მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“შემოვლითი რკინიგზის ავტომაგისტრალად გადაკეთებით პროექტის ღირებულება 30-35%-ით გაიზრდება” - პაატა ცაგარეიშვილი

61befbab50ed5
ანუკა ჯოხაძე
19.12.21 23:00
1681
თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტის განვითარებაზე 2013 წლამდე $230 მილიონი დოლარი დაიხარჯა, თუმცა “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობამ დაასკვნა, რომ პროექტი წამგებიანი იყო და მისი განვითარება შეჩერდა, სანახევროდ აშენებული ინფრასტრუქტურა კი დაკონსერვდა.

“საპარტნიორო ფონდის” გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ შემოვლითი რკინიგზის საფუძველზე, შესაძლოა თბილისის შემოვლითი ავტომაგისტრალი აშენდეს. პროექტი კერძო ინვესტორმა უნდა განახორციელოს, რომლის დაინტერესების მიზნითაც დავით საგანელიძეს აქვს ინიციატივა, რომ იმავე კომპანიას გადაეცეს შემოვლითი მაგისტრალის მიმდებარედ გარკვეული უძრავი ქონება, სადაც საცხოვრებელი სახლები აშენდება.

შემოვლითი რკინიგზის პროექტის ჩანაცვლებას არ ეთანხმება “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი, რომელიც ამბობს, რომ სარკინიგზო ინფრასტრუქტურის საავტომობილოდ გადაკეთება პროექტის საწყისი ღირებულების 30-35%-ით გაძვირებას გამოიწვევს.

მისი თქმით, მსგავსი განცხადებების გაკეთების შემთხვევაში აუცილებელია უფრო მეტი არგუმენტაცია, რომელიც რიცხვებით უნდა იყოს გამყარებული. ცაგარეიშვილი თვლის, რომ ფასიანი ავტომაგისტრალის მოწყობა ადგილზე არამომგებიანი იქნება და პროექტის გადაკეთებით ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ მიიღებს.

“რაც შეეხება არსებული პროექტის მოგებიანობას, ამასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები ჩნდება. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ასე მარტივად წარმოუდგენელია რკინიგზის ინფრასტრუქტურის გადაწყობა საავტომობილოზე. გარკვეული გათვლებიც არსებობს, თუნდაც ის გარემოება, რომ რკინიგზის მიწის ვაკისის სიგანე მეტად მცირეა, ვიდრე მარტივი ორზოლიანი საავტომობილო გზის. დაახლოებით 1 კმ-ზე თუ გადავიანგარიშებთ 5-6 მილიონი ლარით მეტი ღირებულების დახარჯვა მოუწევს ინვესტორს. დაახლოებით 30-35%-ით გაიზრდება პროექტის ღირებულება საავტომობილო გზის მოწყობის შემთხვევაში. ეს ძალიან რთულად პროგნოზირებადს ხდის ფინანსურ მოგებიანობას. გამომდინარე იქიდან, რომ რთულია განვჭვრიტოთ საავტომობილო გადამზიდავები რამდენად დაიწყებენ ამ მონაკვეთით სიარულს", - აცხადებს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი.

ცაგარეიშვილი იმასაც ამბობს, რომ სამომავლო პერსპექტივაში ამ ადგილზე შემოვლითი რკინიგზის პროექტის განხორციელება ბევრად უფრო გამართლებულია. მისი თქმით, ავჭალაში სარკინიგზო ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი დასრულებულია, ხოლო სამუშაოების სრულად დასასრულებლად 70 მლნ აშშ დოლარია საჭირო, რომელიც ძირითადად მიმართული უნდა იყოს ლიანდაგისა და ელექტროფიკაციის მოწყობაზე.

“ანაკლიის ნავსადგურის გააქტიურების და ცენტრალურ აზიაში ახალი ტვირთნაკადების ჩასახვის პირობებში ჩვენს რკინიგზას მეტი ფუნქცია მიეცემა და ასეთ პირობებში უპრიანი დავდგებით შემოვლითი რკინიგზის აუცილებლობის წინაშე. მცირე ვადაზე განვსაზღვროთ და დღეს გადავაკეთოთ სარკინიგზო ინფრასტრუქტურა საავტომობილოდ, მივიღოთ მოგება და შემდეგ სამომავლო პერსპექტივაში ისევ რკინიგზის მოთხოვნილება გაჩნდეს, მიმაჩნია რომ არამომგებიანი იქნება", - აცხადებს “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის” დირექტორი პაატა ცაგარეიშვილი.

ცნობისთვის, 2016 წლის ზაფხულში, მაშინდელმა პრემიერმა გიორგი კვირიაშვილმა მიიღო დადგენილება, რომელიც რკინიგზას მოუწოდებდა 4 თვის განმავლობაში მიღებულიყო გადაწყვეტილება თბილისის მერიასთან შეთანხმებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 26 მარტის N497 განკარგულების შესაბამისად მომზადებული საპროექტო-საინჟინრო კვლევის საფუძველზე წარდგენილ თბილისის შემოვლითი რკინიგზის გაუმჯობესებულ პროექტთან დაკავშირებით და დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში 22 თვის განმავლობაში დაესრულებინა პროექტი, თუმცა როგორც დრო აჩვენებს აღნიშნული საინჟინრო კვლევების საფუძველზე პროექტის განვითარება აღარ მომხდარა.