მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

#Spendyoursummeringeorgia-ს მეშვეობით, იაპონელი ტურისტები საქართველოში მოგზაურობას გეგმავენ

60dcaded96f6a
მარიამ ადამია
01.07.21 00:00
706
სოციალური კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“, იგივე #spendyoursummeringeorgia, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა, უკვე ორი წლისაა. როგორც მისმა ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, მარიამ გუჯაბიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ აღნიშნა, მთავარი მიზანი, რომ შექმნილიყო საინფორმაციო ჰაბი, სადაც საქართველო ტურისტულად საინტერესო ქვეყნად დაპოზიციონირდებოდა და ჩამოიყვანდა მეტ უცხოელ ტურისტს, უკვე მიღწეულია.

„ჩვენ რეალურად არ გავჩერებულვართ ამ ორი წლის განმავლობაში და ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ პლატფორმა სოციალურ ქსელში, რადგან ჩვენ ძალიან ბევრი გზით ვცდილობთ საქართველოს პოპულარიზაციას. სწორედ ახლახან დასრულდა 88-დღიანი კამპანია იაპონიის საელჩოსთან, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს წარმოჩენას და გაცნობას იაპონელებისთვის. ანუ ჩვენ იაპონიის საელჩოს მეშვეობით გაგვქონდა ჯგუფიდან ინფორმაცია და ასე ჯგუფის წევრებს მივეცით შესაძლებლობა, რომ გაზიარებული კონტენტის მეშვეობით წარდგენილიყვნენ უცხო ქვეყნის მოქალაქეების წინაშე და საქართველოს პოპულარიზაციასაც შევუწყვეთ ხელი,“ - აღნიშნა მარიამ გუჯაბიძემ.

სოციალური კამპანიის ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმით, პროექტის ფარგლებში ჯგუფის მიმართ დაინტერესება გაორმაგდა და ათასობით პოსტი იდეებოდა ყოველდღიურად, ადამიანები აზიარებდნენ რეგიონების, უცნობი და საინტერესო ადგილების შესახებ საქართველოში და შემდეგ ხდებოდა ამ კონტენტის გადატვირთვა იაპონიის საელჩოს ვებ-გვერდზე.

„შედეგად, ფეისბუკ-ჯგუფს ათასობით იაპონელი მომხმარებელი დაემატა, რომლებიც გეგმავენ და განიხილავენ საქართველოში ჩამოსვლისა და მოგზაურობის გზებს. ვფიქრობთ, ასეთი მიდგომა და ჩართულობა მნიშვნელოვანია განსაკუთრებით, პანდემიის დროს, როდესაც მიზნობრივად, სეგმენტურად ვაინტერესებთ და ვიზიდავთ ტურისტებს ქვეყანაში, მითუმეტეს მაღალგადახდისუნარიანებს. ასე რომ ქვეყანაში ველოდებით უკვე იაპონელ ტურისტებს,“ - განაცხადა მარიამ გუჯაბიძემ.

შეგახსენებთ, უკვე მეორე წელია სოციალური კამპანია, რომელიც ქვეყნის ტურისტული იმიჯის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად შეიქმნა, აქტუალობას არ კარგავს. "ზუსტად ორი წლის წინ, რუსეთის მხრიდან, საქართველოსთვის ტურისტული ემბარგოს დაწესების შედეგად გამოწვეული პრობლემებისა და დანაკარგების ფონზე გავერთიანდით და დავანახეთ მსოფლიოს რომ ძალა ერთობაშია, რომ საქართველო უსაფრთხო ტურისტული მიმართულებაა და მოვუწოდებდით საერთაშორისო ბაზარს, რომ “პუტინის ყველაზე საძულველ ქვეყანაში” ქართული სტუმართმოყვარეობის გასაზიარებლად ჩამოსულიყვნენ. დღეს პლატფორის მეშვეობით სტუმრებს არა ხოლოდ ზაფხულის პერიოდში, არამედ წელიწადის ყველა სეზონზე ვეპატიჟებით და სახელიც შესაბამისად დაკორექტირდა - #Spend4seasonsinGeorgia", - ამბობენ სოციალური კამპანიის ავტორები.