მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დავით საგანელიძის თქმით, რეფორმირებული საპარტნიორო ფონდის დაფინანსების წყაროებს შორის ახალი ვალებიც იქნება

64a330b677929
შოთა ტყეშელაშვილი
04.07.23 00:31
1100
“საქართველოს განვითარების ფონდი” - ასე დაერქმევა საპარტნიორო ფონდს, რომლის რეფორმირებაზეც მთავრობა უკვე წლებია მუშაობს. უკვე მიღებულია შესაბამისი კანონიც, რომელიც “საქართველოს განვითარების ფონდის” მმართველობის სტრუქტურას განსაზღვარვს. დღეს საპარტნიორო ფონდის გენერალურმა დირექტორმა, დავით საგანელიძემ მედიას განუცხადა, რომ ახალი სახელით და შეცვლილი სამეთვალყურეო საბჭოთი ოპერირებას დაახლოებით სამ თვეში დაიწყებენ.

თუმცა, მთავარი საკითხი, ჯერჯერობით ბოლომდე გარკვეული არაა - საქმე ფონდის დაფინანსების წყაროებს შეეხება. საერთაშოროსო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, საპარტნიორო ფონდი სახელმწიფოსთვის ფისკალური რისკების მნიშვნელოვანი წყარო იყო, რის გამოც, ფონდსა და მთავრობას შორის არსებული პროგრამით, საპარტნიორო ფონდს შეეზღუდა როგორც ახალი პროექტების დაფინანსების, ასევე ახალი ვალების აღების შესაძლებლობა. ეს შეზღუდვა ამჟამად არსებული სამწლიანი პროგრამის ფარგლებშიც გრძელდება და ის IMF-სა და მთავრობას შორის გაფორმებულ შეთანხმებაში არის ასახული.

გადაცემა “წერტილის” ეთერში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ მირზა გელაშვილმა განაცხადა, რომ IMF-თან არსებული შეთანხმება, რომ საპარტნიორო ფონდმა ახალი ვალები არ აიღოს, გადახედვას არ ექვემდებარება და ამ პირობას საქართველო შეასრულებს.

BMG-ის კითხვაზე თუ საიდან დაფინანსდება “საქართველოს განვითარების ფონდი” დავით საგანელიძემ ვრცელი პასუხი გასცა. საგანელიძის თქმით, ის იმედოვნებს, რომ IMF-ის პროგრამით დაწესებული შეზღუდვა დასრულდება და ფონდს როგორც ახალ პროექტებში ინვესტირების, ასევე ახალი დაფინანსების მოზიდვაც შეეძლება.

“ფონდი ბიუჯეტიდან დაფინანსებას არასოდეს იღებდა. 2011 წელს ფონდის დაფინანსების წყარო იყო რკინიგზიდან და GOGC-იდან მიღებული დივიდენდები. თუმცა მინდა გითხრათ რომ ბოლო წლების განმავლობაში რკინიგზიდან არ მიგვიღია დაფინანსება. GOGC-იდან მცირე ნაწილი, რადგან თავად მას აქვს განსახორციელებელი მნიშვნელოვანი რეფორმები. ჩვენ ძირითადად ვმუშაობდით საერტაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ვისგანაც დაფინანსებას ვიღებდით და შემდგომ ვუბრუნებდით მათთვის საკმაოდ მაღალი მოგებით. ასეთი რამდენიმე ასეული მილიონია სიმართლე რომ გითხრათ. ასე რომ ბიუჯეტიდან თანხებს არც ახლა არ მივიღებთ. აღარ გვექნება შემოსავლები ჩვენი შვილობილი კომპანიებიდან. ასევე ჩვენ რა კომპანიებშიც ვფლობთ წილს, ზოგან 5%-ს, ზოგან 49%-ს მათგან მივიღოთ დივიდენდები. ასევე ვალდებულებაა, რომ ჩვენმა პარტნიორმა უნდა გამოისყიდოს ჩვენგან ეს წილები და ასეთი კონტრაქტი გვაქვს დადებული. ასე რომ პირველი იქნება ეს შემოსავლები და შემდეგ სხვადასხვა საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობა.

რაც ბრძანა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მან სწორი ბრძანა, დღეს დღეობით არ გვაქვს ახალი ვალდებულებების აღების უფლება, რადგანაც ამჟამად ძალაშია ის შეზღუდვა რაც სავალუტო ფონდს აქვს. სწორეს ეს შეზღუდვა ჰქონდა IMF-ს, რომ ფონდმა არ აიღოს ახალი ვალები, არ განახორციელოს ახალი ინვესტიციები სანამ არ ჩატარდება რეფორმა. რეფორმის დიდი ნაწილი უკვე ჩატრდა. სამი თვის შემდეგ უკვე ბორდი სხვა იქნება, სახელიც კი გამოიცვლება ფონდის. ასე რომ იმედი მაქვს, რომ IMF-ისგან ჩვენ ეს შეზღუდვა აღარ გვექნება.

მიკვირს სამინისტროს პოზიცია, რას ნიშნავს დამოუკიდებელ საფინანსო ინსტიტუტს არ ჰქონდეს უფლება სხვა საფინანსო ინსტტიტუებიდან მოიზიდოს დაფინანსება, თუკი ისინი ენდობიან და აძლევენ. რომელ ქვეყანაშია ასე მსოფლიოში. ეს იქნება ნონსენსი,”- განაცხადა დავით საგანელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები