მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გაყიდვები 200%-ით გაიზარდა" - როგორ ვითარდება შოკოლადის წარმოება საქართველოში?

შოკოლადის წარმოება

საქართველოში შოკოლადის ინდუსტრია წლიდან წლამდე ვითარდება, იზრდება როგორც მომხმარებელთა, ასევე მწარმოებელთა რაოდენობაც. შოკოლადის მწარმოებლები ბოლო წლების განმავლობაში როგორც პროდუქციის რეალიზაციის, ასევე მიღებული შემოსავლის სტაბილურად მზარდ დინამიკას აჩვენებენ.

როგორც შოკოლადის ადგილობრივი მწარმოებელი, კომპანია "Mouth Melters"-ის დამფუძნებელი ერეკლე ლოლაძე BMG-სთან განმარტავს, მხოლოდ ერთწლიან ჭრილში გაყიდვების მაჩვენებელი თითქმის 200%-ით გაიზარდა.

"წინა წელთან შედარებით გაყიდვების მაჩვენებელი დაახლოებით 3-ჯერ გავზარდეთ. გარდა ამისა, აღსანიშნავია ისიც, რომ ადრე მთელი წლის განმავლობაში პროდუქცია სუსტად იყიდებოდა, მხოლოდ წინასაახალწლოდ იყო გაყიდვები, წელს კი ასე აღარაა, მთელი წელი სრული დატვირთვით ვმუშაობთ. ვფიქრობ, ამის მიზეზი ის არის, რომ სწორი სამიზნე აუდიტორია მოვძებნეთ, ვისაც ეს პროდუქტი სჭირდებოდა. ეს ის კომპანიები იყვნენ, რომლებსაც პარტნიორებისთვის ძვირად ღირებული საჩუქრის გაკეთება უნდოდათ და ის ადამიანები, ვინც ასევე სასაჩუქრედ კარგი შეფუთვის მქონე მაღალხარისხიან შოკოლადს ეძებდა", - აღნიშნავს ერეკლე ლოლაძე.

როგორც მწარმოებლები აღნიშნავენ ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი ნაწარმთან დაკავშირებით სკეპტიციზმი გაქრა და ამასთან ქვეყანაში შოკოლადის ჩუქების ტრადიცია დამკვიდრდა. შესაბამისად, ინდივიდუალურ გაყიდვებთან ერთად, კორპორაციული შეკვეთებიც გაიზარდა.

ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, პროდუქციაზე მოთხოვნის ზრდის პარალელურად, ცდილობენ, ყოველწლიურად წარმადობა გაზარდონ. რაც, მათივე თქმით, არა მხოლოდ მოცულობის ზრდას, არამედ უპირველესად ასორტიმენტის გამრავალფეროვნებასა და მომხმარებლებისთვის სიახლეების შეთავაზებას გულისხმობს.

"ხუთი წლის წინ, როდესაც ეს ბიზნესი დავიწყეთ, ბაზარზე ახალი პროდუქტი იყო. ახლა კი დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოველწლიურად გაყიდვების დადებითი დინამიკა ფიქსირდება და მომხმარებლის მიერ მოთხოვნა სულ უფრო მზარდია. ზრდის ეს ტენდენცია როგორც საცალო, ასევე კორპორაციულ გაყიდვების მიმართულებით შეიმჩნევა. ამის შესაბამისად, ჩვენს საწარმოს ახალი ხაზები დავუმატეთ, რათა უფრო მეტი მომხმარებლის მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ", - ამბობს "შიკოლის" დამფუძნებელი, თამთა ბენაშვილი.

"დავამატეთ ორმოცდაათი სხვადასხვა სახეობის შოკოლადის ფილა. ქართულ ბაზარზე მოთხოვნა იმ შოკოლადზე იყო, რომელიც მთლიანი თხილეულითა და კარამელიზირებული თაფლით არის დამზადებული. მსგავსი არომატითა და ინგრედიენტებით ხუთი ახალი სახეობის პროდუქტი გამოვუშვით. ასევე გავაკეთეთ ბაიტსები, ე.წ. შოკოლადის ნატეხები, რაც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ერთი შეფუთვიდან ორმოცდაათი სხვადასხვა სახეობის პროდუქტი გასინჯოს", - ამბობს შოკოლადის მწარმოებელი კომპანია "შოკოტელას" დამფუძნებელი, მარიამ კაპანაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები