08.ივლისი .2020 22:00

შალვა ალავერდაშვილი ტურისტული მოსაკრებლის შემოღების ინიციატივით გამოდის - რატომ?

views 2465
უკან

სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელი შალვა ალავერდაშვილი ტურისტული მოსაკრებლის (CITY TAX) დაწესების ინიციატივით გამოდის. როგორც ალავერდაშვილმა BM.GE-ს განუცხადა, აღნიშნული ინიციატივა თავდაპირველდ 2017 წელს პარლამენტის წევრს ბექა ოდიშარიას ჰქონდა, თუმცა, მაშინ ამ გადაწყვეტილების მიღება არ მოხდა.

ახლა კი მისი თქმით, ტურისტებისთვის მოსაკრებლის დაწესება ტურიზმის სექტორის გადარჩენას შეუწყობს ხელს. ალავერდაშვილი ამბობს, რომ ამ დროისთვის მთლიანად ტურიზმის სექტორის ვალის მოცულობა 4,5 მლრდ ლარია. მათ შორის 3 მლრდ არის იურიდიული პირების, ხოლო 1,5 მლრდ ფიზიკური პირების ვალი, რომლებიც ტურიზმის სფეროში არიან დასაქმებულები. მათ შორისაა, გიდები, სასტუმროები, მძღოლები, ტურისტული კომპანიები და ა.შ.

„მოცემულების წინაშე ვდგავართ, რომ 2021 წლის ივნისამდე ამ ფულის გადამხდელი არავინაა. შესაბამისად ახლა ვეძებთ გამოსავალს, როგორ ვიშოვოთ 140 მლნ დოლარი, რაც ბანკებმა მოითხოვეს, რომ ეს სესხები ერთი წლით გადავადდეს. ამისთვის ჩვენი ინიციატივა არის, რომ 140 მლნ დოლარი ვისესხოთ, 25–წლიანი კრედიტი აიღოს ქვეყანამ, რომლის გადახდის წყარო იქნება CITY TAX-ი, რომელიც 2017 წელს იყო ბექა ოდიშარიას კანონპროექტი, და რომელიც მაშინ დროებით შეჩერდა“, – ამბობს შალვა ალავერდშვილი.

ის ასევე აღნიშნავს, რომ ტურისტებისთვის ქალაქის მოსაკრებელი მიღებული და დაწესებულია მსოფლიოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის არის ბაქოშიც და ის არ უნდა აღემატებოდეს დღეში 1–2 ევროს.

„თბილისში საშუალოდ ტურისტი 3,5-4 დღე რჩება, რომ ვიანგარიშოთ წლის განმავლობაში 2 მლნ ტურისტი, რომელსაც მიიღებს ქალაქი, 7 მლნ ევროს შეგროვება თავისუფლად შეიძლება ერთი წლის განმავლობაში ამ მოსაკრებლით. ეს კი მთლიანად ყოფნის 25-წლიან სესხს 140 მლნ დოლარის ოდენობით“, – განმარტა სასტუმროების და რესტორნების ფედერაციის დამფუძნებელმა.

ალავერდაშვილმა ასევე დასძინა, რომ მას შემდეგ რაც მან აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, მალევე დაუკავშირდა თავად ბექა ოდიშარია და გამოთქვა მზადყოფნა, რომ საკითხზე კანონპროექტის განხილვა ხელახლა დაიწყოს.