მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძის თქმით, ივანიშვილი დასავლელ მაღალჩინოსნებთან მხოლოდ პირად შეხვედრებს წყვეტს

ივანიშვილი

ირაკლი კობახიძე ბიძინა ივანიშვილის განცხადებას აფასებს, რომლის თანახმადაც ის ამერიკელ პოლიტიკოსებსა და მაღალჩინოსნებს, ფინანსური შანტაჟის გამო, აღარ შეხვდება. ჟურნალისტის კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს, რომ "ქართული ოცნება" დასავლელ პარტნიორებთან კომუნიკაციას წყვეტს, კობახიძე აცხადებს, რომ პარტია ამას არ აპირებს.

"საუბარი იყო ბიძინა ივანიშვილის პირად კომუნიკაციაზე, მის პირად შეხვედრებზე პოლიტიკოსებთან და ბიუროკრატებთან. აქ თქვა მან ერთი მარტივი რამ: ვიდრე გრძელდება ფინანსური შანტაჟი, ის თავს იკავებს. ნებისმიერი პოლიტიკოსის და ბიუროკრატის მიმართ, ვისაც შეიძლება შეხვედრის სურვილი ჰქონდეს, არსებობს ეს რისკი, რომ შეიძლება ის იყოს გლობალური ომის პარტიის გავლენის ქვეშ - ეს იყო აქ ნათქვამი.

ჩვენ, რა თქმა უნდა, სრულიად გუნდი, ვინარჩუნებთ კომუნიკაციას, მათ შორის, პოლიტიკოსებთან, ბიუროკრატებთან, ჩვენ ამას ვაკეთებთ, პირველ რიგში, იმისათვის, რომ სწორ მომენტში, და ეს მოხდება აუცილებლად მომავალ წელს, ვიზრუნოთ მაქსიმალური ინტენსივობით ურთიერთობების გადატვირთვაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, არა აშშ-ი და ევროკავშირი, არამედ „გლობალური ომის პარტია“ არის ის, ვინც ზემოქმედებას ახდენს ასეთ პროცესებზე და მათ, სამწუხაროდ, პრინციპული გავლენა აქვს პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, როგორც აშშ-ის ისე ევროკავშირის მიმართულებითაც.

„იყო ორწინადადებიანი ბანერი, რასაც გაეცა დეტალური პასუხი, მათ შორის, ამ ბანერზე სიცრუე იყო განთავსებული, რატომღაც საელჩო შეიყვანეს სიცრუეში. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ განცხადებას, რაც მოცემული იყო ბიძინა ივანიშვილის პასუხშიც, სადაც ჩვენ ვამბობთ, რომ „კრედიტ სუისის“ თანხები დაკავებული აქვს აშშ-ს ან ევროკავშირს.

მაშინაც კი, როდესაც ევროპარლამენტის რეზოლუცია გამოიყენა საბაბად „კრედიტ სუისმა“, რომ თანხები არ გადმოერიცხა, მაშინაც კი არ გვითქვამს ჩვენ, რომ აშშ-ი და ევროკავშირი აკავებს ამ თანხებს. სიცრუე, სწორედ, ის იყო, რაც ეწერა ამ ბანერზე. რატომ დაიწერა ეს ტყუილი, რატომ ეუბნებიან არასწორ ამბავს ქართველ ხალხს?! ჩვენ ვამბობდით, რომ არის „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ასეთ პროცესებზე. მათ შორის, პრინციპული გავლენა აქვს პოლიტიკოსებსა და ბიუროკრატებზე, სამწუხაროდ აშშ-ის მიმართულებითაც და ევროკავშირის მიმართულებითაც. ორი არჩევნების დასრულებისა და უკრაინაში ომის დასრულების შემდეგ ინტერესები შეიცვლება. დამშვიდდება ვითარება და საქართველოს მიმართ ინტერესიც შეეცვლებათ. მეორე ფრონტის ინტერესიც აღარ იარსებებს. მინდა, შეგახსენოთ ყველაფერი, რაც ხდებოდა 2022 წლიდან, რა განცხადებები კეთდებოდა NGO-ების მხრიდან და საიდან ფინანსდებიან ეს NGO-ები ხომ არ დაგავიწყდათ, ან რა განცხადებები კეთდებოდა პოლიტიკოსების მხრიდან, რომლებიც არიან შემჩნეულნი პირდაპირ კავშირებში კონკრეტულ სუბიექტებთან, ან რა განცხადებები კეთდებოდა უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან და რა კავშირებია იქაც. ხომ არ გავიწყდებათ ვინ საუბრობდა მეორე ფრონტზე, ვინ „გვაწვებოდა“, „გლობალურ ომის პარტიაზე“ ვსაუბრობ. თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ ისე, რომ ამ ყველაფერს აკოორდინირებს აშშ-ი და ევროკავშირი და ჩვენ გეუბნებით, რომ ეს არ არის აშშ-ი და ევროკავშირი, ეს არის „გლობალური ომის პარტია“. თქვენ რომ ამბობთ, რომ აშშ-ს და ევროკავშირს უნდათ მეორე ფრონტი, ან რევოლუციის მოწყობა და ა.შ. ასეთ ინტერპრეტაციას რომ აძლევთ, ეს არის ჩვენთვის მიუღებელი ფორმულირება, იმიტომ რომ ჩვენ ამას არ ვამბობთ, ჩვენ პირიქით ვამბობთ, რომ ეს არის არა აშშ-ი, არა ევროკავშირი, არამედ ეს არის „გლობალური ომის პარტია“, რომელსაც, სამწუხაროდ, აქვს პრინციპული გავლენა ოფიციალურ სტრუქტურებზე,“- განაცხადა პრემიერმა.

ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რატომ აცხადებს უარს ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრაზე

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები