მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი ზღვის ფსკერზე ახალ ელექტროკაბელთან ერთად, შესაძლოა, ინტერნეტის კაბელიც გავიდეს

605de1dc69a1c
შოთა ტყეშელაშვილი
26.03.21 18:00
5406
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა ამჟამად შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის გაყვანის შესაძლებლობას განიხილავს. პროექტის განხორციელების შემთხვევაში 1195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს უნდა დაუკავშირდეს. პროექტთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტს კომერციული მიმზიდველობა ექნება.

სახელმწიფო ელექტროსისტემაში BMG-ის განუცხადეს, რომ პროექტის განხორციელების აუცილებლობას სწავლობენ. ამასთან კომპანიაში აცხადებენ, რომ განიხილავენ მაღალი ძაბვის კაბელთან ერთად ინტერნეტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის გაყვანასაც. 

ამჟამად “სახელმწიფო ელექტროსისტემაში” ვერ აკონკრეტებენ, რამდენი მილიონი დოლარი შეიძლება დაჯდეს პროექტი და რა წყაროებით დააფინანსებენ მას.

“შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომლის შესწავლაც მიმდინარეობს ამჟამად, მიზნად ისახავს დააკავშიროს საქართველოს და რუმინეთის ელექტროენერგეტიკული სისტემები (უფრო ფართე გაგებით - სამხრეთ კავკასიის და აღმოსავლეთ ბალკანების რეგიონები) შავი ზღვის გავლით. არსებული ტექნიკური კვლევის თანახმად, ეს უნდა იყოს 500-კილოვოლტიანი მუდმივი დენის კაბელი დაახლოებით 1000 მეგავატამდე გამტარუნარიანობით.

პროექტის მიმართ დაინტერესებას უკვე რიგი საერთაშორისო კომპანია გამოხატავს, მაგრამ მიმდინარე ეტაპზე ჩვენ ვმუშაობთ რუმინელ კოლეგებთან ერთად პროექტის სრულყოფილ, დეტალურ კვლევაზე. ამჟამად, პროექტის დამუშავებაში გვეხმარება მსოფლიო ბანკი და USAID/USEA-ს ექსპერტები. საინვესტიციო მოცულობა დამოკიდებული იქნება კვლევის შედეგებზე და ჩართული სახელმწიფოების ურთიერთშეთანხმებაზე”- აცხადებენ კომპანიაში.

სახელმწიფო ელექტროსისტემის თანახმად, ახალი კაბელი საქართველოს ელექტროენერგიის იმპორტ-ექსპორტის და ტრანზიტის უფრო ფართო შესაძლებლობებს მისცემს. ინტერნეტ კაბელის გაყვანასთან დაკავშირებით კი კომპანია აღნიშნავს:

“ელექტროენერგეტიკულ კაბელში შესაძლებელია ინსტალირებული იქნეს ასევე ოპტიკურ-ბოჭკოვანი სადენიც, რომელიც მოგვცემს დამატებით პირდაპირ საშუალებას ტელეკომუნიკაციის/ინტერნეტ-არხის ჩამოსაყალიბებლად. ტექნიკური დეტალები დაზუსტდება კვლევების დასრულების შემდგომ.”

სახელმწიფო ელექტროსისტემა ამჟამად საერთაშორისო დონორების მიერ 446 მილიონი ევროს მოცულობის კრედიტებით დაფინანსებულ პროექტებს აშენებს. ესენია:

1) ელექტროგადამცემი ქსელის გაფართოების ღია პროგრამა 2 (135 მლნ ევრო, KfW );
2) ენერგეტიკის სექტორის ღია პროგრამა (100 მლნ ევრო, KfW);
3) ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი (90 მლნ ევრო, EBRD);
4) გადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტი“ (59 მლნ აშშ დოლარი, მსოფლიო ბანკი)
5) ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და ფინანსური გაჯანსაღების პროექტი (62 მლნ ევრო, მსოფლიო ბანკი).

თუკი წყალქვეშა კაბელის პროექტი განხორციელდა, სავარაუდოდ მისი ღირებულება ზემოთაღნიშნული ენერგეტიკული ქსელების ჯამურ ღირებულებაზე ნაკლები არ იქნება.

2020 წელს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის შემოსავალი 138 მილიონი ლარი, წმინდა მოგება კი 22 მილიონი ლარი იყო.