მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფოს მიერ 51%-ის ფლობის პირობებში ანაკლიისთვის სერიოზული ინვესტორის მოძიება აბსურდულია - ADC

639822be88a6c
ვიქტორია მღებრიშვილი
13.12.22 10:54
496
ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) შეფასებით, ანაკლიის პორტში სახელმწიფოს მიერ 51%-იანი საკონტროლო პაკეტის აღების პირობებში სერიოზული კერძო ინვესტორის მოძიება აბსურდულია.

აღნიშნულის შესახებ ADC განცხადებას ავრცელებს, რომლითაც პრემიერ-მინისტრის მიერ 12 დეკემბერს მთავრობის სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება.

ანაკლიის განვითარების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ მთავრობის სხდომაზე ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა ანაკლიის პროექტსა და მის წარსულ ისტორიაზე არაერთი მცდარი ინფორმაცია გააჟღერა. კონსორციუმში თვლიან, რომ მან ასევე წარმოადგინა პროექტთან დაკავშირებული სამომავლო გეგმა, რომელსაც წარმატება არ უწერია.

„გვინდა, პრემიერ-მინისტრს შევახსენოთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის მიმდინარეობს საარბიტრაჟო დავა ჟენევის საერთაშორისო სავაჭრო პალატაში. მას მოუწევს პასუხისგება დღეს გაკეთებულ ყველა ცრუ განცხადებაზე“, - ნათქვამია.

ADC-ში აცხადებენ, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ყველაზე დრამატულად მცდარსა და შეცდომაში შემყვანს პუნქტებს ეხებიან.

„მოსაზრება, რომ ქართულმა სახელმწიფომ შეიძლება მოძებნოს სერიოზული კერძო ინვესტორი ანაკლიის პორტისთვის, მაშინ როცა გეგმავს პროექტში 51%-იანი საკონტროლო ინტერესის აღებას, აბსურდულია. ეს არის კორუფციული და მოტყუებული პრივატიზაციისა და კონცესიის პროცესი, რომელიც სცადეს საქართველოში და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში 1990-იან წლებში. მაშინ ეს ვერ მოხერხდა კორუფციის რისკის გამო და იგივე იქნება ახლაც. უფრო მეტიც, არც ერთი სერიოზული ინვესტორი და არც ერთი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი არ მიიღებს მონაწილეობას და არ გასცემს სესხს მსგავს მსხვილ პროექტში, თუ მას უმრავლესობით აკონტროლებს სახელმწიფო, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ საქართველოს სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის არაერთ ბიზნეს საქმეში დემონსტრირებულ არასანდოობას.

სავსებით ნათელია, რომ მთავრობამ ვერ შეძლო სათანადო ინვესტორის ან პორტის ოპერატორის მოძიება, რომელსაც სურს განახორციელოს ეს პროექტი მიმდინარე საარბიტრაჟო დავის ფონზე და პოლიტიზებული ქართული სასამართლო სისტემის პირობებში, რომლის რეფორმირებაც მთავრობამ ვერ შეძლო“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ADC-ში დაუჯერებლად მიაჩნიათ, ასევე, ანაკლიის პორტის პროექტში მთავრობის მიერ 300 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ნაღდი ფულის სახით ბიუჯეტიდან ან სხვა სახელმწიფო სახსრებიდან ჩადებას, რამეთუ, სახელმწიფომ ADC-თვის პორტის ასაშენებლად საჭირო დაფინანსების მოპოვების ხელშეწყობაში 50 მილიონი დოლარის გარანტიის სახით (არა ნაღდი ფულის) გაცემაზეც კი უარი თქვა.