მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ყველაფერი ივანიშვილსა და Credit Suisse-ის დავის შესახებ

ივანიშვილი

მილიარდერ ბიძინა ივანიშვილისა და შვეიცარიული ბანკის, Credit Suisse-ის ურთიერთობა 19 წელს ითვლის; აქედან ბოლო 8 წლის განმავლობაში ივანიშვილი ცდილობს, დაიბრუნოს ის თანხები, რაც მისი ყოფილი პირადი ბანკირის, პატრიკ ლესკადრონის მიერ ჩადენილი თაღლითური ქმედებების გამო დაკარგა.

ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავა იქცა შვეიცარიული ბანკისთვის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე სკანდალად, რომელმაც სხვა სკანდალებთან ერთად, ბანკის რეპუტაციას დიდი დარტყმა მიაყენა. ნეგატიური შედეგების, არასწორი მენეჯმენტისა და არაერთი დავის ფონზე, Credit Suisse-მა 2023 წელს ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა და ის UBS-მა შეიძინა.

ბიძინა ივანიშვილის მიერ 2015 წლის ბოლოს, მისი ყოფილი პირადი ბანკირის მხრიდან თაღლითური ქმედებების აღმოჩენას მოჰყვა სამართლებრივი დავების ინიციირება შვეიცარიაში, ბერმუდის კუნძულებსა და სინგაპურში. ეს დავები მრავალწლიანი განხილვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა მოიგო, მათ შორის ბერმუდის სასამართლომ 2022 წელს მიღებული განაჩენით ივანიშვილს $607 მილიონი დოლარის კომპენსაცია მიანიჭა, ხოლო 2023 წლის ნოემბრის განაჩენით სინგაპურის სასამართლომ ივანიშვილს $743 მილიონი დოლარი მიაკუთვნა. ეს საერთო ჯამში 1,35 მილიარდ დოლარს შეადგენს, თუმცა ორივე განაჩენი Credit Suisse-მა გაასაჩივრა, ხოლო სასამართლოს მათზე საბოლოო განაჩენი არ გამოუტანია. მათ შორის, სინგაპურის ვერდიქტის შესაბამისად, ბანკმა ეს თანხა ესქრო ანგარიშზე განათავსა და მას ივანიშვილი მიიღებს მაშინვე, როგორც კი სასამართლო მის საბოლოო გამარჯვებას დაადასტურებს.

ერთადერთი კომპენსაცია, რაც ივანიშვილმა უკვე მიიღო, უკავშირდება ჟენევის სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებულ განაჩენს, რომლითაც პატრიკ ლესკადრონს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ამავე განაჩენით, ბანკს ივანიშვილისთვის ასევე 130 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დაეკისრა. როგორც ივანიშვილის იურისტებმა 2022 წელს განაცხადეს, აღნიშნული თანხების დაბრუნება Credit Suisse-მა საკმაოდ გააჭიანურა, თუმცა ის სრულად ანაზღაურებულია.

ეს ნიშნავს, რომ ივანიშვილმა უკვე მიიღო 130 მილიონის კომპენსაცია, რასაც უნდა დაემატოს 743 და 607 მილიონი დოლარის კომპენსაციებიც (სინგაპურის და ბერმუდას დავებით). ეს სამი კომპენსაცია საერთო ჯამში 1.5 მილიარდ დოლარს შეადგენს. ამას გარდა, ახლახან ცნობილი გახდა, რომ ივანიშვილი შვეიცარიის იურისდიქციაში კიდევ $200 მილიონი დოლარის კომპენსაციის მისაღებად დავობს. ეს კი მოგებული და მიმდინარე დავების კომპენსაციების მთლიან ზომას $1.68 მილიარდ დოლარამდე ზრდის.

როდის დაიწყო ბიძინა ივანიშვილის და Credit Suisse-ის ურთიერთობა

ბიძინა ივანიშვილისა და Credit Suisse-ის გზები 2004 წელს გადაიკვეთა. ეს ივანიშვილის ჰოლდინგის მიერ დსთ-ის უმსხვილესი რკინის მადნის მომპოვებელი ქარხნის, მიხაილოვსკის სამთო კომბინატის გაყიდვას უკავშირდებოდა. ეს მეტალურგიული ქარხანა ივანიშვილისა და მისი ბიზნესპარტნიორის, ვიტალი მალკინის ჰოლდინგმა ალიშერ უსმანოვზე 1.6 მილიარდ დოლარად გაასხვისა.

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ჰოლდინგის ⅔ ივანიშვილის საკუთრება იყო, მის მიერ მიღებულმა შემოსავალმა 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა.

აღნიშნული გარიგება აღწერილია ბერმუდის სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენში, რომლის თანახმადაც, 2004 წლის ბოლოს მიხაილოვის კომბინატის გასხვისება საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრშიც მოექცა, რა დროსაც ივანიშვილს Credit Suisse-ის წარმომადგენლები თავად დაუკავშირდნენ და მას აქტივების მართვის სერვისი შესთავაზეს.

ივანიშვილი იქამდე საკუთარ აქტივებს დამოუკიდებლად მართავდა, თუმცა მისი ქონების მასშტაბური ზრდის გათვალისწინებით, აქტივების მენეჯმენტის სერვისი დასჭირდა. ბერმუდის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ ერთადერთი აქტივების მმართველი კომპანია, რომელიც ივანიშვილს დაუკავშირდა სწორედ Credit Suisse-ი იყო და ივანიშვილმაც საქმიანი ურთიერთობა სწორედ მათთან გააფორმა.

2005 წლის დასაწყისში შეიქმნა სატრასტო სტრუქტურა, რომელიც ტრასტებს და ურთიერთდაკავშირებული იურიდიული პირების სქემას წარმოადგენდა. აღნიშნული სტრუქტურა იმართებოდა შვეიცარიიდან, Credit Suisse-ის სათავო ოფისიდან, თუმცა ის მოიცავდა ივანიშვილისთვის გახსნილ ტრასტებს ბერმუდაში, ბაჰამის კუნძულებზე, ახალ ზელანდიაში, სინგაპურსა და გერნსში.

ამავე პერიოდში ივანიშვილთან ერთად Credit Suisse-ის კლიენტი გახდა ვიტალი მალკინიც და მათ საერთო პირადი ბანკირი ჰყავდათ. თავდაპირველად ივანიშვილის პორტფელს დარია მიჰაესკო მართავდა, 2006 წლიდან კი, ის პატრიკ ლესკადრონმა ჩაანაცვლა.

ლესკადრონი 1990-იანი წლების განმავლობაში შვეიცარიული ფარმაცევტული კომპანია Yves Rocher-ის მოსკოვის ოფისში მუშაობდა, რუსეთში დაოჯახდა და ენაც ისწავლა, 2004 წელს კი Credit Suisse-ში გადავიდა. ლესკადრონი რუსული ენის ცოდნის გამო მალევე რუსი კლიენტების პირადი ბანკირი გახდა, მათ შორის კი, უმსხვილესი სწორედ ბიძინა ივანიშვილი იყო. ის ასევე მართავდა ვიტალი მალკინის პორტფელსაც.

Credit Suisse-ში ივანიშვილის საინვესტიციო პორტფელი დამატებით გაიზარდა 2005 წელს, რაც მისმა Rosiisky Credit-მა საცალო ბანკინგის სეგმენტი Raiffeisen ბანკის რუსეთის ოფისს 550 მილიონ დოლარად მიჰყიდა. აღნიშნული გარიგებით მიღებული სარგებელი ივანიშვილმა “კრედიტ სუისში” განათავსა.

“პი­რა­დი ბან­კი­რი არ არის ფუ­ფუ­ნე­ბა” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა 2015 წლის ზაფხულში ერთ-ერთ ინტერვიუში და მოქალაქეებს პირადი ბანკირების აყვანისკენ მოუწოდა. აღნიშნული ინტერვიუს დროს მან ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი პირადი ბანკირი ჯერ კიდევ 2007 წლიდან მოყოლებული აყალბებდა მის ხელმოწერას და არაავტორიზებულ ტრანზაქციებს ახორციელებდა.

სინგაპურის სასამართლოს განაჩენის თანახმად, მთლიანობაში აქტივები, რომლებიც Credit Suisse-ის მართვაში იყო 1.8 მილიარდ დოლარს აღწევდა, მათ შორის ივანიშვილის ერთ-ერთი ტრასტის Lynden Management-ს ეკუთვნის პიკასოს, ვან გოგის, მატისის, რენუარის, შაგალის, კანდინსკისა და მოდელიანის ნახატები, რომელთა ღირებულებაც უშუალოდ 2008 წლის მდგომარეობით 573 მილიონ დოლარს შეადგენდა.

როგორ ჩამოიშალა პატრიკ ლესკადრონის თაღლითური სქემა

2015 წლის 12 სექტემბერს ფარმაცევტულმა კომპანია Raptor-მა განაცხადა, რომ ახალი მედიკამენტის გამოცდები წარუმატებლად დასრულდა, რამაც ერთ დღეში კომპანიის აქციების 37%-იანი ვარდნა განაპირობა. აღნიშნული პერიოდისთვის ბიძინა ივანიშვილი და მისი სატრასტო სტრუქტურები კომპანიის 18%-ს ფლობდა, აღნიშნულმა დანაკარგებმა $130 მილიონი შეადგინა. ამას თანდათან მოჰყვა დიდძალი ზარალების გამოაშკარავება, რომლებიც ივანიშვილის ანგარიშებს უკავშირდებოდა. პატრიკ ლესკადრონი დააკავეს, ხოლო 2018 წლის 10 თებერვალს ჟენევის სასამართლომ მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, ბანკს კი, 150 მილიონი დოლარის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ჟენევის სასამართლოს ბრალიდან ირკვევა, რომ თავად ლესკადრონმა კლიენტების ანგარიშებზე წვდომის თაღლითურად მოპოვებით და არაავტორიზებული ოპერაციების განხორციელებით $32 მილიონი დოლარის პირადი სარგებელი მიიღო. ამასთან, ლესკადრონმა ივანიშვილს ჩაადებინა ინვესტიციები ისეთ კომპანიაში (Raptor Pharmaceutical), სადაც ივანიშვილის საინვესტიციო პოზიცია კომპანიის აქციებს აუცილებლად გაზრდიდა, რის პარალელურადაც თავადაც შეიძინა აღნიშნული კომპანიის აქციები.

ბიძინა ივანიშვილისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის შესახებ უფრო მეტი გახდა ცნობილი მას შემდეგ, რაც ივანიშვილმა სარჩელები სხვადასხვა იურისდიქციაში შეიტანა, სადაც მისი იურისტები მსხვილ ზარალებზე მიუთითებდნენ. ბერმუდის კუნძულებზე არსებული ერთი ტრასტის - Sandcay-ის ზარალი 206 მილიონი დოლარი, ხოლო მეორე ტრასტის Meadowsweet-ის ზარალი 348 მილიონი დოლარი იყო. ჯამში, ბერმუდის იურისდიქციაში ზარალი 554 მილიონ დოლარს შეადგენდა, რაც შეეხება სინგაპურის იურისდიქციაში არსებულ ზარალს, ის 260 მილიონი დოლარი იყო. შესაბამისად, ორივე იურისდიქციაში ზარალი 814 მილიონი დოლარი იყო. ზარალის მოცულობაზე ივანიშვილს ბანკმა მხოლოდ 2015 წლის 1 ოქტომბერს აცნობა, მაშინ ბიძინა ივანიშვილის მრჩეველს, გიორგი ბაჩიაშვილს ბანკის წარმომადგენელმა აცნობა, რომ ზარალის მასშტაბს თავადაც აფასებდნენ, თუმცა წინასწარი შეფასებით, ის 700 მილიონ დოლარს აღემატებოდა. ივანიშვილისთვის მიყენებული ზარალის სრული მასშტაბის დათვლას საკმაო ხანი დასჭირდა, რის შემდეგაც მისმა იურისტებმა დაიწყეს სარჩელების მზადება სხვადასხვა იურისდიქციაში.

ივანიშვილის იურისტები ამ ზარალთან ერთად დაობდნენ იმ მიუღებელ შემოსავლებზეც, რომლებიც ტრასტის კეთილსინდისიერი მართვის შემთხვევაში მას ექნებოდა.

პატრიკ ლესკადრონი 2016 წლის იანვარში დააკავეს, ის ჩადენილ დანაშაულს თავიდანვე აღიარებდა, თუმცა მიუთითებდა, რომ დამოუკიდებლად მოქმედებდა და ბანკის არცერთი სხვა თანამშრომელი მის სქემაში ჩართული არ იყო. 2018 წელს ჟენევის სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამასთან, განაჩენით ბანკს ივანიშვილისთვის $130 მილიონის დაბრუნება დაევალა, რაც ლესკადრონის ქონების გაყიდვით და დაყადაღებეული ანგარიშებიდან (რომლებიც ლესკადრონის სხვა კლიენტებს ეკუთვნოდათ) თანხებით უნდა მომხდარიყო, რადგანაც ლესკადრონი სხვა დეპოზიტარების ანგარიშებზე არსებულ ზარალებს ივანიშვილისა და ვიტალი მალკინის ანგარიშების მეშვეობით ფარავდა, რითაც ივანიშვილსა და მალკინს დამატებით ფინანსურ ზიანს აყენებდა.

“შემიძლია ბანკს სერიოზული ზიანი მივაყენო” - ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილმა დავასთან დაკავშირებით საჯარო განცხადება სულ რამდენჯერმე გააკეთა. 2016 წლის ივნისში მან ქართულ მედიასთან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ბანკს მისთვის მიყენებული ზარალი სრულად უნდა აენაზღაურებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათთვის “სერიოზული ზიანის” მიყენება შეეძლო.

“მე არ ვთვლი, რომ ის ფული მე დავკარგე, ის დაკარგა Credit Suisse-მა, რამეთუ კითხვები იქ ჩემს მიმართ არ არსებობს. აქ ყველაფერი გამჭვირვალეა, რომ ანგარიშიდან ფულია მოპარული; ეს ელემენტარულად ბანკმა უნდა გადაფაროს და ბანკმა უნდა გადაიხადოს. მე არ ვიცი, იქ საბოლოოდ რამდენი იქნება თანხა, იქ პროცესი მიდის მუშაობენ ადვოკატები და შეიძლება, გაცილებით მეტი იყოს თანხა, შეიძლება ამდენიც არ იყოს. ყოველივე შემთხვევაში, მე ეს თემა არ მაშფოთებს, რამეთუ Credit Suisse-ს აქვს საშუალება იმისა, რომ თუ მისმა თანამშრომელმა რამე კანონი დაარღვია ამაზე კომპანიამ აგოს პასუხი. მე ვცდილობ, რომ დელიკატური ვიყო და ბანკი არ გავხვიო ამ ამბავში, მეც მქონდა ბანკი, ადრე ბანკირიც ვიყავი და ძალიან ვცდილობ, ბანკი ზედმეტად არ დავაზიანო ჩემი განცხადებებით, თუმცა შემიძლია, სერიოზული ზიანი მივაყენო, თუ ვთქვათ ყველაფერზე ვისაუბრებთ," - განაცხადა ივანიშვილმა.

2017 წელს ივანიშვილმა სარჩელები შეიტანა სინგაპურში, ბერმუდის კუნძულებსა და ახალ ზელანდიაში. ამ ქვეყნებს შორის სასამართლომ ივანიშვილის სარჩელები განხილვაში მიიღო სინგაპურისა და ბერმუდის სასამართლოებმა, სადაც საბოლოოდ ივანიშვილმა გაიმარჯვა და მას სასამართლომ 607 და 743 მილიონი დოლარის კომპენსაციები მიაკუთვნა. თუმცა ეს გადაწყვეტილებები UBS/Credit Suisse-მა გაასაჩივრა და მას ივანიშვილი საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ მიიღებს.

როდის შეიძინა საქმემ პოლიტიკური ელფერი

პოლიტიკური ელფერი ამ საქმეს თავიდანვე ჰქონდა, რადგანაც ის საქართველოს ექსპრემიერის და მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის დეპოზიტებს ეხებოდა.

2022 წლის მარტში ივანიშვილის ადვოკატების სახელით გამოქვეყნდა განცხადება, სადაც საუბარი იყო, რომ გერნსში არსებული სატრასტო სტრუქტურა აჭიანურებდა ივანიშვილისთვის თანხის გადაცემის პროცესს. როგორც ირკვევა, აღნიშნული ტრასტის სადამფუძნებლო წესდების თანახმად, მის ბენეფიციარ მფლობელებს არ ჰქონდათ ტრასტის დაშლის და მისგან თანხის გატანის უფლებები, რისთვისაც მას გერნსში სამართლებრივი დავაც დასჭირდა, რაც 2023 წელს დასრულდა. 2022 წლის ზაფხულში ივანიშვილის ადვოკატებმა Credit Suisse-ი “პოლიტიკური ზეწოლის” გატარებაში დაადანაშაულეს.

ივანიშვილის ადვოკატები მიუთითებდნენ, რომ Credit Suisse-ს ჟენევის სასამართლოს განაჩენის აღსრულებაში დიდი ვადაგადაცილება ჰქონდა, რადგანაც სასამართლოს მიერ დაკისრებული 130 მილიონი დოლარის კომპენსაციიდან მათ აღნიშნული პერიოდისთვის მხოლოდ 80 მილიონი დოლარი ჰქონდათ მიღებული. ეს განპირობებული იყო იმით, რომ სასამართლოს განაჩენის ფორმულირება იყო იმგვარი, რომ ივანიშვილისთვის 130 მილიონის გადახდა უნდა მომხდარიყო ლესკადრონის ანგარიშებიდან, ასევე დაყადაღებული ანგარიშებიდან და დაკარგული აქტივების მოძიებიდან, რასთან დაკავშირებითაც ივანიშვილის იურისტები მიუთითებდნენ, რომ კომპენსაციის გადახდის მსგავსი ფორმულირება ნიშნავდა იმას, რომ თუკი ბანკი ვერ შეძლებდა შესაბამისი აქტივების მოძიებას, ის დაზარალებულებს შესაბამის კომპენსაციებსაც ვერ გადაუხდიდა, რაც თავის მხრივ, გაუმართლებელ დაქვემდებარებას წარმოადგენდა და კომპენსაციების გადახდა არ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული აქტივების მოძიებასთან. ამავე პერიოდში გამოქვეყნებულ განცხადებებში ივანიშვილის ადვოკატები მიუთითებდნენ სხვადასხვა შეფერხებაზე მათ გადახდებთან დაკავშირებით, ასევე ხელოვნების ნიმუშების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით. ადვოკატების განცხადებაში მითითებული იყო, რომ Credit Suisse-ის განმარტებით, შეფერხება დაკავშირებული იყო “აღმოსავლეთ ევროპაში განვითარებულ მოვლენებთან”, რაც ივანიშვილმა ამოიკითხა, რომ ის გარკვეულწილად არგაცხადებული სანქცირების რეჟიმში იმყოფებოდა, რადგანაც ბანკს მისი ტრანზაქციები დაუყოვნებლივ ერთ დღეში უნდა შეესრულებინა, რაც ფაქტობრივად, ყოვნდებოდა.

2022 წლის 9 ივნისს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოში დემოკრატიის უკუსვლის, დამოუკიდებელი ტელეკომპანიის დირექტორის (ნიკა გვარამიას) დაკავებას უკავშირდებოდა. ამ რეზოლუციით ევროპარლამენტი ევროკომისიას მოუწოდებდა, განეხილა ფინანსური სანქციების დაწესება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. სწორედ ამ რეზოლუციის მიღების შემდეგ საქართველოს მთავრობის განცხადებებში ივანიშვილისა და Credit Suisse-ის საკითხები გააქტიურდა.

2022 წლის 18 ივლისს საქართველოს მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს მისწერა ვრცელი წერილი, რომელშიც იმედგაცრუება გამოხატა ევროპარლამენტის რეზოლუციასთან დაკავშირებით და ურსულა ფონ დერ ლაიენს განუმარტა, რომ Credit Suisse-ი ამ რეზოლუციას იყენებდა ივანიშვილის წინააღმდეგ და მის გადარიცხვებს აყოვნებდა.

“რეზოლუცია პირდაპირ იქნა გამოყენებული შვეიცარიული ბანკის მიერ ბიძინა ივანიშვილის ფინანსური გადარიცხვების შესაჩერებლად. შესაბამისად, ბანკი ევროპარლამენტის დოკუმენტს იყენებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის კანონიერი უფლებების შესალახად, რაც, ასევე, ქვეყნის დისკრედიტაციას ახდენს”, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის წერილში.

მას შემდეგ, 2022 წლის 14 დეკემბერს ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის გაუარესებას, პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ასევე ოპოზიციური მედიის დირექტორის, ნიკა გვარამიას წინააღმდეგ დაუსაბუთებელ ბრალს და მის პატიმრობას უკავშირდებოდა. რეზოლუციაში ივანიშვილი მოხსენიებული იყო, როგორც ოლიგარქი.

2024 წლის 25 აპრილს კი ევროპარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი რეზოლუცია, რომელიც საქართველოს პარლამენტში უცხოური გავლენის აგენტების რუსული კანონის დაბრუნებას უკავშირდებოდა. ევროპარლამენტმა საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაბრუნებულიყო იმ ჩარჩოში, რომელიც განსაზღვრული იყო საქართველოსთვის EU-ს კანდიდატის სტატუსის მინიჭების დროს გაცემულ 9 დათქმაში. ამავე რეზოლუციით, ევროპარლამენტმა ევროკომისიას ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული პროცესები დეტალურად არის აღწერილი ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს გიორგი ბაჩიაშვილის იურისტის რობერტ ამსტერდამის მიერ გამოქვეყნებულ ნაშრომში, საიდანაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილი ამ დავის უკან ხედავს დასავლეთის, კერძოდ კი, აშშ-ის ზეწოლას. სწორედ ამ პერიოდში ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებებში ჩნდება ფრაზა “გლობალური ომის პარტია”, რომელიც მთავრობის განცხადებით ივანიშვილისა და Credit Suisse-ის დავასთან არის კავშირში.

რობერტ ამსტერდამი აღნიშნავს, რომ გიორგი ბაჩიაშვილი, რომელიც წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური მრჩეველი იყო ივანიშვილს არწმუნებდა, რომ Credit Suisse-ის მიერ ივანიშვილის დეპოზიტის დაკარგვასთან აშშ-ს კავშირი არ ჰქონდა. ამის მთავარ არგუმენტად კი ბაჩიაშვილს ივანიშვილისთვის მოჰყავდა ის მტკიცებულებები, რომ Credit Suisse-ში ივანიშვილის მილიარდიანი დეპოზიტიდან, არაავტორიზებული და თაღლითური ოპერაციების განხორციელება დაიწყო გაცილებით ადრე, ვიდრე ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტდა. ამასთან, თავად გიორგი ბაჩიაშვილი მთელი 8 წლის განმავლობაში სხვადასხვა იურისდიქციაში ივანიშვილის ადვოკატების კოორდინირებისთვის მუშაობდა, რათა აღნიშნული დავები წარმატებით დასრულებულიყო, თუმცა რობერტ ამსტერდამის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის თანახმად, ივანიშვილი მომხდარის უკან საგარეო ჩარევის კვალს ხედავდა და ამას ამერიკის შეერთებულ შტატებს უკავშირებდა. რობერტ ამსტერდამი აღწერს, რომ ივანიშვილს პარანოია ამოძრავებს.

„2022 წელს, ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა, რომელიც მიჩნეულია ბიძინა ივანიშვილის ახლო გარემოცვის წევრად და მის არაოფიციალურ სპიკერად, დაიწყო გავრცელება ისეთი მესიჯების, თითქოს დასავლეთს საქართველოს რუსეთ-უკრაინის ომში ჩართვა სურს, ხოლო Credit Suisse-ის თაღლითობა წარმოადგენდა შანტაჟის კამპანიის ნაწილს, რომელიც თითქოს ივანიშვილს აიძულებდა მოეხდინა ვაშინგტონის ზეწოლის ქვეშ მოქცეულიყო და მეორე ფრონტი გაეხსნა და მოსკოვის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტში ჩართულიყო. ანალოგიური კონსპირაციის თეორია იქნა გაჟღერებული "ქართული ოცნების" წევრების მხრიდანაც.

ივანიშვილთან სხვადასხვა კომუნიკაციისას გიორგი ბაჩიაშვილი შეეცადა გადაერწმუნებინა მსგავსი ილუზიისგან, ის მიუთითებდა, რომ თაღლითურ სქემას Credit Suisse-ში ჰქონდა წარსული იქამდეც, სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლას გადაწყვეტდა. ამასთან, ბაჩიაშვილს ჰქონდა პოზიცია, რომ არ არსებობს რაიმე მტკიცებულება რომელიც მიუთითებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს რაიმე შეხება „კრედიტ სუისის“ თაღლითობასთან, თანაც აღნიშნული დავები ნელა, მაგრამ მტკიცედ გამარჯვებისკენ მიემართებოდნენ. ეს საღი აზრის რჩევები ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან არ იყო დადებითად მიღებული და აღქმული მათ თვალში ბაჩიაშვილი თანდათან იქცა არალოიალურ, პოტენციურად დასავლეთის აგენტად. ამავდროულად, ბაჩიაშვილი ხშირად მოგზაურობდა დასავლეთში, მათ შორის აშშ-შიც, რაც კონსპირაციის თეორიებს კიდევ უფრო მეტად აძლიერებდა. ეს კიდევ უფრო გაძლიერდა რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რადგანაც ბაჩიაშვილმა სოციალურ მედიაში დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ომის მიმართ, რასაც დამატებით ანტაგონისტური ქცევა მოჰყვა ივანიშვილის მხრიდან. უკრაინის მიმართ ბაჩიაშვილის მხარდაჭერა, მაშინ როდესაც ივანიშვილის პარტია მტკიცე პოზიციას ატარებდა რუსეთისთვის დამოუკიდებელი სანქციების არ დაწესების შესახებ, სავარაუდოდ იყო საბოლოო მტკიცებულება ივანიშვილისთვის, რათა მას დაესკვნა, რომ ბაჩიაშვილის პროდასავლური ხედვა, ამასთანავე როგორც წარმატებული ინვესტორის, ფინანსური შესაძლებლობები შესაძლოა, გამხდარიყო მისი რეჟიმისთვის პოლიტიკური საფრთხე“, - აღნიშნულია რობერტ ამსტერდამის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

2023 წლის ზაფხულში ივანიშვილის ჩვენების საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს თაღლითობისთვის ბრალი წარუდგინეს, ივანიშვილი დავობს, რომ მან კრიპტოაქტივები მიითვისა, ხოლო დაცვის მხარე კი მიუთითებს, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა სასესხო შეთანხმებით გათვალისწინებული ყველა პირობა პირნათლად შეასრულა და რომ ბრალდების მხარეს არავითარი არგუმენტი არ გააჩნიათ.

“გლობალური ომის პარტიის” გავლენებზე, “დე ფაქტო” სანქციებზე, ასევე Credit Suisse-ის დავის დეტალებზე ესაუბრა პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯეიმს ო’ბრაიენს. აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, ო’ბრაიენმა განაცხადა, ამჟამად რომ საუბრის შინაარსი კონსპირაციის თეორიების განხილვაში არის შესული და რომ ეს ყველაფერი ფორუმ Reddit-ის გვერდს უფრო ჰგავს. ამასთან ჯეიმს ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ არავითარი სანქცია არ არის ძალაში.

“ფაქტი, რომ ასეთი გავლენიანი ადამიანი (ბიძინა ივანიშვილი) ასე არასწორად არის ინფორმირებული (დე ფაქტო სანქციაზე), გასაოცარი და სამწუხაროა. გარდა ამისა, ამის მიზეზით უარის თქმა ქვეყნის პარტნიორთან შეხვედრაზე ნიშნავს, რომ პირადი ინტერესი დააყენო იმ ვალდებულებაზე წინ, რომელიც გაწერილია კონსტიტუციაში,”- განაცხადა ჯეიმს ო'ბრაიენმა.

თუმცა, საკუთარ პრესკონფერენციაზე ირაკლი კობახიძემ უპასუხა კითხვას თუ რას უწოდებს ის “დე ფაქტო” სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. პრემიერ-მინისტრმა ამ კითხვაზე პასუხისას ისაუბრა სხვადასხვა ფაქტსა და მოვლენაზე, რომელიც ერთმანეთთან რთულად თუ კავშირდება. ერთია ივანიშვილის პირადი ბანკირის მიერ საკუთარი გამდიდრების მოტივით თაღლითური ოპერაციების დაწყება, ხოლო მეორე კი ივანიშვილის მიერ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილთან კომუნიკაციის შეწყვეტაზე. კობახიძის აზრით ეს ფაქტები მოვლენები დაკავშირებულია.

“რაც შეეხება დე ფაქტო სანქციას, რა თქმა უნდა ფორმალური სანქცია არ არის, მაგრამ ეს დე ფაქტო სანქცია მოქმედებს. ამასთან დაკავშირებით მე ბევრად მეტი დეტალი გავაცანი ბატონ ო'ბრაიენს ვისაუბრე მაგალითად გარკვეულ შეხვედრაზე რომელიც შედგა ამ თანხის გაყინვის შემდეგ და რა მოთხოვნა იყო წამოყენებული და ასე შემდეგ. ამ შეხვედრაზე აქ დეტალურად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ მთელი რიგი დეტალები გავაცანი ბატონ ო'ბრაიენს. მე დეტალების თქმას მოვერიდები, რადგანაც არ მინდა დავაზიანო მთელი რიგი პარტნიორების მიმართ და უნდა დარჩეს დადებითი აღქმა მთელ რიგ პარტნიორებთან მიმართებით, ამიტომ დეტალებს ვერ ვიტყვი, თუმცა მოგახსენებთ რაზეა საუბარი, 2008 წელს რაც დაიწყო ძარცვა ბიძინა ივანიშვილის ანგარიშის, ეს მოხდა მას შემდეგ ივანიშვილმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილს ყოველგვარ კომუნიკაციაზე, არჩევნების ტოტალური გაყალბების, ასევე 2007 წლის ნოემბრის მოვლენების შემდეგ. ხოლო უშუალოდ უკრაინაში ომის დაწყებიდან 2 კვირაში პრაქტიკულად გაიყინა მისი ანგარიში, წინ უსწრებდა მისი სხვა ნაბიჯები. აქედან გამომდინარე ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული უფლება ჰქონდეს აღქმა დე ფაქტო სანქციასთან დაკავშირებით. ბევრი დეტალია, რომელიც იძლევა ძალიან მყარი აღქმის არსებობის უფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის დე ფაქტო სანქცია, რომელიც დაწესდა იმის საპირწონედ რომ კონკრეტულ ქვეყნისთვის საზიანო ნაბიჯზე არ წავიდა ბიძინა ივანიშვილი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შესაბამისად, იქამდე სანამ ბერმუდის კუნძულებზე, ჟენევასა და სინგაპურში მოსამართლეები გადაწყვეტილების მიღებაზე მუშაობენ, თბილისში დავის პოლიტიკური ასპექტების შესახებ სპეკულაციები ძლიერდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები