მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარება ივლისიდან გაორმაგდება - პრემიერი

60b649fd3990a
ვიქტორია მღებრიშვილი
01.06.21 19:00
2265
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომლითაც ბავშვებს 1 ივნისს ბავშვთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

პრემიერი საქართველოში დღეს არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს და ამბობს, რომ ბავშვთა შორის სიღარიბე პანდემიის პირობებში განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს.

ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ნათქვამია, რომ ივლისიდან სოციალურად დაუცველი 215 000 ბავშვის დახმარება გაიზრდება.

„ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს პატარებს. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით ბავშვთა უფლებების დასაცავად, მათთვის ჯანსაღი ცხოვრების, განვითარების, თვითრეალიზაციის თანაბარი პირობების უზრუნველსაყოფად. თუმცა, სამწუხაროდ, ჯერ შორს ვართ სასურველი ვითარებისგან. კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვთა შორის სიღარიბე. პრობლემა განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს პანდემიის პირობებში.

ბავშვების სიღარიბის შესამცირებლად ჩვენ მიზნად დავისახეთ სოციალური პოლიტიკის მკვეთრი გაუმჯობესება.

ჩვენი გადაწყვეტილებით, სოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება პირველი ივლისიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად - 100 ლარამდე გაიზრდება. ასევე გაიზრდება დახმარების მიმღებ ბავშვთა რაოდენობა. არსებული 100 000 ქულის ნაცვლად, 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ 120 000-ზე ნაკლები ქულის მქონე ოჯახებში მცხოვრები ბავშვები. ეს გადაწყვეტილება 215 ათასზე მეტ ბავშვს შეეხება. აღნიშნული პროგრამის დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან ყოველწლიურად 145 მილიონი ლარი გამოიყოფა“, - წერია პრემიერის ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში.