12.თებერვალი .2020 22:01

“სოკარ ჯორჯია გაზის" შემოსავალმა 2018 წელს 895 მლნ ლარს გადააჭარბა

views 467
უკან

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) საქართველოს ბუნებრივი გაზის სექტორის უმსხვილესი მოთამაშეა.

“სოკარ ჯორჯია გაზის” 2018 წლის კონსოლიდირებული აუდიტორული ანგარიშის მიხედვით, კომპანიის მთლიანმა შემოსავალმა ბუნებრივი აირის მიწოდებიდან 895.9 მილიონი ლარი შეადგინა.

აქედან 164.6 მილიონი ლარი კომუნალური აბონენტებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შემოსავალი იყო, ხოლო 692.7 მილიონი ლარი კი ბუნებრივი აირის საბითუმო ბაზარზე მიწოდების შემოსავალი იყო.

ამასთანავე, ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ გაზიფიკაციის სამუშაოებიდან (დამონტაჟების და სარემონტო მომსახურებიდან) კომპანიის მთლიანი შემოსავალი 31.3 მილიონი ლარი იყო.

დოკუმენტის მიხედვით, ბუნებრივი აირის მომხმარებლებს კომპანიის მიმართ მნიშვნელოვანი ოდენობის ფინანსური დავალიანება აქვთ წარმოშობილი. მათ შორის 2018 წლის 31 დეკემბრისთვის კომუნალურ აბონენტებს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიმართ 59.1 მილიონი ლარის დავალიანება, ხოლო საბითუმო მომხმარებლებს კი კომპანიის მიმართ 194.3 მილიონი ლარის დავალიანება აქვთ.

რამდენი აბონენტი ჰყავს "სოკარ ჯორჯია გაზს"?

2018 წლის განმავლობაში შპს “სოკარ ჯორჯია გაზისა” და ჯგუფის შემადგენლობაში შემავალი “საქორგგაზის“ ქსელზე დაახლოებით 67,000 ახალი აბონენტი მიერთდა, ჯამურად კი აბონენტთა რაოდენობა 695,000-ს შეადგენს.

“სოკარ ჯორჯია გაზის” ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში კომპანიამ გაზიფიცირებასა და ქსელის განვითარებაში 54.6 მილიონის ინვესტიციები განახორციელა, რაც მთლიანად ბუნებრივი გაზის სექტორში განხორციელებული ინვესტიციების 69%-ს შეადგენდა.

კომპანიის ცნობით, აღნიშნულ წელს ექსპლოატაციაში 402 კმ გაზგამანაწილებელი ქსელი, შევიდა. ამავე წელს “სოკარმა” სახელმწიფოსგან 21.3 მილიონი ლარის ღირებულების გაზსადენების ქსელი შეიძინა.

“სოკარ ჯორჯია გაზის” აქტივების ჯამური ღირებულება 2018 წლის ბოლოს 900.7 მილიონ ლარს შეადგენდა, კომპანიის წმინდა მოგება კი წლის განმავლობაში 0.8 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც 2017 წელს არსებულ 52 მილიონ ლართან შედარებით მნიშვნელოვნად ნაკლებია.

მმართველობითი ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს “სოკარ ჯორჯია გაზის” მიერ გადახდილი გადასახადების მოცულობა 135 მილიონი ლარი, 2017 წელს კი 110 მილიონი ლარი იყო. 2018 წლის ბოლოსთვის ჯგუფში 2,752 ადამიანი იყო დასაქმებული.

დოკუმენტიდან ირკვევა, რომ “სოკარ ჯორჯია გაზმა” რეგიონების გაზიფიცირების შესახებ სახელმწიფოს წინაშე აღებული საინვესტიციო ვალდებულება 2013 წლის 25 მარტს შეასრულა, თუმცა მაშინ სახელმწიფომ კომპანიის პოზიცია არ გაიზიარა, შემდგომ კი სოკარს საინვესტიციო ვალდებულება $250 მილიონამდე გაუზარდა. აღნიშნული ინვესტიციის მოცულობა “სოკარმა” 2018 წლის თებერვალში დააკმაყოფილა და სახელმწიფოსგან შესაბამისი დასტური მიიღო.

“2008 წელს ჯგუფმა მონაწილეობა მიიღო და გაიმარჯვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში, ქვეყნის რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 19 გაზგამანაწილებელი კომპანიის პრივატიზაციასთან დაკავშირებით. ამ კომპანიების შესასყიდად გადახდილმა თანხამ 100,000 აშშ დოლარი შეადგინა.

რეგიონული გაზგამანაწილებელი კომპანიების შესყიდვის შედეგად ჯგუფს დაეკისრა შემდეგი ვალდებულებების შესრულება 2012 წლის 10 თებერვლამდე: საქართველოს რეგიონებში ბუნებრივი აირის 150,000 ახალი აბონენტებისთვის წვდომის მინიჭება, 40,000,000 აშშ დოლარის ინვესტიციის ჩადება გაზგამანაწილებელი სისტემის განვითარებაში საქართველოს ტერიტორიაზე და შესყიდვის დღეს გაზგამანაწილებელი კომპანიებისგან გადმოცემული 15,851 ლარის დავალიანების გასტუმრება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გაფორმებულ თავდაპირველ ხელშეკრულებაში რამდენიმე ცვლილება შევიდა, რითაც გაიზარდა საინვესტიციო ვადის ხანგრძლივობა და გაზგამანაწილებელ ქსელთან მისაერთებელი აბონენტების რაოდენობა. 2011 წლის 5 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა დამატებითი ხელშეკრულება საინვესტიციო ვადის 2013 წლის 10 თებერვლამდე გასაგრძელებლად.

2013 წლის 25 მარტის მდგომარეობით, ჯგუფმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინა ანგარიში და ანგარიშგება იმის თაობაზე, რომ მას პრივატიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება შესრულებული ჰქონდა. ანგარიშგების აუდიტი ჩაატარა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის მისაღებმა დამოუკიდებელმა აუდიტორებმა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან თავდაპირველი შეთანხმების თანახმად, ჯგუფს უნდა მიეღო მის მიერ ვალდებულების შესრულების დადასტურების წერილი. ჯგუფს აღნიშნული წერილი არ მიუღია.

2013 წლის 19 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ გამოსცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ვალდებულება გაიზარდა 250,000,000 აშშ დოლარამდე, ხოლო დამატებითი აბონენტების რაოდენობა – 250,000-მდე. ამ დადგენილებით განისაზღვრა, რომ მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო კიდევ ერთი ცვლილება ხელშეკრულებაში. 2014 წლის 8 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ და ჯგუფმა გააფორმეს შეცვლილი ხელშეკრულება საინვესტიციო ვალდებულების 250,000,000 აშშ დოლარამდე, ხოლო გაზგამანაწილებელ ქსელთან დამატებით მისაერთებელი აბონენტების რაოდენობის 250,000-მდე გაზრდის თაობაზე. გაზრდილი ვალდებულებების შესრულების ვადა განისაზღვრა ხელშეკრულების გაფორმებიდან სამწლიანი პერიოდით. 2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ჯგუფმა შეასრულა ვალდებულება და 2018 წლის 27 თებერვალს მიიღო დასტურის წერილი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან,”- ნათქვამია “სოკარ ჯორჯია გაზის” აუდიტორულ ანგარიშში.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა