მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„სოცსააგენტოში დასაქმებულ ოჯახს შემწეობა დაენიშნა“ - რას ითხოვს 400-მდე თანამშრომელი

61e16b50d1d94
მარიამ ვარადაშვილი
14.01.22 16:15
959
დღეს ცნობილი გახდა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს 400-მდე თანამშრომელი 17 იანვრიდან გაფიცვას გეგმავს. სააგენტოს თანამშრომლები ხელფასის გაორმაგებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

როგორც ჟურნალისტებს “სოლიდარობის ქსელის” იურისტმა დავით ომსარაშვილმა განუცხადა, გაფიცვის შესახებ სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა დამსაქმებელი ანუ ჯანდაცვის სამინისტრო ოფიციალური განცხადებით საქმის კურსში ჩააყენეს.

იურისტი ყვება, რომ სოციალური აგენტების ფიქსირებული ხელფასი 200 ლარია და გამომუშავებით, დამატებით გარკვეული თანხა ემატებოდათ, მაგრამ რადგან პანდემიის გამო, ოჯახებში აღარ მიდიან, მხოლოდ ფისქირებული ანაზღაურებაღა დარჩათ.

მისივე განმარტებით, გაფიცვას არა მხოლოდ სოციალური მუშაკები, არამედ სოციალური მომსახურების სააგენტოს სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმებული პირებიც აპირებენ.

“ორშაბათიდან სოციალური მომსახურების სააგენტოს 390 ადამიანი გაიფიცება, რაც ნიშნავს იმას, რომ ცენტრების უმეტესობა ფუნქციონირებას შეწყვეტს, რადგან ზოგიერთ ცენტრში თანამშრომელთა უმრავლესობა გაფიცული იქნება. ეს ადამიანები მთელი ქვეყნის მასშტაბით იფიცებიან. მივმართავთ პროტესტის უკიდეურეს ფორმას და გავიფიცებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. ამ ადამიანების უმთავრესი მოთხოვნაა ხელფასის 100%-ით მატება, რადგან ისინი წლების განმავლობაში ისეთ ხელფასზე მუშაობენ, რითიც არსებობა შეუძლებელია. ასევე ითხოვენ ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურებასაც, რადგან მოგეხსენებათ, მათ ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება უწევთ და საკუთარი ჯიბიდან იხდიან ამ თანხას. ისინი ასევე ითხოვენ მათი ხელფასი ყოველ წელს ინფლაციის გათვალისწინებით იზრდებოდეს. მათი კიდევ ერთი მოთხოვნა ღირსეული სამუშაო პირობებია, როგორიც არის მაგალითად, დაზღვევა და ა.შ,” - აცხადებს ომსარაშვილი.

იურისტის თქმითვე, მოლაპარაკების პროცესი მინისტრის მოადგილესთან თამარ ბარკალაიასთან მიმდინარეობდა, თუმცა პროცესი ჩიხში მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შემდეგ შევიდა.

“ამის შემდეგ ვითხოვდით კომუნიკაციას, რათა მიგვეღო პასუხი რა ხდება ჩვენს თავს, თუმცა მათთან კომუნიკაცია სამწუხაროდ, შეწყდა. თავად სამინისტროს წარმომადგენლებმა არ იცოდნენ მომავალში რა იქნება და ხელფასის მატება ვერ მოხდა, რასაც თითქოს გვპირდებოდნენ”, - აცხადებს “სოლიდარობის ქსელის” იურისტი.

თავის მხრივ, TV “პირველის“ ეთერში სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების სამუშაო პირობებზე ისაუბრა თავად სოციალურმა აგენტმა თეა ნარიმანიშვილმა. ის აცხადებს, რომ ბენეფიციარების ოჯახებში საკუთარი ხარჯებით უწევთ მისვლა, რადგან სააგენტო ამისთვის თანხას არ გამოყოფს.

“სააგენტოში ძალიან დაბალი ანაზღაურებაა. გზის ხარჯის ანაზღაურების არარსებობა ქმნის ბენეფიციარამდე მისვლის პრობლემას. სამგზავრო ხარჯზე მაქვს საუბარი. ბენეფიციარამდე ხომ უნდა მივიდეთ?! ჩვენი ხელფასი სადამდეც გვყოფნის, დავდივართ, მაგრამ არსებობაც ხომ გვინდა?! ჩვენმა კოლეგებმა და აქ მხოლოდ სოციალურ აგენტს არ ვგულისხმობ, სოციალურ სააგენტოში დასაქმებულმა ბევრმა პირმა მიმართა სააგენტოს სოციალური დახმარების თხოვნით, რათა დახმარების მიმღებთა ბაზაში მოხვდნენ. დაითვალეს ქულები და თავად პროგრამამ ჩათვალა, რომ ოჯახი, რომელიც დამოკიდებულია სააგენტოს მიერ გაცემულ ხელფასზე, შიმშილობის ზღვარზეა და საარსებო შემწეობა დაენიშნა იმ ხელფასის საფუძველზე, რასაც სააგენტოსგან იღებს”, - აცხადებს თეა ნარიმანიშვილი.

სოციალური სააგენტოს თანამშრომლების მიერ გაფიცვის დაანონსების შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.