25.ივნისი .2022 22:09

სექტემბერში "ზუგდიდი მოლი" გაიხსნება - სავაჭრო ცენტრის 90% უკვე გაქირავებულია

სექტემბერში "ზუგდიდი მოლი" გაიხსნება - სავაჭრო ცენტრის 90% უკვე გაქირავებულია
views 18519
უკან

“ზუგდიდი მოლი” პირველ მომხმარებელს მიმდინარე წლის სექტემბრიდან უმასპინძლებს. ერთსართულიანი სავაჭრო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია.

ზუგდიდი მოლში, რომლისთვისაც დეველოპერული კომპანია "ბლოქსი" 26 მლნ ლარის მოცულობის ინვესტიციას ახორციელებს, ქსელური ოპერატორები იქნებიან წარმოდგენილები. მულტიფუნქციური სავაჭრო ცენტრის საერთო ფართი 15 000 კვადრატულ მეტრს მოიცავს.

აღსანიშნია, რომ სავაჭრო ცენტრის კონცეფციაზე Cushman & Wakefield-მა და კომპანია "ბლოქსიმ" ერთობლივად იმუშავეს. ამასთან, Cushman & Wakefield სავაჭრო ცენტრების ფართების გაქირავების კამპანიას ექსკლუზიურად ხელმძღვანელობს და “ზუგდიდი მოლის” მშენებლობის ზედამხედველობას უზრუნველყოფს.

როგორც Cushman & Wakefield-ის სავაჭრო მიმართულების ხელმძღვანელი გვანცა ფოცხვერია bm.ge-სთან აღნიშნავს, ამ დროისთვის მოიჯარეები ფართებს იბარებენ და სავაჭრო ცენტრის 90% უკვე გაქირავებულია. მისივე თქმით, პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ადგილობრივების დასაქმება და რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებაა.

“ფართებს მოიჯარეები უკვე იბარებენ. უახლოეს პერიოდში სარემონტო სამუშაოებს დაიწყებენ და სექტემბერში ზუგდიდი მოლი უკვე გაიხსნება. საქართველოში მოქმედი ქსელური ოპერატორები იქნებიან წარმოდგენილები, მათ შორის, კარფური, აისიარ ჯგუფი, სააფთიაქო ქსელები, საკვები ობიექტები და ა.შ.

ეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზე პირველი, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია, რომელიც ადგილობრივებს დაასაქმებს და რეგიონის ეკონომიკურ განვითარებაში უდიდეს წვლილს შეიტანს”, - აღნიშნავს Cushman & Wakefield-ის სავაჭრო მიმართულების ხელმძღვანელი.

ცნობისთვის: “ზუგდიდი მოლი” ზუგდიდის ცენტრში, კერძოდ, კოსტავას 28 ნომერში გაიხსნება. სავაჭრო ცენტრის შუაგულში ასწლოვანი ხეებით, 700 კვ.მ.-ის ღია სივრცე მოეწყობა. გარე პერიმეტრზე კი 150 მანქანისთვის განკუთვნილი საპარკინგე სივრცე იქნება.

აღსანიშნია ისიც, რომ "ზუგდიდი მოლის" არქიტექტურულ ნაწილზე კომპანია “გურგენიძე არქიტექტურამ” იმუშავა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა