საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა პირველ კომენტარს აკეთებს სანქცირებული მილიარდერის - ალიშერ უსმანოვის მიერ “ლიბერთი ბანკისა” და სებ-ის წინააღმდეგ დაწყებულ საქმეზე. მილიარდერი დავობს, რომ მის კომპანიას ფინანსებზე წვდომა სანქციების წესის ზედმეტად ფართო და მკაცრი განმარტებით შეეზღუდა და თავად აშშ-ის სანქციები შესაბამისი სიმკაცრით მოქმედებას არ ითვალისწინებდა.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აღნიშნავს, რომ სებ-ში ალიშერ უსმანოვის სარჩელის დოკუმენტები ახლახან შევიდა, ხოლო თავად ამ სარჩელის არსებობა მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ადგილი არ იქნება.
“კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით შემიძლია მოგახსენოთ, რომ სულ ახლახანს მივიღეთ დოკუმენტები და ვეცნობით. ჩვენი იურიდიული დეპარტამენტი მოამზადებს შესაგებელს და ჩვენი პოზიციებს დავიცავთ სასამართლოში. ეს რეალობაა, სასამართლო პროცესები არახალია ჩვენთვის, მაგრამ ეს დავაც ადასტურებს, რომ საქართველო ვერასოდეს და არასოდეს იძლევა ჩვენი საფინანსო სისტემა სანქციების გვერდის ავლის ადგილად, ჩვენი ეროვნული ბანკი და საფინანსო სისტემა იცავენ საერთაშორისო სანქციებს,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
7 ნოემბერს თავად “ლიბერთი ბანკი” გამოეხმაურა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებულ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ ალიშერ უსმანოვის კომპანიას საბანკო მომსახურების მიღება მისი სანქცირებიდან ერთი წლის დაგვიანებით შეუწყდა. როგორც ბანკი განმარტავს, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილამდე უშუალოდ ალიშერ უსმანოვი იყო სანქცირებული, ხოლო მასთან დაკავშირებული კონკრეტული კომპანია OFAC-მა სანქცირებულთა სიაში 2023 წლის აპრილში შეიყვანა, შესაბამისად ამ თარიღიდან აღნიშნულ კომპანიას ოპერაციების წარმოება გაეყინა.
კითხვაზე იყო თუ არა 2022 წლის მარტიდან 2023 წლის აპრილამდე სპეციალური პირობები პირობები შექმნილი კომპანია “Metalloinvest”-ისთვის ნათია თურნავა პასუხობს, რომ ამასთან დაკავშირებით დასმული კითხვა არასწორია და თავად ბანკის განმარტებაში ეს საკითხი სრულად არის განმარტებული.
“ალიშერ უსმანოვისთვის სპეციალური პირობები იყო შექმნილი? სებ-ი არ აკონტროლებდა აღნიშნულ საკითხს?
თქვენი შეკითხვა ემყარება მცდარ ინფორმაციას. ლიბერთი ბანკმა გაავრცელა განცხადება და შეგიძლიათ გაეცნოთ. ჩვენი საფინანსო სისტემა არასოდეს იქცევა სანქციების გვერდის არიდების ადგილად და ეს ერთ-ერთი დადასტურებაა. გაეცანით ფაქტებს და ლიბერთის განმარტებას,”- განაცხადა ნათია თურნავამ.
საქმე სანქცირებულ შვეიცარიულ კომპანია Metalloinvest-ს ეხება, რომელსაც რამდენიმე მილიონი ევრო “ლიბერთი ბანკში” აქვს განთავსებული.
ეს კომპანია, თავის მხრივ, რუსული საინვესტიციო ჰოლდინგის, USM-ის შვილობილი კომპანიაა, რომლის 49%-იან წილს უზბეკური წარმოშობის რუსი მილიარდერი, ალიშერ უსმანოვი ფლობს. თავად უსმანოვი რუსეთის მოქალაქეობის მქონე ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $14.5 მილიარდად აფასებს.
Metalloinvest-ი სამთო მოპოვებისა და მეტალურგიული წარმოების გიგანტია, რომლის აქტივებიც რამდენიმე მილიარდ დოლარს აღემატება. კომპანიის საკუთრებაშია მიხაილოვისა და გორკის სამთო გამამდიდრებელი კომბინატები, რომლებიც რუსეთსა და დსთ-ში ფოლადის უმსხვილესი ქარხნებია.