მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ეს არ გაკეთებულა კონკრეტული სახელისა და გვარისთვის, ეს გაკეთდა საქართველოს მოქალაქეებისთვის - თურნავა

ნათია თურნავა

"ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა სახელს და გვარს, ვინც არ უნდა ყოფილიყო, აუცილებლად იქნებოდა მითქმა-მოთქმის საგანი, იმიტომ რომ პოლიტიკური ზომაა სანქცია და აუცილებლად პოლიტიკურად ცნობადი ფიგურა იქნებოდა", - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ განაცხადა. 

მისივე თქმით, საერთაშორისო სანქციების აღსრულება საკმაოდ კომპლექსური საკითხია და ამ პროცესში სხვადასხვა კითხვა ჩნდება, არსებობს შეუსაბამობებიც საქართველოს კონსტიტუციასთან, თუმცა ეს საკითხი ყველაზე მწვავედ მაშინ დადგა, როცა სანქცია საქართველოს მოქალაქეს შეეხო. 

"ბრალდება და ეროვნული ბანკის იმაში დადანაშაულება, რომ თუნდაც რაღაც ნაწილი უნებლიედ აცდენილია საქართველოს კონსტიტუციას, ეს არ არის მარტივი თემა, ეს არის მართლაც სერიოზული საკითხი და მით უფრო, რომ ქვეყანა არ არის მიერთებული ორმხრივ სანქციებს. საერთო ჯამში, რაც გაკეთდა, გაკეთდა იმისთვის, რომ სანქციები აღსრულდეს, რადგან ეს ჩვენი საბანკო სისტემისთვის მნიშვნელოვანია", - აცხადებს ნათია თურნავა. 

ნათია თურნავა ასევე გამოეხმაურა 4 აგვისტოს, "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სებ-ის რეგულაციები საქართველოს კონსტიტუციასთან თანხვედრაში არ მოდიოდა. 

"მე არ მქონია კონსულტაციები კობახიძესთან, მან საჯარო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ ეროვნული ბანკის რეგულაციები არ არის სრულად შესაბამისობაში კონსტიტუციასთან, ეს რა თქმა უნდა, მისი მოსაზრება იყო, მათ შორის ეს იყო გამოძახილი იმ დისკუსიის, რაც ისედაც მიმდინარეობდა და ბოლოს, როცა ჯერი მიდგა საქართველოს მოქალაქეზე გადაწყდა, რომ ერთიანი, კომპლექსური მიდგომით გადაწყვეტილიყო საკითხი", - ამბობს თურნავა. 

მისივე თქმით, კანონში საქართველოს მოქალაქეებზე შესული ცვლილება ჯობდა იქამდე მომხდარიყო, სანამ აშშ ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს დაასანქცირდებდა.

"ადრე თუ გვიან მივიღებდით გადაწყვეტილებას, რომლითაც ჩვენივე მიღებული წესი სრულყოფილი გახდებოდა. მიუხედავად იმისა დასანქცირდებოდა თუ არა საქართველოს მოქალაქე. სანქციები დიდხანს გაგრძელდება და ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ამ პროცესში ბანკებმა სანდოობა შეინარჩუნონ. ჯობდა, რომ მანამდე [დასანქცირებამდე] მომხდარიყო ეს ცვლილება, მაგრამ ჩვენთვის უცნობია სანქციების საკითხი [წინასწარ]. საერთაშორისო პარტნიორებს ვუხსნით რატომ მოხდა ცვლილება. იმასაც ვუხსნით, რომ ამიერიდან სანქციების აღსრულება ნაკლები კითხვის ნიშნით მოხდება. მიგვაჩნია, რომ შეუსაბამობის თემა დღის წესრიგიდან მოვხსენით. თუ ისინი მიგვითითებენ, რომ კიდევ რაღაც პრობლემაა მზად ვართ, მათთან ვიმუშაოთ ისე როგორც აქამდე ვმუშაობდით", - ამბობს თურნავა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები