მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სებ-ს უნდა ჰქონდეს მაღალი დამოუკიდებლობის ხარისხი არამხოლოდ მთავრობის, არამედ ბიზნესისგანაც - გილაური

იკა გილაური

საქართველოს ექსპრემიერი ნიკა გილაური გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტერვიუში აღნიშნავს, რომ ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო რეზერვების იმ მოცულობით ხარჯვა, რაც ოქტომბერში განხორციელდა, ქვეყნის ეკონომიკისთვის მნიშვნელოვან რისკებს ატარებს. გილაური BMGtv-ის გადაცემაში "ანალიტიკა" აღნიშნავს, რომ დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასებით, დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მთავრობისგან დამოუკიდებლობის ხარისხი საკმაოდ დაბალია.

სებ-ის მიერ ოქტომბერში განხორციელებული სავალუტო ინტერვენციები დადებითად შეაფასა საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ, კითხვაზე უნდა იხელმძღვანელოს თუ არა სებ-მა ინტერვენციების განხორციელებისთვის ბიზნესის მოწოდებებით, ნიკა გილაური აღნიშნავს, რომ სებ-მა დამოუკიდებლობა უნდა დაიცვას არამხოლოდ მთავრობისგან, არამედ ბიზნესისგანაც.

"ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის ხარისხი უნდა იყოს მაღალი არამხოლოდ მთავრობისგან, არამედ კერძო სექტორთან დამოკიდებულებაშიც და შესაბამისად ასეთი განცხადების გაკეთება არ არის მართებული ნამდვილად. სებ-ის გადასაწყვეტია როდის და რა მოცულობით ჩაერევა ბაზარზე. თუ სებ-ი ამას კერძო სექტორს უსმენს მაშინ ეს კითხვის ნიშნებს ბადებს, ისედაც არ აქვს დღეს სებ-ს დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი, თუ გავითვალისწინებთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის განცხადებებს და თუ გავითვალისწინებთ იმ გადაწყვეტილებას რაც სებ-მა სანქციებთან დაკავშირებით მიიღო, თუ გავითვალისწინებთ Fitch-ის განცხადებას, თუ გავითვალისწინებთ სხვა არაერთი დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადებასაც სებ-თან მიმართებით, დღეს მისი დამოუკიდებლობის ხარისხი არის ძალიან დაბალი და ის თუ კერძო სექტორს უსმენს მაშინ კიდევ უარესი,"- განაცხადა ნიკა გილაურმა.

საპირისპირო განცხადება გააკეთა რამდენიმე დღის წინ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ თუკი სებ-ი წარსულში BAG-ის მოწოდებებს არ ითვალისწინებდა, ახლა მისი მიდგომა შეცვლილია.

"ეროვნულ ბანკს იმიტომ აქვს რეზერვები, რომ თანადროულად უნდა ჩაერიოს და არ უნდა დააგვიანოს, რადგან დაგვიანების შემთხვევაში, სებ-ი უფრო მეტ რეზერვს გაყიდის, ვიდრე ის გაყიდდა, თავიდანვე რომ ჩარეულიყო და კარგია, რომ ეს ასე ხდება. ბოლო პერიოდია, სებ-ი რეზერვებს თავის დროზე ყიდის, ადრე ეს ასე არ იყო და არც გვიჯერებდნენ. ახლა, რამდენიმე წელია თავის დროზე ერევა ეროვნული ბანკი სავალუტო ბაზარზე და როგორც კი ლარის კურსის გაუფასურებას თავიდან აიცილებს, მალე იწყებს უკან დოლარების შესყიდვას.

დარწმუნებული ვართ, რამდენიმე კვირაში სებ-ი ისევ დაიწყებს იმ თანხის უკან შესყიდვას, რაც გაყიდა და ისევ შეავსებს სავალუტო რეზერვებს", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოს სავალუტო რეზერვები რეკორდული მოცულობით, 627 მილიონი დოლარით, 4.08 მილიარდ დოლარამდე შემცირდა, რაც ყველაზე მკვეთრი ერთთვიანი ვარდნაა. სულ ოქტომბრის განმავლობაში სებ-მა 543 მილიონი დოლარის სავალუტო ინტერვენციები განახორციელა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები