მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-მა 15-წლიანი სავალუტო იპოთეკური სესხები აკრძალა - მაქსიმალური პერიოდი 10 წელი იქნება

61b073ed8e038
შოთა ტყეშელაშვილი
08.12.21 12:56
8664
საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, უცხოურ ვალუტაში აღებული იპოთეკური სესხების მაქსიმალური დასაშვები ხანგრძლივობა 15 წლის ნაცვლად 10 წლით განისაზღრება. ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებაში არის აღნიშნული. ცვლილებები ძალაში 2022 წლიდან შევა. 

ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ სავალუტო იპოთეკების მსესხებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი "არაჰეჯირებულია" და კურსის მერყეობისგან არაა დაცული, რის გამოც მნიშვნელოვანია ამ მომხმარებლის უფლებების დაცვისთვის შესაბამისი ნაბიჯები გადადმა. იპოთეკური სესხების მაქსიმალური ხანგრძლივობის შემცირებით, ეროვნული ბანკი მიზნად ისახავს შეამციროს ახალი იპოთეკების ის წილი, რომლებიც 10-15 წლამდე ვადით იქნებოდა აღებული. 

"ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის გადაწყვეტილებით, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადა 15-დან 10 წლამდე შემცირდება. 2021 წლის აპრილიდან, ეკონომიკის აღდგენისა და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების პარალელურად, უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების ზრდა დაჩქარდა.

არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, ასეთი სესხების წლიური ზრდის ტემპი 2022 წელს 10%-ს მიაღწევს. აღსანიშნავია, რომ მსესხებლების უმეტესობა არაჰეჯირებულია, რაც მათ მაღალ მოწყვლადობაზე მიანიშნებს და, პორტფელის ზომიდან გამომდინარე, ხელს უწყობს ფინანსურ სექტორში სისტემური რისკების დაგროვებას. ეს, ასევე, საფრთხეს უქმნის უძრავი ქონების ბაზრის მდგრადობას. იპოთეკური სესხების ძირითადი ნაწილი ცვლადგანაკვეთიანია, შესაბამისად, სესხებს გაცვლითი კურსის რისკთან ერთად თან ახლავს საპროცენტო რისკი, რომელიც განსაკუთრებით საგულისხმოა მსოფლიო ბაზრებზე აშშ დოლარსა და ევროზე ისტორიულად დაბალი საპროცენტო განაკვეთების პირობებში, საპროცენტო განაკვეთების შესაძლო ზრდის წინაპირობების გათვალისწინებით. უცხოური ვალუტის იპოთეკური სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება აღნიშნულ მოწყვლადობებს შეამსუბუქებს და მსესხებლებისთვის სტრესის შთანთქმის უნარს სესხების დაგრძელვადიანების შესაძლებლობით გაზრდის, რაც ეფექტიანად იქნა გამოყენებული მიმდინარე პანდემიის დროსაც. ასევე, ვადიანობის შემცირება სესხების ამორტიზაციას დააჩქარებს, რაც საკრედიტო რისკებს შეამცირებს და ხელს შეუწყობს დედოლარიზაციას," - ნათქვამია სებ-ის გადაწყვეტილებაში. 

რაც შეეხება სტატისტიკურ მაჩვენებლებს, მაგალითად, 2021 წლის ოქტომბერში საქართველოში ფიზიკურ პირებზე 367 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გაიცა, აქედან 54%, ანუ 198 მილიონი ლარი ლარის იპოთეკებზე მოდიოდა, 170 მილიონი ლარი კი სავალუტო იპოთეკები იყო. ოქტომბერში ახალი იპოთეკების რაოდენობა 5,153 იყო, მათ შორის ლარის იპოთეკების რაოდენობა 4,509-ს შეადგენდა, სავალუტო იპოთეკების კი 644-ს. 

10 წელზე მეტი ვადიანობის ახალ იპოთეკებს შორის ოქტომბერში 121.3 მილიონი ლარის ეროვნული ვალუტის იპოთეკები და 131 მილიონი ლარის სავალუტო იპოთეკები გაიცა. შესაბამისად, 10 წელზე უფრო ხანგრძლივ იპოთეკებს შორის სავალუტო სესხები ჭარბობს. თუმცა, რაოდენობრივად ლარის სესხები 1,572 იყო, სავალუტო სესხები კი 490. 

შეგახსენებთ, 2019 წლის იანვრიდან 200,000 ლარამდე სესხების აღება მხოლოდ ეროვნულ ვალუტაშია შესაძლებელი.