მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სჯობს, "Credit Suisse-თან დაკავშირებული შეკითხვა თავად ბანკს დაუსვათ - აშშ-ის ელჩი საქართველოში

627bcae73b98e
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.22 18:38
1120
საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა Credit Suisse-ისა და ბიძინა ივანიშვილის დავის საქმეზე კომენტარი გააკეთა. დიპლომატი აღნიშნავს, რომ ბანკთან დაკავშირებული კითხვის ადრესატი არა ის, არამედ თავად Credit Suisse-ია. ამასთანავე, ჟურნალისტებმა კელი დეგნანს “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მიერ ამ საკითხზე გაკეთებული განცხადების შეფასებაც სთხოვეს. ელჩის თქმით, ეს განცხადება დამაბნეველი იყო.

“Credit Suisse-თან დაკავშირებული შეკითხვა ჯობს, თავად Credit Suisse-ს დაუსვათ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, კერძო კომპანიაა და არ ვიცი და არ მაქვს ინფორმაცია, რა ხდება Credit Suisse-ში ... ძალიან უსარგებლოა უსაფუძვლო კომენტარები ნათქვამი იმგვარად, რომ საზოგადოებაში დაბნეულობას იწვევს. ეს არის ერთგვარი დეზინფორმაცია, რომელსაც მოაქვს დაბნეულობა და საბოლოოდ, ხალხის დაყოფა. ახლა ის დროა, როცა საქართველოს გაერთიანება ესაჭიროება და არა დაყოფა. ახლა ერთობის დროა. მე დამაბნია ამ კომენტარის შინაარსმა და ვერ განგიმარტავთ, უკაცრავად",- თქვა აშშ-ის ელჩმა.

რამდენიმე დღის წინ, ბიძინა ივანიშვილის მიერ დაქირავებულმა PR სააგენტომ გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც Credit Suisse-მა მის ტრასტს საბანკო გადარიცხვები შეუყოვნა. განცხადებიდან ირკვევა, რომ ივანიშვილმა ბანკს დისკიმინაციისა და პოლიტიკური ზეწოლისთვის უჩივლა. 

დღეს ივანიშვილის ადვოკატმაც, ვიქტორ ყიფიანმაც გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-ისგან პრობლემები შეექმნა არამხოლოდ ფულად გადარიცხვებში, არამედ ხელოვნების ნიმუშების გადაადგილების პროცესშიც. საუბარია ბანკის მხრიდან ივანიშვილის ტრასტისთვის მომსახურების გაწევის უგულვებელყოფაზე და შეყოვნებაზე. 

"თავი იჩინა საბანკო ჯგუფის მხრიდან მისი მნიშვნელოვანი კლიენტის უფლებების ახალი ტიპის დარღვევებმა, რაც საბანკო ტრასტზე კლიენტის მიერ გადარიცხვებზე გაცემული დავალებების დროულად და ჯეროვნად შესრულებაზე უარში გამოიხატა. მეტიც დავალებების შეუსრულებლობას არავითარი დასაბუთებული ახსნა არ მოჰყვა,"- ნათქვამია განცხადებაში.