აუდიტორული კომპანია “კრესტონ ჯორჯიას” მმართველი პარტნიორი, დავით პაპიაშვილი მთავრობის მიერ ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიის გამოცხადებას პოზიტიურად აფასებს, თუმცა მიიჩნევს, რომ საგადასახადო დავალიანება იურიდიულ პირებსაც უნდა ჩამოეწეროთ.
როგორც დავით პაპიაშვილმა BMG-ს მთავრობის გადაწყვეტილების შეფასებისას განუცხადა, კითხვა არსებობს გადაწყვეტილების არგუმენტთან მიმართებით. მისივე თქმით, მიზეზი შესაძლოა ფინანსთა სამინისტროს და შემოსავლების სამსახურის არასწორი მიდგომები იყო, რის გამოც არაერთი იურიდიული პირია დავაში, ამიტომ სწორი იქნება ამნისტია მათაც შეეხოთ.
„წინა წლებს რომ გადავხედოთ, საგადასახადო ამნისტიის პირველი ტალღა იყო 2005 წელს, ასევე იყო 2012 წლის შემდგომ. ანუ კავშირში იყო ხელისუფლების ცვლილებასთან და ხაზგასმა ხდებოდა, რომ წინა ხელისუფლების დროს არასწორი, ხისტი მიდგომები იყო. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ წინა ორი ამნისტია ეხებოდა როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებს. რაც შეეხება ამ ამნისტიას, ფიზიკური პირებისთვის დავალიანების ჩამოწერა პოზიტიური მოვლენაა, რადგან ესაა შანსი, მოქალაქეებს მიეცეთ საქმიანობის და ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყების შესაძლებლობა. უბრალოდ კარგი იქნებოდა დასაბუთება მოგვესმინა, რატომ ხდება ეს ყველაფერი. თუ ამნისტიას ვაცხადებთ იმიტომ რომ მიდგომები არასწორი იყო, მაშინ გამოდის, რომ ეს მიდგომები არასწორი იყო იურიდიული პირების შემთხვევაშიც და წინა ამნისტიების მსგავსად, მათაც უნდა ჩამოეწეროთ. თუ არგუმენტი ისაა, რომ ფიზიკურმა პირებმა გააგრძელონ საქმიანობა, ცხოვრება, იურიდიულ პირებს რატომ არ ეძლევათ ამის საშუალება? ბოლო 10 წლის განმავლობაშიც ქვეყანაში საგადასახადო აუდიტის ხარისხი ზოგჯერ უმჯობესდებოდა, ზოგჯერ უარესდებოდა, თუმცა ხისტი მიდგომები, არასწორად დარიცხული თანხები და კანონმდებლობის ორაზროვნება შეიძლება იყოს ამ ამნისტიის მიზეზი. ძალიან ბევრი იურიდიული პირია დავაში. დავალიანების ჩამოწერის არგუმენტი ადეკვატური უნდა იყოს“,- განმარტავს დავით პაპიაშვილი.
მთავრობა ფიზიკური პირების საგადასახადო ამნისტიას აცხადებს - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, ფიზიკურ პირებს სრულად ჩამოეწერებათ 2021 წლამდე დაგროვილი აღიარებული საგადასახადო ვალები და ამ ვალებზე დარიცხული საურავი. ამნისტია 145 ათასი მოქალაქის 590 მილიონი ლარის საგადასახადო დავალიანებას შეეხება.
"საქართველოში დიდი რაოდენობით არიან ფიზიკური პირები, რომლებსაც ერიცხებათ დიდი ოდენობით საგადასახადო დავალიანება და ამის გამო ისინი მოკლებული არიან შესაძლებლობას, რომ აწარმოონ ეკონომიკური საქმიანობა, ამიტომ გადავწყვიტეთ რომ ჩამოვწეროთ შესაბამისი დავალიანებები",- თქვა პრემიერმა.