საქართველომ რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვა მკვეთრად გაზარდა - ამის შესახებ საგარეო ვაჭრობის ანგარიშიდან ირკვევა.
2024 წლის პირველ 3 თვეში საქართველომ რუსეთისგან 91 მილიონი დოლარის ღირებულების რუსული ბუნებრივი აირი შეიძინა, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით მეტია. შედარებისთვის ამ მოცულობის რუსული ბუნებრივი აირი საქართველოს არცერთი წლის პირველ კვარტალში არ შეუძენია და იმპორტის მოცულობა საშუალოდ $25-30 მილიონი დოლარის ფარგლებში იყო, თუმცა ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულება გაზარდა და ის 2022 წელს ჯერ 35 მილიონი დოლარი გახდა, 2023-ში 75 მილიონი, 2024 წლის პირველ კვარტალში კი 91 მილიონი დოლარი.
შედეგად შეიქმნა ვითარება, როდესაც საქართველოს ბუნებრივი აირის მიქსში რუსული გაზის წილი გაიზარდა იმ მასშტაბამდე, როგორიც მას ბოლო 15 წლის განმავლობაში არ ჰქონია.
პარალელურად, 39%-ით შემცირდა ბუნებრივი აირის იმპორტი აზერბაიჯანიდან.
2024 წლის პირველ სამ თვეში ბუნებრივი აირის იმპორტის სტატისტიკა ასე ნაწილდება:
- იმპორტი რუსეთიდან - 91 მილიონი დოლარი, 347 ათასი ტონა, წილი თანხობრივად მთლიან იმპორტში 49.5%, წილი მოცულობით 38%;
- იმპორტი აზერბაიჯანიდან - 93 მილიონი დოლარი, 556 ათასი ტონა, წილი თანხობრივად მთლიან იმპორტში 51.5%, წილი მოცულობით 62%.
მარტში საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ბაქოში გამართულ სამხრეთის გაზის დერეფნის მინისტერიალზე განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირის სასარგებლოდ 1.1 მილიარდი კუბური მეტრი აზერბაიჯანული გაზის შესყიდვა დათმო. ეს კი ნიშნავს, რომ ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში საქართველო შიდა მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მეტ აქცენტს გააკეთებს რუსულ გაზზე. შესაბამისად, გაზი, რომელიც საქართველოს შეღავათიან ფასად აზერბაიჯანისგან უნდა შეესყიდა სამხრეთის გაზის დერეფნის მონაწილე ქვეყნებთან შეთანხმებით მიემართება ევროპაში, ხოლო საქართველო პარალელურად უფრო მეტ რუსულ გაზს ყიდულობს შიდა მოთხოვნის დაბალანსებისთვის.
საქართველო რუსულ ბუნებრივ აირს ჩრდილოეთი-სამხრეთის მაგისტრალური მილსადენის (NSGP) მეშვეობით იღებს. ამ გაზსადენის საშუალებით რუსული Gazprom-ი სომხეთს ბუნებრივ აირს აწვდის. 2022 წელს ამ მილსადენის დატვირთვა 2.3 მილიარდი კუბური მეტრი იყო.
რაც შეეხება სამხრეთ კავკასიურ გაზსადენს (SCP), მისი და ტრანს-ანატოლიური შემდგომ კი ტრანს ადრეატიკული მილსადენების სისტემების გავლით აზერბაიჯანი თურქეთსა და ევროკავშირს აწვდის ბუნებრივ აირს. 2023 წელს ამ გაზსადენის დატვირთვა 21.4 მილიარდი კუბური მეტრი იყო. ამ მილსადენიდან საქართველოს მიერ ბუნებრივი აირის მიღების საკითხს შაჰ-დენიზის კონსორციუმთან გაფორმებული მრავალწლიანი ხელშეკრულება არეგულირებს.