საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეროვნული ვალუტის მკვეთრ გაუფასურებას ეხმაურება და აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია ნეგატიური მოლოდინების განეიტრალება, რისთვისაც სავალუტო ბაზარზე ეროვნული ბანკის აქტიურად ჩარევა სასარგებლო იქნება.
ბიზნეს ასოციაციაში აღნიშნავენ, რომ კერძო სექტორისთვის ლარის გაცვლითი კურსი ერთ-ერთი უმთავრესი საკითხია.
"ასოციაცია მუდმივად აკვირდება სავალუტო ბაზარზე არსებულ კონიუნქტურას ვინაიდან, როგორც მრავალჯერ აღგვინიშნავს, ასოციაციის წევრების აბსოლუტური უმრავლესობის ფინანსური მდგრადობა პირდაპირ არის დამოკიდებული ეროვნული ვალუტის კურსის სტაბილურობაზე.
ამასთან, საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ვაცნობიერებთ იმ ურთულეს მდგომარეობას, რომელიც ჩვენს რეგიონში შეიქმნა რუსეთის ფედერაციის უკრაინაში შეჭრისა და ბრუტალური ომის დაწყების გამო.
ცხადია, უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების გაცვლითი კურსების ვარდნა, დაწესებული სანქციები, ექსპორტის სავარაუდო შემცირება თუ სხვა, მნიშვნელოვან რისკებს შეიცავს ლარისთვის. თუმცა, არსებულის ფონზე, ასევე ადგილი აქვს ე.წ. ნეგატიურ მოლოდინებს, რომელიც, კიდევ მეტად აძლიერებენ დღეს არსებულ შოკებს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ბაზრის მონაწილეთა დამშვიდება, რაც არსებულ ვითარებაში შიდა სავალუტო ბაზარზე მხოლოდ უცხოური ვალუტის საკმარისი ოდენობის დროული მიწოდებით შეიძლება განხორციელდეს.
აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ეროვნულმა ბანკმა უნდა იმოქმედოს გონივრულად და მართებულად და აქტიურად ჩაერიოს სავალუტო ბაზარზე: ქვეყნის ცენტრალური ბანკი ვალდებულია გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი და მაქსიმალურად აგვარიდოს თავიდან ლარის გაუფასურება, რაც ისედაც ესოდენ რთულ ვითარებაში კიდევ უფრო მძიმე ტვირთად დააწვება მომხმარებლებს, კომპანიებსა და მთლიანობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას,"- ნათქვამია BAG-ის განცხადებაში.
Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ამჟამად ერთი დოლარი 3.41 ლარი ღირს. 7 თებერვალს კურსი უკვე 6 თეთრით გაუფასურდა.
საქართველოს ეროვნულ ბანკს 2022 წელს ჯერ სავალუტო ინტერვენცია არ განუხორციელებია. 2021ში კი სებ-მა 9 ინტერვენციით 332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.




























