მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კასპში ღორების ფერმა იხსნება, ინვესტიცია ₾10 მილიონზე მეტია

62a045d1c4dd2
მარიამ იზორია
05.06.22 23:59
5077
კასპში, უახლესი გერმანული ტექნოლოგიებით აღჭურვილი ღორების ფერმა „ახალი ფერმა“ გაიხსნება. ინვესტიცია 10 მლნ ლარს აჭარბებს. პროექტი 100 ჰექტარ ტერიტორიაზე ხორციელდება, შენობა კი 9 000 კვადრატულ მეტრზე მოეწყობა.

როგორც bm.ge-ს კომპანია “ახალი ფერმის” დამფუძნებელმა თენგიზ კანდელაკმა განუცხადა, 400 დედა ღორზე გათვლილი საღორე მეურნეობის მშენებლობა, დაახლოებით, სამ თვეში დასრულდება და წლიურად 10 000 ღორს მოაშენებენ.

მისივე თქმით, მშენებლობის დასრულებისთანავე, ფერმაში გასამრავლებლად პირველ სანაშენეებს შეიყვანენ, მომდევნო წლიდან კი პროდუქტს მიიღებენ.

ახალი ფერმა 35 ადამიანს დაასაქმებს, დასაქმებულებს შორის, ძირითადად, უცხოელი სპეციალისტები იქნებიან.

აღსანიშნია, რომ სამომავლოდ ადგილზე სასაკლაოც მოეწყობა და ფერმაში დედა ღორების რაოდენობა 800-მდე გაიზრდება.

„ეს იქნება 400 დედა ღორიანი ფერმა, რომელიც წლიურად 10 000 ღორს მოაშენებს. ფერმის მშენებლობა სამ-ოთხ თვეში დასრულდება. ზუსტი ინვესტიციის თქმა რთულია, თუმცა 10 მლნ ლარს სცდება. მომდევნო წლიდან უკვე პროდუქტის მიღებას შევძლებთ. რეალიზაციის პრობლემა არ იქნება, რადგან ხორცი დეფიციტურია. ძირითად აქცენტს ქსელურ მარკეტებზე გავაკეთებთ, თუმცა არც საკუთარი ობიექტების გახსნას გამოვრიცხავთ.

ძირითადი პრობლემა, რასაც წავაწყდით ამ სექტორში, პროფესიონალი კადრების დეფიციტია. 30 წელი ეს სფერო ხელოვნურად განადგურდა, შესაბამისად, არც პროფესიონალები დარჩნენ, ამიტომ დაწყებული ტექნოლოგიდან ვეტერინარით დასრულებული - ძირითადი კადრი უცხოეთიდან ჩამოგვყავს. შესაბამისი გადამზადების შემდგომ ახალგაზრდებსაც დავასაქმებთ.

სამომავლოდ დედა ღორების რაოდენობას 800-მდე გავზრდით. ადგილზე სასაკლაოსაც მოვაწყობთ“, - ამბობს თენგიზ კანდელაკი.