შემდგომ განვითარებას. ასეთი სახის აქტივობა უნდა გასხვისდეს ან გამოინახოს ალტერნატიული გზები კონკურენტული ნეიტრალურობის დარღვევის აღმოსაფხვრელად.

სახელმწიფო საწარმოთა ფლობის მიზანი, მონაწილეობის ზომის რაციონალურობა - სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიტიკა, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფოს მიერ კონკრეტულ სექტორში საწარმო(ები)ს ფლობის მიზანშეწონილობას.

კორპორაციული მიზნების მართვა - სახელმწიფოს, როგორც აქციონერს უნდა გააჩნდეს გარკვეული ჩარჩო თავისი კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის სამართავად.