მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შესაძლოა, შეიქმნას კომისია, რომელიც შეისწავლის რამდენად სამართლიანად გადაეცა ნამახვანის ინვესტორს მიწები

604735a985088
შოთა ტყეშელაშვილი
09.03.21 12:46
1140
"შეგვიძლია, შევქმნათ სპეციალური კომისია, სადაც ნდობით აღჭურვილი პირები მიიღებენ მონაწილეობას და გადავხედოთ ამ პროცესს თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ფართობი გადის პროექტის გარეთ, კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ უკან დააბრუნოს,” -  განაცხადა პარლამენტში მიმდინარე საკომიტეტო მოსმენაზე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

მისი თქმით, მთავრობამ ინვესტორს გადასცა მხოლოდ ის ტერიტორიები, რომლებიც უშუალოდ პროექტის განხორციელებისთვის არის საჭირო. ამასთან, ეს მიწები არ არის გათავისუფლებული ქონების გადასახადისგან და "Enka Renewables"-მა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლოატაციის მრავალწლიან პერიოდში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქონების გადასახადი უნდა გადაიხადოს. 

ნათუა თურნავას თქმით, მსხვილ საინვესტიციო პროექტებში მიწების გადაცემის პრაქტიკა აპრობირებულია. მათ შორის დიდი ფართობები გადაეცათ “დარიალი ჰესის” და ანაკლიის პორტის პროექტების ინვესტორ კომპანიებს.

“ეს არ არის მიწების უპირობო გადაცემა. ეს არის პირობა, რომ აშენდება პროექტი და 28-კილომეტრიანი გზა შემდეგ გადაეცემა სახელმწიფოს, რომ ქონების გადასახადი იქნეს გადახდილი. მოვისმინე, რომ გათავისუფლებულიაო და ეს ტყუილია, 120 მილიონი დოლარის ქონების გადასახადს გადაიხდის ამ პერიოდში [ჰესის ექსპლოატაციის პერიოდში].

საინვესტიციო პირობით მიწების გადაცემა მიღებული პრაქტიკაა. არაფერი განსაკუთრებული აქ არ მომხდარა. ჩვენ პროგრამის -  “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში, ეს კონცეფცია გვაქვს, გადავცემთ მიწას და ინვესტორისგან ველით საინვესტიციო პირობების შესრულებას. 1 მილიონი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტებზე არის ეს პრაქტიკა და მით უფრო 800 მილიონი დოლარის პროექტზე არის საუბარი.

რატომ არის მიწების ფართობი დიდი? დიდი მიწა სჭირდება დიდ პროექტს. შეგახსენებთ, რომ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ჩვენ გადავეცით 500 ჰექტარი მიწა და ანაკლიის პროექტი წარმატებით რომ გაგრძელებულუყო, ასევე, გამზადებული გვქონდა 700 ჰექტარი მიწა გრძელვადიანი სარგებლობისთვის გადასაცემად. ენერგეტიკაშიც დიდი მიწა სჭირდება ჰიდრო ნაგებობებს. ესეც ჩვეულებრივი პრაქტიკაა, 2011 წელს “დარიალი ჰესისთვისაც” დიდი ფართობი იქნა გადაცემული. თუ პრობლემა ისაა, რომ ეს არის უცხო ქვეყნის და არა - ადგილობრივი ინვესტორი, ასევე, შეგახსენებთ, რომ ენერგეტიკაში ესეც მიღებული პრაქტიკაა. რიონის ხეობას თუ გავყვებით, “ენერგო პრო ჯორჯიას” აქვს დიდი ფართობები, შაორის, გუმათის, რიონის ტერიტორიებზე... მოიკიდა ეს მიწები კისერზე და გაიტანა ჩეხეთში? არა, მან 6 ათასი ადამიანი დაასაქმა საქართველოში. შეგვიძლია, შევქმნათ სპეციალური კომისია, სადაც ნდობით აღჭუირვილი პირები მიიღებენ მონაწილეობას და გადავხედოთ ამ პროცესს თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე ფართობი გადის პროექტის გარეთ, კომპანიას ვალდებულება აქვს, რომ უკან დააბრუნოს. შეგვიძლია, სხვა მიწების ფართობების შესახებაც, რაც მომავალში უნდა გადაეცეს კომპანიას, ამ გზით ვიაროთ,” - განაცხადა ნათია თურნავამ.

შეგახსენებთ, გასული წლის ოქტომბრიდან ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი “ნამახვანჰესის კასკადის” პროექტს აპროტესტებს.