მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„შოკოტელა“ - ხელნაკეთი შოკოლადი ქართულ ბაზარზე

6067f76a1a840
მარიამ იზორია
03.04.21 23:15
6254
ყოფილი ბორტგამცილებლის პანდემიაში შექმნილი სტარტაპი „შოკოტელა“ - ხელნაკეთი შოკოლადების ბრენდი ქართულ ბაზარზე თებერვალში გამოჩნდა.

ბორტგამცილებელი შოკოლადების დამზადებით საერთაშორისო ფრენების გაუქმების შემდგომ დაინტერესდა. „უმუშევრად დარჩენილმა, გადავწყვიტე შემესწავლა ხელნაკეთი შოკოლადების კეთება და მექცია ბიზნესად“, - უთხრა bm.ge-ის მარიამ კაპანაძემ.

მისი თქმით, მან ონლაინ აკადემიები და შეფები სოციალურ ქსელებში მოიძია, შოკოლადს თეორიულ და მოლეკულურ დონეზე ვებინარებით 6 თვე სწავლობდა და უკვე 14 თებრვალს პირველი ყუთი „შოკოტელა“ ონლაინ გაიყიდა.

„საჭირო ინვენტარი საკუთარი ფინანსებით გამოვიწერე, შეფუთვისთვის მცირე თანხა გამოვყავი. მომზადების პროცესი სახლში სპეციალურად მოწყობილ სივრცეში მიმდინარეობს, სადაც დაცულია ტემპერატურული ნორმები.

ჩემი მიზანია, საქართველოში განსხვავებული შოკოლადის კულტურა დავნერგო, მინდა ჩემი პროდუქტი დახვეწილ გემოსთან და ხარისხთან ასოცირდებოდეს“, - ამბობს მარიამი.

“შოკოტელა“ მომხმარებელს 11 განსხვავებული შიგთავსის, სასურველი ფორმისა და მოხატულობის ბონბონსა და დესერტებს სთავაზობს, ვიზუალური ეფექტისთვის საკვებ ცხიმში ხსნადი საკონდიტრო საღებავებით შეღებილი კაკაოს კარაქია გამოყენებული.

9 ცალიანი შეფუთვის ფასი 30 ლარია. შრომატევადი მომზადების პროცესის მიუხედავად დამფუძნებელს სურს პროდუქტი საზოგადოების თითოეული ფენისთვის ხელმისაწვდომი იყოს.