საქართველოს საბანკო ასოციაციის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ძნელაძემ გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში საბანკო სფეროში არსებული უახლესი ტენდენციების შესახებ ისაუბრა და მათ შორის უკანასკნელ პერიოდში იპოთეკური კრედიტების გაძვირებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვასაც უპასუხა. სებ-ის უახლესი სტატისტიკით, რაც აპრილის მაჩვენებლებს ასახავს, ქვეყანაში გაცემული ლარის იპოთეკური კრედიტების განაკვეთი 13.26%-ს შეადგენდა, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში განაკვეთი 1.88 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო.
ალექსანდრე ძნელაძის განცხადებით, ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც ლარის განაკვეთებზე აქვს გავლენა არის ფაქტი, რომ საფინანსო სექტორში ლარის რესურსზე მოთხოვნა გაზრდილია, რაც თავის მხრივ განაკვეთებზეც აისახება. ამასთან, ალექსანდრე ძნელაძე იმედოვნებს, რომ წლის ბოლომდე ეს ტენდენცია შეიცვლება და ლარის კრედიტებზე განაკვეთები შემცირდება.
"როგორც იცით, ბოლო გადაწყვეტილებით კიდევ უფრო მაღლა გაიზარდა ლარში სესხების გაცემის ზღვარი. აქედან გამომდინარე, უმეტესი სესხები, ანუ უფრო მეტი რაოდენობის სესხები, პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე ლარში გაიცემა. საფინანსო სექტორის მხრიდან ლარზე საკმაოდ მაღალია მოთხოვნა. უამრავი ფაქტორია, რამაც ეს განსაზღვრა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის უკანასკნელ პერიოდში, ლარის გარკვეული რესურსის გადაკონვერტირება უცხოურ ვალუტაში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დაკრედიტების ზრდის ტემპი შედარებით ნაკლებია, მაგრამ ეს მოსალოდნელიც იყო, იმიტომ რომ ეს წლის დასაწყისში ხდება ხოლმე - ახალი წლისთვის იმპორტის ზრდა ხდება. შემდეგი ეტაპი არის დივიდენდების გადახდის პერიოდი, რაც გარკვეულწილად უფრო ამცირებს ანგარიშებზე ლარის მოცულობას. ამ თვალსაზრისით ამ ყველაფერმა მოახდინა რეაგირება,"- განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.
ცნობისთვის, 2025 წლის 4 თვეში ქართულმა ბანკებმა 1.28 მილიარდი ლარის ახალი იპოთეკური კრედიტები გასცეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26 მილიონი ლარით ნაკლებია. რაც შეეხება კრედიტების რაოდენობას, ის 14,648-ს შეადგენდა, რაც წინა წელთან შედარებით 17%-ით არის შემცირებული.
იპოთეკური დაკრედიტების პორტფელის ზრდის დაბალი ტემპის გამო, 26 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მის შედეგად სესხში შესაძლებელი გახდა პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კრედიტი, ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%-ს, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა.