16.ოქტომბერი .2021 20:44

სპეციალიზებული დეპოზიტარი არის საპენსიო სააგენტოს “სეიფი” - სააგენტოს დირექტორი

სპეციალიზებული დეპოზიტარი არის საპენსიო სააგენტოს “სეიფი” - სააგენტოს დირექტორი
views 393
უკან

საპენსიო სააგენტოს დირექტორმა გიორგი დანელიამ გადაცემა BMG Drive-ის ეთერში სააგენტოს მიერ “საქართველოს ბანკთან” სპეციალიზებული დეპოზიტარის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სპეციალიზებულ დეპოზიტარი სააგენტოსთვის “სეიფის” ფუნქციას ასრულებს, ამასთან ხელშეკრულების გაფორმების შედეგად, საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო სამსახურს ახალ ფინანსურ აქტივებში ინვესტირების შესაძლებლობა მიეცემა.

“სპეციალიზებული დეპოზიტარი წარმოადგენს ნდობით აღჭურვილ პირს, რომელიც რეგულირდება ეროვნული ბანკის მიერ. მას აქვს მკაფიოდ გაწერილი მოვალეობები, რითიც სეიფის ანალოგი შეიძლება ეწოდოს.

შერჩევის პროცესი საკმაოდ გრძელი და კომპლექსური იყო. თავად ხელშეკრულებაზე მუშაობისასაც უამრავი დეტალი იყო გასათვალისწინებელი და ამაში ბუნებრივია ჩართული იყო ეროვნული ბანკიც, რადგან ის არეგულირებს დეპოზიტარის საქმიანობას. მას შემდეგ რაც მოვაწერეთ ხელი დეპოზიტართან, ჩვენს საინვესტიციო სამსახურს მიეცა მეტი მოქნილობა, რომ პირველ რიგში პორტფელის დივერსიფიცირება მოახდინოს,”-ამბობს გიორგი დანელია.

მთლიანობაში საპენსიო სისტემაში სულ 1,166,737 მოქალაქე მონაწილეობს და მათ მიერ მიღებული ყოველთვიური ხელფასის 6% საპენსიო სააგენტოში ირიცხება. არსებული მდგომარეობით, საპენსიო ფონდის აქტივები 1.77 მილიარდ ლარს აჭარბებს.

საპენსიო სააგენტომ სპეციალიზებული დეპოზიტარის შერჩევისთვის ტენდერი 2020 წლის იანვარში გამოაცხადა, თუმცა კანდიდატის შერჩევას და მასთან კონტრაქტის ხელმოწერას წელიწადი და 10 თვე დასჭირდა.

საპენსიო დანაზოები ამჟამად 8 კომერციული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანგარიშებზე, ასევე სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე არის განთავსებული. ამ აქტივებს უკანასკნელი მონაცემებით, ჯამში 11%-ის საპროცენტო სარგებელი ერიცხება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა