მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თუ რომელიმე კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას ვერ გაივლის, მაშინ რა ხდება?!" - კითხვები და რისკები

კლინიკები

2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაცია ძალიან დიდი გამოწვევაა - ამ თემაზე BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ილიას უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ჯანდაცვის ექსპერტმა ნინო მირზიკაშვილმა და ექიმმა, ქართველ ექიმთა საერთაშორისო ასოციაციის დამფუძნებელმა ანი ქავთარაძემ ისაუბრეს.

ჯანდაცვის სპეციალისტებს ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთი მთავარი კითხვა კითხვა აქვთ - „თუ რომელიმე კლინიკა საერთაშორისო აკრედიტაციას ვერ გაივლის, მაშინ რა ხდება, განსაკუთრებით რეგიონებში?!“.

საქმე ის არის, რომ 2025 წლიდან კლინიკებისთვის ახალი მოთხოვნები შედის ძალაში. კერძოდ, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო სტანდარტების აკრედიტაციის გავლა სავალდებულო ხდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ პროგრამის დატოვება მოუწევთ.

ჯანდაცვის ექსპერტების აზრით, რეფორმების უწყვეტობა მნიშვნელოვანია, მაგრამ სამედიცინო სექტორის მაქსიმალური ჩართულობის გარეშე, შეუძლებელია, რეფორმა წარმატებით დაინერგოს და პაციენტებზე დადებითად აისახოს.

ნინო მირზიკაშვილი: სამედიცინო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის რეფორმა ისე სწრაფად გამოცხადდა, რომ ბევრი კლინიკის ხელმძღვანელი საქმის კურსშიც არ იყო და ამიტომაც ითხოვდნენ გადავადებას. ეს არის საკმაოდ სერიოზული და ამბიციური რეფორმა; კლინიკებმა ამისთვის მომზადება უკვე დაიწყეს და სხვადასხვა მააკრედიტირებელ ორგანოსთან კონტრაქტები გააფორმეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ საით მივდივართ და რა არის ბოლო - მაგალითად, თუ რომელიმე რეგიონში რომელიმე კლინიკა ვერ მოიპოვებს საერთაშორისო აკრედიტაციას, რისი დიდი ალბათობაც არის, მაშინ რა ხდება?! ეს რეგიონი სერვისების გარეშე რჩება?! ამაზე რა პასუხი აქვს სამინისტროს?! ვფიქრობ, პაციენტი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს ბაზისური სერვისების გარეშე - ეს უნდა იყოს ნებისმიერი რეფორმის ამოსავალი.

ანი ქავთარაძე: 2025 წლიდან, კლინიკებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის გავლა ძალიან დიდი გამოწვევა იქნება. ყველაზე მტკივნეულად რეგიონების საკითხს აღვიქვამ, რადგან ვფიქრობ, მსხვილ ქალაქებში თანამედროვე სტანდარტის სამედიცინო სერვისები მაინც უფრო ხელმისაწვდომია და ამ ობიექტებს უფრო მარტივად შეეძლებათ სტანდარტები დააკმაყოფილონ, რაც რეგიონებისთვის წარმოუდგენელიც მგონია. რა თქმა უნდა, სახელმწიფომ არ უნდა შეაჩეროს სწრაფვა თანამედროვე სტანდარტების დანერგვისთვის, რადგან ეს ყველაფერი პაციენტებისთვის კეთდება, თუმცა ამავდროულად, მიმაჩნია, რომ კლინიკებს აუცილებლად უნდა ჰქონდეთ ხელშეწყობა, განსაკუთრებით რეგიონებში, რომ სტანდარტების დაკმაყოფილება შეძლონ - ეს იქნება ცოდნის გაზიარება თუ ფინანსური რესურსების ჩართვა, რაც მათ საერთაშორისო აკრედიტაციის გავლაში დაეხმარებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები