მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„UAE-ში ექსპორტით შეგვეძლება, გალფის ქვეყნებშიც გავიდეთ - საუბარია $1.5 ტრილიონიან ბაზარზე“ - რატი კოჭლამაზაშვილი.

6437c7109b059
სალომე ხიდურელი
13.04.23 23:34
672
საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის ვაჭრობა 2022 წელს სწრაფი ტემპით გაიზარდა. ექსპორტი 51%-ით, $31 მილიონამდე გაიზარდა, ხოლო იმპორტი 98%-ით - 283 მილიონ დოლარამდე. საკითხზე, თუ რატომ არის UAE-ს ბაზარი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი, BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილაში“ საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის მოადგილემ რატი კოჭლამაზაშვილმა ისაუბრა.

მისი განმარტებით, გაერთიანებული საამიროების ბაზარი სწრაფად მზარდი და მაღალ მსყიდველობითუნარიანია. გარდა ამისა, UAE-ს რეგულაციების დაკმაყოფილება საქართველოს ბაზრის დივერსიფიკაციისკენ უხსნის გზას.

„ეს არის ძალიან სწრაფად მზარდი ეკონომიკა, საკმაოდ გახსნილი და მრავალფეროვანი, მათ შორის ეთნიკურადაც, და საკმაოდ ახლოს არის ჩვენთან. შესაბამისად, რამდენიმე სარგებელი აქვს იმისთვის, რომ ქართველები დავინტერესდეთ ამ ბაზრით, მაღალ მსყიდველობითუნარიანია.

და როდესაც ვსაუბრობთ გაერთიანებულ საამიროებზე, არ უნდა დაგვავიწყდეს გალფის სხვა ქვეყნებიც, რომლებსაც UAE-ს მსგავსი რეგულაციები აქვთ, თუნდაც საკვების ექსპორტის შემთხვევაში და, შესაბამისად, ამ ბაზარზე შესვლით შეგვეძლება, საექსპორტო მიმართულებები გავაფართოოთ - საუბარია $1.5 ტრილიონიან ბაზარზე“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

წამყვანის კითხვაზე, რა რეგულაციების დაკმაყოფილება სჭირდებათ ქართულ ბიზნესებს იმისათვის, რომ გაერთიანებულ საამიროებში ექსპორტზე გავიდნენ, კოჭლამაზაშვილი აღნიშნავს, რომ UAE-ს განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს.

„ძირითადი რეგულაცია არის საერთაშორისო სერტიფიცირება. იქიდან გამომდინარე, რომ მაღალ მსყიდველობითუნარიანი ბაზარია, ხარისხსაც მაღალს ითხოვენ. სხვა განსაკუთრებული მოთხოვნები არ გააჩნია, თუ არ ვსაუბრობთ ხორცპროდუქტებზე, რომლებზეც "ჰალალის" სერტიფიკატია მოთხოვნილი და შესაბამისი სახელმწიფო უწყებების მიერ კონტროლდება - ეს სტანდარტია მუსლიმურ ქვეყნებში. როდესაც ვსაუბრობთ ხარისხის გაუმჯობესებაზე, სერტიფიცირებაზე, DCFTA-ზე - ევროკავშირს ყველაზე მაღალი სტანდარტები აქვს და თუ მას ვაკმაყოფილებთ, შეგვიძლია სხვადასხვა ქვეყანაში შესვლასა და ბარის დივერსიფიკაციაზე ვიფიქროთ“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი „საქმიან დილაში“ გალფის ქვეყნებთან საექსპორტო კავშირის დამყარებაში სახელმწიფოს როლზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უწყებებისა და საელჩოების ჩართულობა ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„რაც შეეხება გალფის ქვეყნებს, აქ მნიშვნელოვანია სახელმწიფო დონეზე უფრო მეტი კონტაქტები, იმიტომ რომ, როგორც გითხარით, არის მასერტიფიცირებელი ორგანოები, რომლებსაც სახელმწიფო აკონტროლებს და მნიშვნელოვანია, ნდობა იყოს მოპოვებული. ასევე მნიშვნელოვანია საელჩოების უკეთ მუშაობა. საერთაშორისო გამოფენები ძალიან კარგია, თუმცა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი. როგორც წესი, კიდევ უფრო მეტი ნდობის მოპოვება სჭირდება: ჩამოსვლა, ადგილზე ნახვა, მიწოდების ჯაჭვის შესწავლა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყება რეალური გარიგებები“, - ამბობს რატი კოჭლამაზაშვილი.

რაც შეეხება თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას, ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ ის ერთი მხრივ, საექსპორტო ტარიფებს შეამცირებს და, მეორე მხრივ, საქართველოსთვის გახსნის კარს, რომ ბიზნეს ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს.

ცნობისთვის, საქართველოსა და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები რამდენიმე დღის წინ დასრულდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები