იაპონიის ხელისუფლება ფუჯის მთაზე რკინიგზის მოწყობა განიხილავს, რამაც, მათი შეფასებით, ქვეყნის ყველაზე ხშირად მონახულებადი დანიშნულება ტურისტებისგან უნდა განტვირთოს. დღეს, ფუჯის მთის მომნახულებლები, ყველაზე დიდი კონცენტრაციით, ფუჯი სუბარუს მეხუთე სადგურზე იკრიბებიან, რომელიც ზღვის დონიდან 2300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ეს დანიშნულება იმდენად ხალხმრავალია, რომ 2019 წელს, ანუ უკანასკნელი მონაცემებით, ამ ადგილს, წლიურად, ხუთ მილიონი ადამიანი სტუმრობს. თუმცა, როგორც იაპონიის მთავრობაში ფიქრობენ, მთავარ პრობლემას წარმოადგენს არა ადამიანების, არამედ ავტობუსების ტრაფიკი.
იაპონიაში ფიქრობენ, რომ მთაზე რკინიგზის მოწყობით, ფუჯის მთის, როგორც ტურისტული ლოკაციის გარშემო არსებული ეკონომიკა უფრო მდგრადი გახდება. როგორც ირკვევა, მატარებლის ორი გზის ბილეთი დაახლოებით $68 ეღირება, ანუ მთაზე ასვლა მსურველებს ხუთჯერ უფრო ძვირი დაუჯდებათ. მატარებლის გაშვების შემდეგ, ცხადია, ავტომობილებით და ავტობუსებით ასვლა აიკრძალება. ვულკანის ტერიტორიაზე, სადაც ახლა რამდენიმე რესტორანი და მაღაზია არის განთვსებული, შესაძლოა, სასტუმროც აშენდეს.
“ფუჯის მთამ შარმი დაკარგა”, - განაცხადა იამანაშის პრეფექტურის წარმომადგენელმა მასატაკე უზიმიმ, ვინც ამ პროექტს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ათასობით ავტომობილი, რომელიც ტურისტული სეზონის პიკში მთის ტერიტორიაზე გროვდება, ფუჯის მთას ტვირთავს, როგორც პირდაპირი გაგებით, ანუ ადგილის მხრივ, არამედ ესთეტიკურადაც. ამასთან, გადატვირთულია პარკინგი, რესტორანი და ტუალეტებიც.
კონკრეტულად რა სარგებელი მიადგება ამ გადაწყვეტილებით ფუჯის მთის ეკოსისტემას, დათვლილი არ არის, მაგრამ იაპონიის მიწის, ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტისა და ტურიზმის სამინისტროს ინფორმაციით, თუ მატარებლის შემთხვევაში, მგზავრ-კილომეტრის გამონაბოლქვი 17 გრამს უდრის, ავტობუსის შემთხვევაში ის 57 გრამს უდრის, ავტომობილის შემთხვევაში კი, საერთოდ - 130 გრამს.