მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Credit Suisse-ი სინგაპურში ივანიშვილის სასარგებლოდ დაკისრებულ $926 მილიონს გაასაჩივრებს

6481e64352ac4
შოთა ტყეშელაშვილი
08.06.23 18:42
890
შვეიცარიული ბანკი Credit Suisse-ი სინგაპურის სასამართლოს მიერ დაკისრებულ განაჩენს გაასაჩივრებს - ამის შესახებ ბანკის პრესსამსახურმა BMG-ის კითხვაზე პასუხისას განაცხადა. მაისში სინგაპურის სასამართლოს კომერციულმა პალატამ ბანკს ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ 926 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

საქმე თაღლითურ ტრანზაქციებს უკავშირდება, რომლებშიც Credit Suisse-ის სინგაპურის ოფისიც იყო ჩართული. აღნიშნული ტრანზაქციები მილიარდერის ყოფილმა პირადმა ბანკირმა, პატრიკ ლესკადრონმა ივანიშვილის ავტორიზაციის გარეშე განახორციელა, რითაც ოლიგარქის ქონებას მრავალმილიონიანი ზარალი მიაყენა.

ივანიშვილისთვის მიკუთვნებული კომპენსაცია მოიცავს, როგორც პირადი ბანკირის თაღლითობით დაკარგულ თანხებს, ასევე იმ მიუღებელ შემოსავალს, რომელსაც ივანიშვილი ამ აქტივების პირნათლად მართვის შემთხვევაში მიიღებდა.

სინგაპური არაა ერთადერთი იურისდიქცია, სადაც თაღლითობის საქმესთან მიმართებით სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა. 2022 წლის მარტში ბერმუდის სასამართლომ Credit Suisse-ის ბერმუდულ შვილობილს ივანიშვილის სასარგებლოდ 607 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

248-გვერდიან ვერდიქტში მოსამართლე მიუთითებს, რომ Credit Suisse-ი პასუხისმგებელია პირადი ბანკირის მიერ განხორციელებულ თაღლითურ ქმედებებზე და ვალდებულია კლიენტს მიყენებული ზარალი აუნაზღაუროს. 2018 წელს პატრიკ ლესკადრონს ჩადენილი ფინანსური სამართალდარღვევების გამო 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, ის აღნიშნული დროისთვის უკვე იხდიდა წინასწარ პატიმრობას, რადგანაც 2015 წლის ბოლოს დააპატიმრეს. 2020 წლის ზაფხულში ლესკადრონმა თავი მოიკლა.

თავად Credit Suisse-ი 2023 წლის 19 მარტიდან დამოუკიდებელი სახით აღარ არსებობს, რადგანაც მან ფაქტობრივი კოლაფსი განიცადა. ამჟამად ბანკის აქტივები და ვალდებულებები UBS-ის შემადგენლობაში შედის, რომელმაც ეს უკანასკნელი 3 მილიარდ შვეიცარიულ ფრანკად შეიძინა. შესაბამისად, ივანიშვილის კომპენსაციის მომსახურებაც საბოლოოდ UBS-ს მოუწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები