მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

IMF-ის თანხმობის გარეშე ვერც რეფორმირებული საპარტნიორო ფონდი შეძლებს ახალი ვალების აღებას

64a543112affb
შოთა ტყეშელაშვილი
05.07.23 14:59
779
საპარტნიორო ფონდი ახალი სტარტისთვის ემზადება. ორგანიზაციას რამდენიმე თვეში სახელი შეეცვლება და მას “საქართველოს განვითარების ფონდი” ეწოდება. სახელის ცვლილების მიუხედავად, უცვლელი დარჩება ფაქტი, რომ ამჟამად ფონდს არც ახალი პროექტების დაფინანსება და არც ახალი ვალების აღება არ შეუძლია. ამას საქართველოს მთავრობასა და სავალუტო ფონდს შორის არსებული შეთანხმება ითვალისწინებს.

საქმე იმაშია, რომ სავალუტო ფონდის შეფასებით, “საპარტნიორო ფონდის” საქმიანობა სახელმწიფოსთვის ფისკალურ რისკებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, IMF-ის წინა სამწლიანი პროგრამით განისაზღვრა, რომ საპარტნიორო ფონდი არ აიღებდა ახალ ვალებს და არ შევიდოდა ახალი პროექტების დაფინანსებაში. ანალოგიური პირობა ჩაიწერა 2022 წელს მთავრობასა და IMF-ს შორის გაფორმებულ ახალ მემორანდუმში, რომელიც სამწლიანი პროგრამის პირობებს მოიცავდა.

ორშაბათს “საპარტნიორო ფონდმა” საქმიანობის ანგარიში წარადგინა, სადაც ფონდის გენერალურმა დირექტორმა დავით საგანელიძემ განაცხადა, რომ რამდენიმე თვეში ფონდი საქმიანობას ახალი სახელით დაიწყებს და ის იმედოვნებს, რომ პროექტების დაფინანსებასაც შეძლებენ, რომელთა ჯამური ღირებულებაც $200 მილიონს აღემატება.

BMG-იმ ფინანსთა სამინისტროს მიმართა კითხვით შეეძლება თუ არა რეფორმირებულ საპარტნიორო ფონდს ახალი ვალების აღება და პროექტების დაფინანსება - სამინისტროს განმარტებით, ამას IMF-ის თანხმობა ესაჭიროება.

“საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის ფარგლებში, აღებულია ვალდებულება, რომ საპარტნიორო ფონდი არ განახორციელებს ახალ ინვესტიციებს, არ აიღებს ახალ ვალდებულებებს და დასაფინანსებლად არ გამოიყენებს გარე რესურსებს. ეს ვალდებულება აღებულია პროგრამის ფარგლებში და ძალაშია პროგრამის მთელი პერიოდის განმავლობაში, თუ ხელისუფლება და სსფ სხვაგვარად არ შეთანხმდებიან. ამასთან, საპარტნიორო ფონდის რეფორმა ავტომატურად არ აუქმებს ამ ვალდებულებას და დაფინანსებაზე წვდომის აღდგენის საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელი იქნება სსფ-სთან შეთანხმება. რაც შეეხება ბიუჯეტიდან დაფინანსებას - საპარტნიორო ფონდის არც ძველი და არც ახალი მოდელი არ მოიაზრებს საბიუჯეტო რესურსებით ფონდის საინვესტიციო, ან საოპერაციო ნაწილის,”- ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს პასუხში.

თავად “საპარტნიორო ფონდის” შემადგენლობაში ამჟამად აღარცერთი სისტემური სახელმწიფო კომპანია არ ირიცხება. უკანასკნელი კომპანია, რომელმაც ფონდი დატოვა საქართველოს რკინიგზა იყო, რომელიც ფონდიდან 2022 წლის დეკემბერში გამოვიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები