01.მარტი .2021 19:52

შესაძლოა, საქართველომ covax-პლატფორმას უჩივლოს

შესაძლოა, საქართველომ covax-პლატფორმას უჩივლოს
views 2911
უკან

არაა გამორიცხული, საქართველომ covax-პლატფორმას უჩივლოს - აღნიშნული საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „რუსთავი 2“ის გადაცემა „დღის კურიერთან“ ინტერვიუში განაცხადა.

საქმე იმაშია, რომ დღეს ახალი ამბების სააგენტო „ინტერპრესნიუსმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, „კოვაქს პლატფორმა“ განმარტავს, რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა თებერვალში. როგორც სააგენტოს განუცხადეს, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
რაც შეეხება კრიტერიუმებს, რომლებსაც ქვეყანა უნდა აკმაყოფილებდეს, „კოვაქს პლატფორმის“ განმარტებით, „ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა „კოვაქსის პლატფორმიდან“ დოზების მიღება შეძლოს“.

ეკატერინე ტიკარაძე კი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ ამ სტატიის საპასუხოდ, ჯანდაცვის სამინისტრომ დღესვე მიმართა covax-პლატფორმას და მოითხოვეს პასუხი იმაზე, თუ რატომ გაეცა „ინტერპრესნიუსს“ მსგავსი პასუხი.

„ყველა იმ არსებულ წერილობით კომუნიკაციაში, რომელიც ამ პლატფორმასთან დავიწყეთ 18 სექტემბრის შემდეგ, არასდროს მიგვიღია პასუხად, რომ ჩვენ დროული კომუნიკაცია არ გვქონდა ან შეცდომები დავუშვით. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია, გავაკეთოთ დასკვნა, რომ „კოვაქს პლატფორმა“ ერთხელ უკვე მოხვდა მსგავს გაუგებრობაში ბოსნიასთან მიმართებაში, რის გამოც ბოსნიამ ამ პლატფორმას უჩივლა. შესაბამისად, ჩვენ ამ ეტაპზე ჯერ ველოდებით განმარტებებს, რომ მათ უარყონ ეს ბრალდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მისამართით, ხოლო შემდეგ გავაგრძელებთ კომუნიკაციას“, - განაცხადა მინისტრმა.

წამყვანის კითხვაზე - „შესაძლოა, საქართველო მოხვდეს იმ ქვეყნების რიგში, რომელიც „კოვაქს პლატფორმას“ არასწორი ინფორმაციის გავრცელების გამო უჩივლებს“, ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნული არ გამორიცხა.

„გამომდინარე იქიდან, რომ აქ არის რეპუტაციულ რისკებზეც საუბარი, ამასაც არ გამოვრიცხავ; ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური პროცესებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი, გამოყენებულია ჩვენი ოპოზიციური ოპონენტების მხრიდან იმის ესკალაციისთვის, რომ საქრთველოში მოხდეს დიდი პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზაცია და ამას ჯანდაცვის სამინისტრო ნამდვილად არ დაუშვებს და ჩვენ არ გავხდებით იმის მიზეზი, რომ ჩვენმა ოპონენტებმა ისარგებლონ იმით, რაც არაა ჩვენი ბრალი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა