მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვეიცარიის ეროვნული ბანკი რეკორდულ $143-მილიარდიან ზარალზეა

63622abdba041
გიორგი თოლორდავა
03.11.22 00:05
875
მიმდინარე წლის პირველ ცხრა თვეში შვეიცარიის ეროვნული ბანკი $143-მილიარდიან ზარალზეა, რაც აღნიშნული საფინანსო ინსტიტუტის არსებობის 115-წლიან ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

ცენტრალური ბანკის (SNB) ზარალი, ბუნებრივია, არა საოპერაციო ხარჯებით, არამედ იმ ფასიანი ქაღალდების, აქციების, ობლიგაციებისა და აქტივების გაუფასურებითაა განპირობებული, რომელსაც ბანკი ფლობს.

SNB-ის წარმომადგენლობის განმარტებით, გლობალური მაკროეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებისა და მსოფლიოს მასშტაბით მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ფონზე, მკვეთრადაა შემცირებული თითქმის ყველა საფონდო ინდექსის და სახაზინო ობლიგაციის ღირებულება, რაც ბუღალტრულ ანგარიშგებაში შვეიცარიის ეროვნული ბანკის საინვესტიციო პორტფელზე ნეგატიურად აისახება.

რეკორდული ზარალის მიუხედავად, რა თქმა უნდა, ეროვნულ ბანკს ლიკვიდურობის კრიზისი ან გაკოტრება არ ემუქრება, რადგან შვეიცარიულ ფრანკზე მოთხოვნა ისევ მაღალ ნიშნულზეა - ის მსოფლიოს რიგით მერვე ყველაზე მოთხოვნადი ვალუტაა. გარდა ამისა, ეროვნული ბანკი ტრილიონამდე დოლარის ღირებულების რეზერვებს ფლობს.