მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სპეციალური მმართველი კომპანიის წილებს ვეღარ გაასხვისებს - რა დათმობაზე მიდის ბექაურის უწყება?

5f09d31c92a69
ელენე გოგბერაშვილი
11.07.20 18:51
1509
დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტში გუშინდელი ხმაურიანი განხილვის შემდეგ დღეს ცნობილი ხდება, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონპროექტში“ ცვლილებები შევა. შესაბამისი გადაწყვეტილება კომუნიკაციების სექტორის, მარეგულირებლისა და დარგობრივი კომიტეტის ხელმძღვანელს შორის ცოტა ხნის წინ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს.

მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ეხება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანას, რომლითაც კომუნიკაციების კომისიას შესაძლებლობა ეძლევა კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს და ამ ნაბიჯით საკუთარი გადაწყვეტილებების აღსრულება უზრუნველყოს. სპეციალურ მმართველს კი საკმაოდ დიდი უფლებამოსილებები ენიჭება, მათ შორის შესაძლებელი ხდება კომპანიის წილებისა და აქციების გახსვისება აუქციონის წესით.

კანონპროექტში სავარაუდოდ, სწორედ ეს მუხლი შეიცვლება და სპეც მმართველს კომპანიის აქტივების გასხვისების უფლება აღარ ექნება, თუმცა კანონპროექტის არსებულ რედაქციაში კვლავ შენარჩუნებულია მუხლი, რომელიც კომპანიებში სპეც მმართველის დანიშვნას გულისხმობს. ეს არის ინიცირებულ კანონპროექტში ერთ-ერთი პუნქტი, რასაც ბიზნესი არ ეთანხმება.

„ვფიქრობ, გარკვეული შესუსტება მოხდა კანონმდებლობის. რედაქციაში გარკვეული ცვლილებები შევა. ჩვენ გვინდა, რომ მას კიდევ ერთხელ გადავხედოთ და იურისტებმა და კომპანიებმა თავიანთი აზრი კიდევ ერთხელ დააფიქსირონ“-განაცხადა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

კომპანია მაგთიკომის მეწილის ირაკლი რუხაძის შეფასებით, სპეც მმართველის დანიშვნა კომპანიებისთვის კატასტროფაა.

„ამოიღეს გასხვისების უფლება ანუ წილის გასხვისება არ შეუძლიათ, მაგრამ დატოვეს დროებითი მმართველის შეყვანა, რასაც მაინც აქვს საკმაოდ ფართო დიაპაზონი იმ წინაპირობებისა, რომლის გამოც შეიძლება შეიყვანონ და ეს არ მომწონს. მმართველის შეყვანა კატასტროფაა რა თქმა უნდა, კომპანიისთვის“-ამბობს რუხაძე.

„გავაკეთეთ შეთავაზება, რომ დროებითი მმართველი თუ ვერ აღასრულებს კომისიის გადაწყვეტილებას იმ ვადაში რა ვადაც მოცემულია კანონპროექტში, ეს ვადა მოვხსნათ და დავტოვოთ მანამ, სანამ აღსრულდება კომისიის გადაწყვეტილება, მაგრამ მას გამოვართვათ უფლება არ ჰქონდეთ კანონით გათვალისიწნებული უფლება, წილი ან კომპანიის აქტივები გაასხვისოს“-განაცხადა კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა.

საკომიტეტო განხილვამდე სავარაუდოდ კიდევ ერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართება. დაკორექტორებული კანონპროექტი ბიზნესს დღეს ან ხვალ გადაეგზავნება.