მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიქმნა რეფორმების და განვითარების საბჭო, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს

606c0e4ea4952
შოთა ტყეშელაშვილი
06.04.21 11:33
1037
საქართველოს მთავრობამ ახალი - "ქვეყნის განვითარების და რეფორმების უწყებათაშორისი საბჭო" შექმნა, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი უხელმძღვანელებს. საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, საბჭოს ამოცანას 2021 წლის 31 მაისამდე ახალი 10-წლიანი სტრატეგიის შექმნა წარმოადგენს და ის სრულად მთავრობის შემადგენლობით არის დაკომპლექტებული. 

ამავე საბჭოს წევრები იქნებიან სებ-ის პრეზიდენტი, თბილისის მერი და ავტონომიური ერთეულების თავმჯდომარეები. 

"განვითარების და რეფორმების საბჭოს მიზანია, არაუგვიანეს 2021 წლის 31 მაისისა, საქართველოს მთავრობას წარმოუდგინოს ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის პირველადი დოკუმენტი.

განვითარების და რეფორმების საბჭო უფლებამოსილია, შექმნას სამუშაო ჯგუფები და ქვეჯგუფები, საჭიროების შემთხვევაში, მიიწვიოს სხვა უწყების/დაწესებულების წარმომადგენლები; ასევე მიიწვიოს შესაბამის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი ექსპერტები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

განვითარების და რეფორმების საბჭოს სამდივნოს ფუნქციას და ტექნიკურ-ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია", - ნათქვამია დოკუმენტში. 

საქართველოს 10-წლიანი განვითარების სტრატეგიის შემუშავება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი პრემიერ-მინისტრად დამტკიცების დროს წარდგენილი ერთ-ერთი ინიციატივაა. ეს მისი პრემიერ-მინისტრობის მეორე სტრატეგიული დოკუმენტია. პირველი დოკუმენტი - სტრატეგია "საქართველო 2020" 2014 წლის ზაფხულში დამტკიცდა. იმის მიუხედავად, რომ მთავრობამ წინა სტრატეგიის შექმნაზე დიდი დრო და რესურსები დახარჯა, მისი ეკონომიკური თავი მიღებიდან რამდენიმე თვეში არარელევანტური აღმოჩნდა, რადგანც 2014 წლის ბოლოს ლარის გაუფასურება დაიწყო, რის შედეგადაც ეროვნულმა ვალუტამ ღირებულების ნახევარზე მეტი დაკარგა, ასევე დაიწყო რეგიონული ეკონომიკური კრიზისი, რამაც 2015-2016 წლებში საქართველოს განვითარება შეანელა. შედეგად, "საქართველო 2020"-ის სტრატეგიული სამიზნე საქართველოს 2020 წლისთვის მშპ-ის 40%-ზე ნაკლები ვალი ჰქონოდა მიუღწეველი აღმოჩნდა. ასევე მიუღწეველი აღმოჩნდა ამ სტრატეგიული დოკუმენტის სხვა არაერთი პუნქტიც.