23.თებერვალი .2021 00:00

შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული ვაჭრობით დაკავებული პირების გაფრთხილება დაიწყო

შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული ვაჭრობით დაკავებული პირების გაფრთხილება დაიწყო
views 9402
უკან

შემოსავლების სამსახურმა ელექტრონული ვაჭრობით დაკავებული პირების გაფრთხილება დაიწყო - ამის შესახებ სოციალურ ქსელში სხვადასხვა ჯგუფებში გაწევრიანებული მომხმარებლები წერენ. სახელმწიფო უწყებიდან კონკრეტული კითხვებით უკავშირდებიან და აფრთხილებენ, რომ თუ ონლაინ ვაჭრობით არიან დაკავებული, გადასახადის გადამხდელად უნდა დარეგისტრირდნენ. შემოსავლების სამსახურის სახელით განხორციელებულმა ზარებმა Facebook-ის მომხმარებლებში დაბნეულობა და კითხვის ნიშნები გამოიწვია. ზოგი ამბობს, რომ პროდუქციას საკუთარი მოხმარებისთვის ყიდულობს და მხოლოდ იმ ნაწილს ყიდის, რომელიც არ სჭირდება, ამიტომ გაუგებარია, რატომ უნდა დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად; ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ პანდემიის პერიოდში ერთადერთი შემოსავალი ონლაინ ვაჭრობაა და სახელმწიფოს მხრიდან ხისტი დამოკიდებულება არასწორია.

გთავაზობთ ამ საკითხთან დაკავშირებულ კომენტარებს სოციალური ქსელებიდან:

მომხმარებელი N1:

“მეც დამირეკეს 2-3 კვირის წინ, არანაირი დახმარება არ მიმიღია სახელმწიფოსგან. საბაჟოზე ხშირად რომ შემოდის ჩვენს სახელზე ნივთები დიდი რაოდენობით, ამიტომ რეკავენ”;

მომხმარებელი N2:

“და რით დამთავრდა ეს დარეკვა, რაიმე კონკრეტული კითხვები დასვეს?”

მომხმარებელი N1

“ამდენ ნივთებს რომ იწერთ, ყიდითო? გვერდი თუ გაქვთ, ხომ იცით, რომ უნდა დარეგისტრირდეთო და ა.შ.”

მომხმარებელი N3:

“მე რომ მაქსიმუმ ორ ნივთს ვიწერ, ისიც, იმიტომ, რომ მინდა კონკრეტულად რაღაც პროდუქტი და დანარჩენი არ მჭირდება? უმეტესობა - 90% არის ჩემნაირი... ე.ი. იმის გამო, რომ “ბიუთი ბოქსიდან” სამი ნივთი გავყიდე, უნდა დამაჯარიმონ?”

პანდემიის პერიოდში საქართველოში ე.წ. ონლაინ ვაჭრობა გააქტიურდა. სოციალურ ქსელში მანამდეც და შემდეგაც შეიქმნა უამრავი ჯგუფი, გვერდი, რომელიც სხვადასხვა ქევყნიდან გამოწერილ კოსმეტიკას, ტანსაცმელს თუ აქსესუარებს სთავაზობს მომხმარებელს.

აუდიტორიული კომპანია “კრესტონ პაპიაშვილის” მმართველი პარტნიორი დავით პაპიაშვილი აცხადებს, რომ საფოსტო გზავნილის მფლობელი გადასახადისგან 3 შემთხვევაშია თავისუფალი: თუ მისი ღირებულება არ არის 300-ლარზე მეტი, თუ მისი წონა არ აღემატება 30 კგ.-ს და თუ საქონელი არ არის ეკონომიკური საქმიანობისთვის განკუთვნილი.

დავით პაპიაშვილი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურს არ უნდა აერიოს ადამიანები, რომლებიც ონლაინ მხოლოდ საკუთარი მოხმარებისთვის ვაჭრობენ და ის პირები, რომლებიც ამით შემოსავლებს იღებენ.

როგორც bm.ge-ისთვის არის ცნობილი, შემოსავლების სამსახური ამ ეტაპზე მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლება.

ინფორმაციას ონლაინ ვაჭრობით დაკავებულ პირებზე შემოსავლების სამსახური სავარაუდოდ, საბაჟო ან საფოსტო გზავნილების მიხედვით იღებს, თუმცა, როგორ ახდენს დიფერენცირებას - ვინ უნდა დარეგისტრირდეს გადასახადის გადამხდელად და ვინ არა - უწყებისგან ამ საკითხებზე განმარტებას BM.Ge ელოდება.