18.აპრილი .2021 09:30

სიახლეები, რომლებიც "ლიბერთი ბანკმა" პანდემიის პერიოდში დანერგა

სიახლეები, რომლებიც "ლიბერთი ბანკმა" პანდემიის პერიოდში დანერგა
views 481
უკან

„ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი 2020 პანდემიურ წელს ბანკის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მიღწევებს Forbes Talks-ში სტუმრობისას აანალიზებს და ამბობს, რომ პანდემიამ მთელი გუნდი ერთ მუშტად შეკრა და მუშაობის ახალ რიტმზე გადაიყვანა.

„ისეთი რაღაცები გაგვაკეთებინა, ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამას ასეთ მოკლე დროში მოვახერხებდით. ბევრი რაღაც მწყობრში დაალაგა. ამ პერიოდმა ძალიან ფორმაში გვამყოფა, მაგრამ ბევრი საღელვებელიც გვქონდა“, - აღნიშნა ხოდელმა.

„ლიბერთი ბანკის“ მმართველი ამბობს, რომ მათ სხვადასხვა სერვისისა და მომსახურების შეთავაზებით ბიზნესისა და ფიზიკური პირების გვერდში დგომა შეძლეს.

"2020-ში არაერთხელ გადავავადეთ სესხები. ლოკდაუნების მიუხედავად, არაერთი მნიშვნელოვანი პროდუქტი გამოვიტანეთ ბაზარზე. მაგალითად, ადამიანებთან შემხებლობის წერტილების შემცირებისთვის მინი-ბანკომატების სისტემა შევქმენით. მომხმარებელს მაღაზიის თუ აფთიაქის პოს-ტერმინალებში ანგარიშიდან ნაღდი ფულის, მაგალითად, 50 ლარის გამოტანის შესაძლებლობა მივეცით. ეს განსაკუთრებით ხელსაყრელი უფროსი თაობის ადამიანებისთვის იყო, რომლებსაც ცხოვრება გავუმარტივეთ.

ასევე შევქმენით „ქეშინბანკომატების“ სისტემა, სადაც ფულის არა მარტო გამოტანა, არამედ შეტანაცაა შესაძლებელი. ეს უნიკალური სისტემაა, რომლის ანალოგი ბაზარზე დღემდე არ არსებობს. მომხმარებელს გვერდში დავუდექით არა მარტო გადავადებებით, არამედ ისეთი პროდუქტების შექმნით, რომელმაც მათ ცხოვრება მაშინ შეუმსუბუქათ, როდესაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროებოდათ“, - ამბობს ვასილ ხოდელი.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას კი ბანკის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მათი პროექტები კიდევ უფრო მიზანმიმართული და მომხმარებელზე ორიენტირებული იქნება.

„ახლა უფრო დიდი სურათი გვაქვს - რა მომავალი გველის წინ. აქ მუშაობა უფრო კონკრეტულ სეგმენტებთან და სექტორებთან ინდივიდუალურად მოგვიწევს. ჩვენ მზად ვართ და მოქნილი ვართ, რომ გვერდში დავუდგეთ ჩვენს მომხმარებელს და ეს არ იყო მხოლოდ გადავადებები. მომავალში ჩვენი გზავნილია, რომ ჩვენ კვლავ გამოვიტანთ ახალ პროექტებს და პროდუქტებს, რომლებიც მომხმარებელზე კიდევ უფრო მეტად იქნება ორიენტირებული“, - განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა.