ოკუპირებულ აფხაზეთში მარტ-აპრილში რუსეთის ფედერაციასთან სამთავრობოთაშორისი შეთანხმების გაფორმებას ელიან, რამაც სოხუმში აეროპორტის მშენებლობის დაწყების შესაძლებლობა უნდა გააჩინოს. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ განაცხადა.
როგორც ბჟანიამ აღნიშნა, პოტენციურმა ინვესტორმა საპროექტო და კვლევითი სამუშაოები უკვე დაასრულა, პროექტის სახელმწიფო ექსპერტიზა კი აპრილში დასრულდება.
„საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ორი თვის განმავლობაში - მარტსა და აპრილში - ჩვენ (აფხაზეთმა და რუსეთის ფედერაციამ) უნდა მოვაწეროთ ხელი მთავრობათაშორის შეთანხმებას, რომელიც გვიხსნის გზას აეროპორტის მშენებლობისთვის“, -განაცხადა ასლან ბჟანიამ.
აფხაზური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პროექტის განხორციელების სირთულეებზე საუბრისას, ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა თქვა, რომ აეროპორტების მშენებლობის მსოფლიო და რუსული გამოცდილება სახელმწიფო-კერძო პარტნიორობას ეფუძნება და ამ პროექტისთვის აფხაზეთს რამდენიმე მილიარდი რუბლის მოძიება მოუწევს.
„რესპუბლიკას ეს თანხები არ აქვს. შესაბამისად, ვეძებთ ინვესტორს, რომელიც თავის თავზე აიღებს ავიატერმინალის კომპლექსის, ასაფრენი და სამართავი ბილიკებისა და იმ ობიექტების ყველა ხარჯს, რაც წესით სახელმწიფოს საკისრებელია“, - განაცხადა ბჟანიამ.
სოხუმის აეროპორტის ფუნქციონირების აღდგენის საკითხი 2020 წლის ნოემბერში, სოჭში, ვლადიმერ პუტინისა და ასლან ბჟანიას შეხვედრაზე განიხილეს. მანამდე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლებას 4,5 მილიარდი რუბლი დასჭირდებოდა. აფხაზეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ აეროპორტის აღდგენის საპროექტო სამუშაოები 2022 წლის შემოდგომაზე მზად იქნებოდა.