მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“სპარსეთის ყურის ქვეყნებში ლურჯ მოცვზე მოთხოვნა იმაზე მეტია, ვიდრე ჩვენ ვაწარმოებთ” - "აგროლეინი"

624193babb235
სალომე ჭიპაშვილი
28.03.22 20:00
1297
„ჩვენი კომპანიისთვის რუსეთის ბაზარი პრიორიტეტული არასოდეს ყოფილა", - ამის შესახებ „აგროლეინის“ მმართველმა პარტნიორმა გიორგი ღვინიაშვილმა „საქმიან დილაში“ განაცხადა.

„ლოგისტიკის სიმარტივე იყო მიზეზი, რის გამოც ჩვენი პროდუქციის 40% რუსეთში გადიოდა. ასევე გადახდის კუთხით, რუსეთი ფულს ყოველთვის წინასწარ იხდის. მაგალითად, სპარსეთის ყურეში გადახდის პირობა 60 დღეა, რასაც ჩვენი ფერმერები შეჩვეულები არ არიან", - აღნიშნა გიორგი ღვინიაშვილმა.

მისივე თქმით, „აგროლეინი“ თავისი პროდუქციის 60%-ს სპარსეთის ყურის ქვეყნებში ყიდის და ამ მაჩვენებლის 80%-მდე გაზრდასაც გეგმავს.

„სპარსეთის ყურის რეგიონიდან მოცვზე მოთხოვნა გაცილებით მეტია, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია მივაწოდოთ. შარშან ჩვენმა მოსავალმა 150 ტონა შეადგინა, წელს 220 ტონას ვვარაუდობთ, რაც გვაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ჩვენი პროდუქციის ექსპორტი სპარსეთის ყურეში დაახლოებით 80% იქნება", - განაცხადა „აგროლეინის“ მმართველმა პარტნიორმა.

ღვინიაშვილის ინფორმაციითვე, სპარსეთის ყურეში მოცვის ღირებულება 7-დან 9 დოლარამდე მერყეობს და მიუხედავად ტრანსპორტირების სიძვირისა, იქ ყველა ქვეყანა თანაბარ პირობებშია, კონკურენციის გაწევა გაცილებით მარტივია და მოგების მარჟაც საინტერესოა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ლურჯი მოცვის წარმოების მოცულობა იზრდება. „აგროლეინის“ ინფორმაციით, 2021 წელს მოცვის ექსპორტის ჯამურმა მოცულობამ დაახლოებით 1000 ტონა შეადგინა, წელს კი ამ რიცხვის დაახლოებით 50%-ით გაზრდასაც ვარაუდობენ.

„მწარმოებლები მხოლოდ ნედლი პროდუქციის გატანაზე არ უნდა იყვნენ ორიენტირებული, რადგან ერთად ამხელა მოცულობის საექსპორტო ბაზრებზე რეალიზება შეუძლებელია. მოცვის გაყინვა, გადამუშავება და ა.შ. უნდა მოხდეს, რადგან გაყინული მოცვის ნებისმიერი მოცულობით გადატანა გაცილებით მარტივია.“- განაცხადა გიორგი ღვინიაშვილმა.

ცნობისთვის, „აგროლეინი“ ლურჯ მოცვს 2010 წლიდან აწარმოებს.