მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შეიძლება დადგეს მომენტი, რომ იყოს ვაქცინა, მაგრამ მოსახლეობაში არ იყოს მოთხოვნა“ - პროფესორი

60184691b8dc8
თამთა ჯიჯავაძე
02.02.21 00:05
711
მოსახლეობის 60-70% თუ არ აიცრება წლის ბოლომდე, ჩვენ ვერ შევძლებთ პანდემიაზე საუბრის დასრულებას, - ამის შესახებ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნინო მირზიკაშვილმა გადაცემა „საქმის კურსში“ განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია მოსახლეობის იმ 41%-ის ვაქცინაციის მხარეს გადაყვანა, რომლებიც NDI-ს გამოკითხვებით, კორონავირუსზე აცრას არ აპირებს.

„ივნისში, როდესაც NDI-მ ანალოგიური კვლევა ჩაატარა, მაშინ გამოკითხულთა 45% ამბობდა უარს ვაქცინაციაზე, იანვრის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 41%-ია, ანუ 4%-ით გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც ამბობს რომ აიცრება. ეს კარგი ინფორმაცია, რომ რაღაცა დოზით ამ პროცენტის (ვაქცინაციის მოწინააღმდეგეთა) შემცირება ხდება, მაგრამ იმისათვის რომ ეს პროცენტი დრამატულად შემცირდეს, ძალიან აქტიური საინფორმაცია კამპანია არის საჭირო“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.

როგორც პროფესორი ამბობს, ვაქცინაციის ეროვნულ სტრატეგიაში ძალიან კარგად არის გაწერილი ყველა ეტაპი და ნაბიჯი, მაგრამ მეორე საკითხია ამ გეგმის ყველა კომპონენტის წარმატებით დანერგვა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ამ გეგმის წარმატებით განხორციელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ვერ დავასრულებთ პანდემიას.  ყველას როლი ძალიან დიდია - სამოქალაქო სექტორის, მთავრობის, მედიის, იმისათვის რომ აქტიურად ვიმუშავოთ მოქალაქეებთან, რათა მოხდეს მოქალაქეების ვაქცინაცია. იმიტომ რომ შეიძლება დადგეს ის მომენტი, რომ იყოს ვაქცინა, მაგრამ მოსახლეობაში არ იყოს მოთხოვნა, აქედან გამომდინარე საინფორმაციო კამპანიას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ნინო მირზიკაშვილმა.