მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო ხორბლის ორი თვით სუბსიდირებას განიხილავს - რა სქემაზე საუბრობენ მეხორბლეები?

623c77e08795c
ანუკა ჯოხაძე
24.03.22 22:00
1232
პურის ე.წ სოციალური ფასის დაზღვევის ერთ-ერთი მექანიზმი, რომელზეც მთავრობა კერძო სექტორთან ერთად მუშაობს, ხორბლის სუბსიდირებაა. როგორც მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლევან სილაგავა აცხადებს, მთავრობის მხრიდან შემოთავაზებული სუბსიდირების სქემა ჯერ კიდევ პანდემიის დროს ამოქმედებული სუბსიდირების მექანიზმის ანალოგია, რითაც ე.წ სოციალური პურის ფასის დაჭერა უნდა მოხდეს.

კომპანია "ბარაქას" დამფუძნებლის ინფორმაციით, არსებული შეთანხმების მიხედვით, პირველ ეტაპზე, სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამის 2 თვით ამოქმედებას გეგმავს, ხოლო ხორბლის მოცულობა, რომლის დასუბსიდირებაც იგეგმება, 20 ათასი ტონა იქნება.

“სუბსიდირებაზე უკვე დიდი ხანია ვმუშაობთ, თუმცა დღეს ძალაში არანაირი დადგენილება არაა. როგორც ვიცით, მთავრობის სხდომაზეც ჩანიშნული იყო ეს საკითხი, თუმცა რაღაც მიზეზების გამო გადაიდო. სუბსიდირების სქემას რაც შეეხება, პანდემიის პერიოდში ამოქმედებული სქემა იქნება ახლაც. უბრალოდ ალბათ თანხის და დასასუბსიდირებელი ხორბლის მოცულობა იქნება განსხვავებული. იქიდან გამომდინარე რომ ხორბლის ფასი ბაზარზე მნიშვნელოვან რყევებს განიცდის და ძვირდება, ასევე ვალუტის კურსიც მერყეობს, ყოველკვირა სხვადასხვა მოცემულობის წინაშე ვდგებით. ამიტომაც დღეს, რომ გარკვეულ მოცემულობაზე შევთანხმდეთ, ეს შეიძლება 1 კვირის შემდეგ არაფრის მომცემი არ იყოს. შესაბამისად, ალბათ კონკრეტული მოცემულობიდან გამომდინარე ძალიან მალე უნდა მოხდეს ხორბლის შესყიდვის დაკონტრაქტება. ეს პროცესი საკმაოდ გაწელილია. ამ ეტაპზე საუბარი მხოლოდ 2 თვის ჭრილში 20 000 ტონა ხორბლის სუბსიდირებაზე მიმდინარეობს”, - ამბობს კომპანია “ბარაქას” დამფუძნებელი ლადო ბიძინაშვილი.

მეხორბლეები სახელმწიფოს მხრიდან მორიგი სუბსიდირების მექანიზმის ამოქმედებას უკვე ელოდებიან. მათი ინფორმაციით, სავარაუდოდ უახლოესი მთავრობის სხდომაზე აღნიშნული პროგრამა წარმოდგენილი იქნება.

ცნობისთვის, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ აგრარული კომიტეტისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხორბლის იმპორტის სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საანგარიშო პერიოდში, 2020 წლის 3 მარტიდან 30 სექტემბრამდე პერიოდში გაფორმდა 7 ხელშეკრულება და სუბსიდირებული პროდუქტის (ხორბალი) ჯამურმა მოცულობამ 40,000 ტონა შეადგინა, ხოლო გაცემული სუბსიდიის ოდენობა 4,523,822 ლარია.

განხორციელდა ხორბლის ფქვილის სუბსიდირებაც. ამ შემთხვევაში პირველი ეტაპის ფარგლებში 2020 წლის დასაწყისიდან 31 მარტის მდგომარეობით, 6 კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული სუბსიდირებული ფქვილის მოცულობამ შეადგინა 19,200 ტონა, ხოლო სუბსიდიის ჯამურმა ოდენობამ - 3,812,000 ლარი (აქედან, სუბსიდირება გაცემულია 13,817 ტონა ფქვილზე 2,740,739 ლარის ოდენობით, სუბსიდია მიიღო ექვსმა კომპანიამ);

ფქვილის სუბსიდირების მეორე ეტაპის ფარგლებში: 2021 წლის დასაწყისიდან 31 მარტის მდგომარეობით, 7 კომპანიასთან გაფორმდა ხელშეკრულება. ხელშეკრულებით განსაზღვრული სუბსიდირებული ფქვილის მოცულობამ შეადგინა 20,000 ტონა, ხოლო სუბსიდიის ჯამურმა ოდენობამ – 5,969,500 ლარი (აქედან, სუბსიდირება გაცემულია 9,352 ტონა ფქვილზე 2,792,720 ლარის ოდენობით, სუბსიდია მიიღო ექვსმა კომპანიამ).