მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სექტორი ნელ-ნელა ცოცხლდება - „კავკასიის ავტოიმპორტი“

613b35f2ed22f
ინგა მურუსიძე
10.09.21 23:20
1149
ავტომობილებოის დეფიციტი თითქმის აღმოიფხვრა, თუმცა მოთხოვნა მაინც აჭარბებს მიწოდებას, - ამის შესახებ bm.ge-ს „კავკასიის ავტოიმპორტის“ გაყიდვების დირექტორმა, ალექსანდრე ვეკუამ განუცხადა, რომელმაც ავტომობილების ბაზარზე არსებული ვითარება მიმოიხილა.

„ჯერჯერობით ბაზარი ისევ არ არის შევსებული, თუმცა თუ დავაკვირდებით ავტომობილების შემოსვლების სტატისტიკებს, აშაკარად გაზრდილია. ის შესყიდვები, რაც რამდენიმე თვის წინ განხორციელდა, უკვე შემოსულია, ეს გადამუშავდება და ოქტომბერ-ნოემბერში ალბათ მოთხოვნა-მიწოდების სხვაობა შევსებული იქნება. ნელ-ნელა ბაზარი ივსება, თუ ორი თვის წინ დეფიციტი იყო 50%-მდე, დღეს მიწოდება მოთხოვნის სრული მაჩვენებლის 80%-ია“, - განაცხადა ვეკუამ.

მისივე განმარტებით, მოთხოვნის დეფიციტის გაჩენის ერთ-ერთი მიზეზი იყო არასტაბილური გარემო, თუმცა ძირითადი ფაქტორი მაინც თავად მომწოდებლებში ავტომობილების დეფიციტი იყო.

„დეფიციტი გაჩნდა მაგალითად აშშ-ში. იქ ვერ ხდებოდა ავტომობილების შესყიდვა, ფასებმაც მოიმატა, ხოლო მოთხოვნა რჩებოდა. შემდეგ მოხდა ის, რომ სატრანსპორტო, გადაზიდვების კრიზისი გაჩნდა. შესყიდვები მოხდა, თუმცა ტრანსპორტირება გართულდა და მიწოდების ვადები თითქმის ორჯერ გაიზარდა. სტაბილურობის მოლოდინი დიდად ახლაც არ არის. ბაზარი შეეგუა, ადაპტირდა და ჩვეულ რიტმს უბრუნდება, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ყველა პრობლემა მორჩა და ეგ არის“, - აღნიშნა მან.

რაც შეეხება რეექსპორტს, ალექსანდრე ვეკუას თქმით, ამ მხრივ კრიზისი ნამდვილად არ არის და მყიდველები შემოდიან ფიზიკურადაც და ყიდულობენ დისტანციურადაც.

მაგალითად, ვეკუას ინფორმაციით, უკრაინა, ყირგიზეთი, ყაზახეთი და აზერბაიჯანი საკმაოდ ინტენსიურად ყიდულობენ ავტომობილებს. „ახალი ბაზარია ერაყი და წლები დასჭირდება გაყიდვების გაზრდას, მაგრამ თვე არ გავა, რომ 100 მანქანა მაინც არ გავიდეს ჩვენგან. რუსეთშიც გადის ავტომობილები, თუმცა იქ განბაჟება არის ძალიან ძვირი და ამის გამო გაყიდვების ზრდის მოლოდინი ნაკლებად გვაქვს“, - ამბობს ვეკუა.

კიდევ ერთი საკითხი, რაც მომხმარებელს აწუხებს, ფასებია, თუმცა როგორც „ავტოიმპორტის“ წარმომადგენელი ამბობს, ფასები უმნიშვნელოდ გაიზარდა, თუმცა რამდენიმე თვეში ძველ, პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდება.

„ტრანსპორტირების ფასები გაიზარდა აზიიდან, ხოლო ამერიკიდან ძალიან მცირე ზრდაა. მაგალითად ჩვენმა კომპანიამ ავტომობილების ტრანსპორტირების ღირებულება არ გაზარდა. ეს სხვაობა ჩვენს თავზე ავიღეთ, მარჟა მოვიკელით და ფინანსური დარტყმა ჩვენს თავზე ავიღეთ. ჩვენმა მომხმარებელმა ფასების ზრდა ვერ იგრძნო. სხვა კომპანიების შემთხვევაშიც ალბათ ტრანსპორტირება 10%-ით გაიზარდა. ეს საერთო ღირებულებაში ავტომობილების ფასში თამაშობს 1-2%-ში. პიკურ პერიოდში ავტომობილების ფასები გაიზარდა, რადგან აუქციონებზე ფასებმა მოიმატა. ამჟამად აშშ-ში აუქციონებზე ფასები იგივე ნიშნულს დაუბრუნდა, რაც პანდემიამდე იყო. მიმდინარე პერიოდში ჩვენთან ავტომობილები ცოტათი გაძვირებულია, თუმცა 4-5 თვეში პანდემიამდელ ნიშნულებს დაუბრუნდება“, - ამბობს ალექსანდრე ვეკუა.

ჯამში, დარგის წარმომადგენლის თქმით, სექტორი ნელ-ნელა ცოცხლდება და მოლოდინია, რომ შემდეგი კვარტალი ნორმალურად ჩაივლის.