მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შესაძლო წერტილოვანი აკრძალვები, რომელზეც მთავრობა მსჯელობს

5fa3d718b3cfe
ინგა მურუსიძე
05.11.20 14:34
1920
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის განცხადებით, მთავრობა გეგმავს, გაააქტიუროს ყველა უკვე დადგენილი წესის კონტროლი, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, საჯარიმო სანქციებს გამოიყენებს.

როგორც მაია ცქიტიშვილმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ახლა მთავარია, მობილობის შემცირება, რათა ვირუსის გავრცელება შენელდეს, თუმცა ირწმუნება, რომ მთავრობა სრულ "ლოქდაუნს" არ გეგმავს.

„ყველამ კარგად ვიცით, რომ ვირუსის გავრცელების შესამცირებლად აუცილებელია, მობილობის შემცირება. ჩვენ ეს ვისწავლეთ, ვიცით და ვხედავთ, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები, რომელიც მიმართულია მობილობის შემცირებისა და ვირუსის გავრცელების შენელებისკენ. საბჭო მსჯელობს იმაზე, თუ რა დამატებითი ღონისძიებები და შეზღუდვების დაწესება არის შესაძლებელი, რათა გავუმკლავდეთ ვირუსის გავრცელებას და შევანელოთ ის. ეს შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები - მაგალითად, ღამის საათებში გადაადგილების შეზღუდვა, უქმე დღეებში, ან კვირის ერთ რომელიმე დღეს სხვადასხვა დასახლებებში ტრანსპორტის შეჩერება ან სხვადასხვა სავაჭრო ცენტრების, ბაზრობების, ბაზრების მუშაობის შეჩერება. ეს არის ყველა ის ღონისძიება, რომელიც წერტილოვანია. ყველა გამოყენებული იქნება იქ და იმ დროს, როცა ამის აუცილებლობა დადგება“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

მისივე თქმით, შეზღუდვების დაწესება, მისი ხარისხი და მასშტაბი თითოეულ მოქალაქეზეა დამოკიდებული.

მაია ცქტიშვილი გამოეხმაურა არჩევნების შემდეგ დაწყებულ საპროტესტო აქციებს და ქუჩებში გაზრდილ მობილობასაც. მინისტრის თქმით, მნიშვნელოვანია ყველა პოლიტიკურმა სუბიექტმა თუ აქტივისტებმა თავიანთი აზრი  რეგულაციების დაცვით გამოხატონ.

ამასთან, მედიამ მინისტრს ჰკითხა - მოსალოდნელია თუ არა მორიგი სრული "ლოქდაუნი" ქვეყანაში.

„ჩვენ არ ვგეგმავთ სისტემურ შეზღუდვას, რომელიც მთელი ქვეყნის მაშტაბით დაწესდება. ჩვენთან პოლიტიკური პროცესი არის ძალიან აქტიური და გაზრდილია მობილობა. წერტილოვანი შეზღუდვების ფარგლებში მიზნობრივად, თარგეტირებულად და ეფექტიანი მიზეზ-შედეგობრივი შეზღუდვებით იძულებული გავხდებით შევზღუდოთ მობილობა, სადაც ეს საჭირო იქნება. ამის ფარგლებში შეიძლება,  საჭირო გახდეს გადაადგილების შეზღუდვა საღამოს საათებში, რაც მაგალითად, იმისკენ იქნება მიმართული, რომ რესტორნის დახურვა არ გახდეს მიზეზი, რომ ღონისძება გაგრძელდეს სახლებში“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები