მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

საბანკო ასოციაციაში უახლოეს პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის შემცირებას არ ელიან

ძნელაძე თურნავა

საქართველოს საბანკო ასოციაციაში უახლოეს პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის შემცირების მოლოდინი არ აქვთ. ამის შესახებ გაერთიანების პრეზიდენტმა ალექსანდრე ძნელაძემ „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ დღეს არსებული ინფლაციის მაჩვენებელი მტკივნეულია და მპკ-ს გადაწყვეტილებებზე პირდაპირ აისახება.

„ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება, ერთადერთი გამოწვევებთან მიმართებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ინფლაციის მაჩვენებელი წინა პერიოდთან შედარებით მაღალია, ეს ვოლატილობა მოსალოდნელიც კი იყო, რადგან 2022 წელს იყო მაღალი ინფლაციის მაჩვენებელი, რის შემდეგაც 2023 წელს გარკვეულ პროდუქტებზე ფასების შემცირება მოხდა, შედარებით სტაბილური პერიოდის შემდეგ ველოდებოდით ამას. მაგრამ მიზნობრივ მაჩვენებელთან მკვეთრი განსხვავება არ გვაქვს. ინფლაციის ეს მაჩვენებელი მტკივნეულია, რადგან პირდაპირ აისახება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას უახლოეს პერიოდში არ უნდა ველოდოთ, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ კურსის ცვალებადობა ამაში ასახული არ არის და უახლოეს მომავალშიც არ ველით“, - განმარტა ძნელაძემ.

საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენის გარდა, საფინანსო სექტორში წელს სხვა გარიგებებს არ ელიან.

„საბანკო სექტორი შედარებით მშვიდი პროცესით უნდა განვითარდეს. წლის ბოლომდე არანაირ მკვეთრ მოძრაობას არ ველოდებით“, - აღნიშნა მან.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სექტემბერშიც რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად მეთორმეტედ დატოვა. 2024 წლის 22 მაისის შემდეგ განაკვეთი 8%-ზე ნარჩუნდება. „2025 წლის აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში ფასების საერთო დონე წლიურად 4.6 პროცენტით გაიზარდა. მიზნობრივ, 3-პროცენტიან, მაჩვენებელთან შედარებით ინფლაციის ზომიერ ზრდას ძირითადად სურსათის ინფლაცია განაპირობებს, რომელიც მაღალი მერყეობით ხასიათდება“, - აღნიშნავენ ეროვნულ ბანკში.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2025 წლის 5 ნოემბერს ჩატარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები