მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ევროპაში მოცვის ფასი გაცილებით სტაბილური და მაღალია, ვიდრე რუსეთში” - გიორგი ღვინიაშვილი

მოცვი

საქართველოში ლურჯის მოცვის წარმოებას არც თუ ისე დიდი ისტორია აქვს. მოცვის პირველი ნერგები ქვეყანაში 15 წლის წინ გამოჩნდა. თავიდან უცხოელი აგრონომები საკმაოდ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილი. ამბობდნენ, რომ კლიმატური პირობებისა და ნიადაგის გათვალისწინებით, ეს კულტურა საქართველოში ვერ გაიხარებდა. ამ ნაწილში პროგნოზები არ გამართლდა, ერთ-ერთი პირველი, ვინც ლურჯი მოცვი იმერეთის მიწასთან წარმატებით დაამეგობრა, კომპანია „აგროლეინია“. 2022 წელს საქართველოდან ექსპორტირებული მოცვის მოცულობამ 1 390 ტონას გადააჭარბა, პროდუქციის 89% რუსეთის ბაზარზე გავიდა. „აგროლეინის“ მიერ წარმოებული პროდუქცია კი, დარჩენილ 11%-შია. თუმცა იმის უარყოფა რომ რუსული ბაზარი განსაზღვრავს საქართველოში ლურჯი მოცვის ფასებს შეუძლებელია. 

როგორც “აგროლეინის” მმართველმა პარტნიორმა გიორგი ღვინიაშვილმა გადაცემა “საქმიან დილაში” სტუმრობისას აღნიშნა, საქართველოს ბაზარზე დაფიქსირებული ლურჯი მოცვის ფასი პირდაპირ დამოკიდებულია იმ ფასზე, რომელიც რუსეთში საბითუმო ბაზარზეა.

“პრაქტიკულად, მოსავლის 90% გადის რუსეთში, ხოლო ფასი, რომელიც ქართულ ბაზარზე ფიქსირდება, პირდაპირ არის დამოკიდებულია იმ ფასზე, რომელიც არის რუსეთში საბითუმო ბაზარზე. ის მომენტი, როდესაც საქართველოში წარმოებული მოცვი უფრო მეტია, ვიდრე მოთხოვნა რუსულ ბაზარზე, შესაბამისად  ფასი რუსულ ბაზარზე ვარდება.

სხვა ქვეყნებზე თუ ვლაპარაკობთ, მაგ ევროკავშირზე, ფასი დამოკიდებულია იმ მომენტში სხვადასხვა ქვეყნებიდან ევროპაში შესული მოცვის რაოდენობაზე. ევროპაში ფასი გაცილებით სტაბილური და მაღალია, ვიდრე რუსეთში”, - აღნიშნა მან.

ამასთან, გიორგი ღვინიაშვილმა მიმდინარე წელი შეაფასა და აღნიშნა, რომ წელს, გასულ წელთან შედარებით, გაცილებით უკეთესი სეზონი იყო.

“წელს გაცილებით უკეთესი ხარისხის მოცვი გვქონდა, ვიდრე შარშან, რადგან კლიმატურმა პირობებმა შეგვიწყო ხელი, მოსავლით ყველა ფერმერი კმაყოფილია, რაც შეეხება საექსპორტო ბაზარს, წელს პირველად, წარმატებით განვახორციელეთ ექსპორტი ევროკავშირში, კერძოდ პოლონეთში, ეს დასაწყისია ევროპაში ჩვენი წარმატებული ურთიერთობის”, - დასძინა მან.

ღვინიაშვილის თქმით, აუცილებელია ბაზრების დივერსიფიცირება და მოცემულობის ჩანაცვლება, რადგან ფასი, რომელიც ფერმერებს ევროკავშირში შეუძლიათ მიიღონ გაცილებით დიდია, ვიდრე რუსეთი სთავაზობს მათ.

“საქართველოში მოცვზე მოთხოვნა არის, იმისთვის, რომ ფერმერებმა ევროკავშირში გასვლა შეძლონ, პირველ რიგში სერტიფიცირება და შემდეგ ტვირთის კონსოლიდაციაა საჭირო. საქართველოში ძალიან ცოტაა დიდი მოცულობის პლანტაციები, რომელსაც ექსპორტის მოთხოვნის დაკმაყოფილება მხოლოდ საკუთარი ბაღიდან შეუძლიათ, შესაბამისად, ფერმერებისთვის აუცილებელია კოოპერაცია, რათა ერთად შეავსონ საექსპორტო მანქანები და გაგზავნონ ევროპაში. ფასი, რომელიც ევროკავშირში შეგვიძლია მივიღოთ გაცილებით მაღალია, ვიდრე რუსეთი გვთავაზობს”, - ამბობს ღვინიაშვილი.

საქართველოში არსებულ ბაღებზე საუბრისას, გიორგი ღვინიაშვილი აღნიშნავს, რომ დღეს საქართველოში საკმაოდ სწრაფი და დიდი ტემპებით ხორციელდება მოცვის ბაღების ე.წ. “გადახურვა”.

“დღეს საქართველოში საკმაოდ დიდი ტემპებით ხორციელდება მოცვის ბაღების ე.წ. “გადახურვა”, ანუ, 'ტუნელის" ტიპის კონსტრუქციების დადგმა, რომელიც იცავს პროდუქტს გარე ფაქტორებისგან და ხელს უწყობს პროდუქციის უფრო ადრე დამწიფებას. ეს საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ ბევრმა ფერმერმა წამოიწყო მსგავსი კონსტრუქციების დადგმა, მათ შორის ჩვენც - წელს საცდელად 1 ჰა გადავხურეთ, რითაც ძალიან კმაყოფილები დავრჩით”, - დასძინა მან.

მმართველი პარტნიორის თქმით, კომპანია „აგროლეინი” აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე და სურს, მომავალი წლიდან ექსპორტის წილი ევროპაში საგრძნობლად გაზარდოს.

“წელს კმაყოფილები ვართ, რომ ჩვენ ძირითად სამიზნე ქვეყნებში - გალფის ქვეყნებში, ფაქტობრივად, გავაორმაგეთ ექსპორტი და დავიწყეთ ახალ ქვეყნებში გასვლა, როგორიცაა საუდის არაბეთი და ბაჰრეინი, სადაც წელს პირველად გავედით, გალფის ქვეყნებში ძალიან მოსწონთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი, შესაბამისად, ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს”, - თქვა ღვინიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები